რეზონანსი
(19.09.2021)


აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი პანდემის დასრულების სავარაუდო თარიღს ასახელებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ამ პროგნოზის გამართლების 100%-იანი გარანტია არ არსებობს. რამდენად ზუსტია ფაუჩის ვარაუდი და რატომ არ გამართლდა სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აქამდე გაკეთებული არც ერთი მსგავსი პროგნოზი?

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. თუმცა, მისი თქმით, თავის დროზე კორონავირუსის „დელტა“ შტამის გამოჩენამ ასეთი პროგნოზები უსარგებლო გახადა და გამორიცხული არაა, ამ შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი მოხდეს.

„იმედია, პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ „დელტა“ ვარიანტის შემდეგ არანაირი გარანტია არ არსებობს“, - ამის შესახებ ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში პანდემიის დასრულების რამდენიმე პროგნოზი გაკეთდა, სადაც მკვლევარები ზუსტ ან მიახლოებით თარიღებს ასახელებდნენ. 

საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამავე წელს სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა კოვიდ პანდემიის დასრულების შესახებ, სადაც პანდემიის დასრულების ზუსტ თარიღს ქვეყნების მიხედვით  ასახელებდნენ. კვლევაში წერდნენ, რომ საქართველოში პანდემია, მაქსიმუმ, 2020 წლის 28 ივლისს დასრულდებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა.

კოვიდ პანდემიის დასრულების თარიღთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ტედროს გებრეიესუსი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „კოვიდი მაშინ დასრულდება, როცა ამას  მსოფლიო გადაწყვეტს“.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მან დამატებით განაცხადა: „ხშირ ტესტირებას, უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ინტენსიურ მკურნალობას მათთვის, ვინც ყველაზე ცუდადაა. რაც უფრო მეტი ადამიანი, თუნდაც ვაქცინირებული, ატარებს პირბადეს და შეინარჩუნებს სოციალურ დისტანციას, დროულად ჩაიტარებს ტესტირებას, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ვირუსი, ვაქცინაცია კი წამოეწევა გავრცელების ტემპს“.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიის დასრულების სავარაუდო ვადების განსაზღვრა საკმაოდ რთულია და ეს ცალკეული ქვეყნებისათვის ცალ-ცალკე უნდა ხდებოდეს.

„ეს პროგნოზი ქვეყნებზე ინდივიდუალურად უნდა გაკეთდეს და საქართველოზე ამ პროგნოზის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა“, - განუცხადა ხმალაძემ „რეზონანსს“. 

მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს და არც ფაუჩის პროგნოზს მიიჩნევს საქართველოში გამართლებულ ვარიანტად. 

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმ სასურველ, ვაქცინირებულთა  რაოდენობას, რაც პროგნოზების გაკეთების საშუალებას მოგვცემდა. გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი და ვაქცინის დღითი დღე  ნაკლები მსურველი, სამწუხაროდ,  მაძლევს მიზეზს, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით პროგნოზისგან თავი შევიკავო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ირაკლი ხმალაძემ.

ხატია ბერიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე