ელზა პაპოშვილი
(16.09.2021)


ვენდეტას შეწირული ახალგაზრდა? - შუაგულ თბილისში ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით  22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს, რომელიც ცნობილი კანონიერი ქურდისს გია კვარაცხელიას შვილია. ის გამთენიისას  საავადმყოფოში დაიღუპა. 

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია,  თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიება ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად მამაზე შურისძიებას განიხილავდეს. ახალგაზრდა შესაძლოა კრიმინალურ სამყაროს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. ქილერმა მას 9 ტყვია  ესროლა და ადგილიდან მიიმალა. პოლიცია კი მას ამ დრომდე ქვეყნის  მასშტაბით ეძებს. 

მას თავს 16 სექტემბერს ვერაზე  დღის 4 საათზე თავს  დაესხნენ. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა  გაიგონეს. გარეთ გამოსულებს კი ავტომობილთან წაქცეული ახალგაზდა ბიჭი დახვდათ. ის გონზე იყო და მათთან კომუნიკაცია შეძლო. ბიჭმა ადგილობრივებს უთხრა, რომ მას თავს ერთი მამაკაცი დაესხა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომობილიდან გადმოსვლის დროს ესროლა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ითხოვდა. ბიჭს ჭრილობები რამდენიმე ადგილას ჰქონდა მიყენებული და ავტომობილიც დაცხრილული იყო. ის საავადმყოფოში თვითმხილველმა საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა. მის გადარჩენას მედიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მას ყველა ორგანო თითქმის დაზიანებული ჰქონდა და დაიღუპა.  

ახალგაზრდა მონაკოში სწავლობდა და ბიზნესპროექტებზე მუშაობდა. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მას კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია. გამორჩეულად წესიერი და განათლებული ახალგაზრად იყო.   

„ოფისში ვმუშაობდი და გასროლიდან ერთ წუთში თითქმის გარეთ გამოვვარდი. ავტომობილთან წაქცეული ახალგაზრდა ბიჭი დავინახე. მასთან მივედი და ვნახე, რომ დაჭრილი იყო. როგორც ვიცი, აქ ქირით ცხოვრობდა. წარმოშობით წალენჯიხიდან იყო. რომ მივედი, გონზე იყო და საუბრობდა. მითხრა, არ იცის თავს ვინ და რატომ დაესხა. სახელი და გვარი მითხრა და მთხოვა, სასწრაფო გამომეძახა. მერე ხალხიც მოგროვდა და მათ ესაუბრებოდათ. გადავწყვიტეთ სასწრაფოს არ დავლოდებოდით და დაჭრილის ავტომობილითვე საავადმყოფოში გადავიყვანეთ. როგორც ჩანს, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს ესროლა. ის ავტომობილის ღია კართან   იწვა. მანქანაც დაცხრილული იყო. მხოლოდ მერე გავიგეთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას შვილი იყო. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, თუ იცნო ვინ ესროლა არ დამალავდა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

 ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა. მოკლული მამაკაცი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟია. გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

გია კვარაცხელია ე.წ. კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა „მონათლეს“.

კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც სტამბულში ცხოვრობს. ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა „კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან. ახლა კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს შეეწირა თუ არა 22 წლის ახალგაზრდა კრიმინალურ გარჩევას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე