“როგორც ჩანს გულის შეტევა დაემართა - ამის დამნახავი ბიჭები გაიქცნენ და მოტაცების სცენაც ჩაიშალა”
ელზა პაპოშვილი
(15.09.2021)


მარნეულის ცენტრში ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის მამაკაცმა გოგონას მოტაცება სცადა - ის დედასთან  და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ავტომობილიდან რამდენიმე  ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და გოგონას ძალით წაყვანა სცადა. ამ დროს კი ქალის ბებია მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. შეშინებულმა ახალგაზრდებმა ტერიტორია დატოვეს, თუმცა ქალის ბებია, სავარაუდოდ, გულის შეტევით ადგილზევე დაიღუპა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ირკვევა, რომ ოჯახი გოგოს გათხოვების წინააღმდეგი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გოგონა ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ გულგრილი არ არის და ის აცახდებს, რომ საკუთარი ნებით მიჰყვებოდა. სავარაუდოდ, რადგანაც ოჯახი აღნიშნულ მამაკაცზე მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო, მათ გატაცების ინსცენირება გადაწყვიტეს. 

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, თავად გოგომ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა არ ყოფილა და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მამაკაცს ცოლად საკუთარი ნებით მიყვებოდა.  

მარნეულის პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. საგამოძიებო უწყებამ ყველა ის პირი გამოკითხა, რომელსაც მომხდარ ინციდენტთან კავშირი აქვს. მიმდინარეობს გამოძიება. 

„როგორც ვიცით გოგოს ოჯახი ამ ბიჭზე გათხოვების წინააღმდეგი იყო. არ ვიცით რას უწუნებდნენ, მაგრამ, არ უნდოდათ, რომ მას გაყოლოდა. როგორც ჩანს ერთმანეთი ორივეს უყვართ და ოჯახის წინააღმდეგობის  მიუხედავად გათხოვება უნდოდა. 

“ამიტომ, მოტაცების ინსცენირება გადაწყვიტეს. გოგონა მარნეულის ცენტრში ბებიასთან და დედასთან ერთად იყო. ავტომობილიდან ახალგაზრდა ბიჭები გადმოვიდნენ, დედას გოგო ხელიდან გასტაცეს და ავტომობილში სვამდნენ. 

“ამის გამო ბებია მოულოდნელად ემოციის გამო გადავარდა. როგორც ჩანს გულის შეტევა დაემართა. ამის დანახვისას კი ბიჭები გაიქცნენ და მოტაცების სცენაც ჩაიშალა. სასწრაფო გამოიძახეს და მოხუცი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციას გოგონამ უთხრა, რომ მას კი არ იტაცებდნენ, საკუთარი სურვილით მიჰყვებოდათ. ოჯახი რადგანაც მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო, მათ ეს სცენარი გაითამაშეს“,-უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსს“.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე