ელზა პაპოშვილი
(14.09.2021)


განსხვავებული მუსიკალური გემოვნების გამო დაწყებული ჩხუბი სამი არასრულწლოვნის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე ორშაბათს საღამოს მოხდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, სისხლში ამოსვრილი სამი მოზარდი მიწაზე იწვა და შველას ითხოვდა.

დაპირისპირების მონაწილეები 13-დან 15 წლამდე მოზარდები არიან. დაზარალებულებს ჭრილობები გულმკერდის, წელისა და ბარძაყის არეში დანით აქვთ მიყენებული. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულ მოზარდებების ორ ჯგუფს შორის კამათი და დაპირისპირება ჯერ სოციალურ ქსელში დაიწყო. შემდეგ მათ შეხვედრა და ურთიერთობის გარკვევა გადაწყვიტეს.

7 ახალგაზრდა სადგურის მოედანზე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს. სანამ გამვლელებმა მათი გაშველება მოახერხეს, მათ ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.

„დავინახე დასისხლიანებული ბავშვები. დახმარებას ითხოვდნენ და ხალხი მათ საშველად გარბოდა. მივედი და დავინახე სისხლში ამოსვრილი სამი ასე 13-15 წლის ბავშვი. თქვეეს, რომ სამივე მათგანი ე.წ. სპიცით იყვნენ დაჭრილები. ერთს გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა, მეორეს ბარძაყში და მესამეს წელში არეში. დამნაშავე კი გაქცეული იყო.

„ჩხუბი სოციალურ ქსელში მუსიკის გამო მოსვლიათ. ამის შემდეგ კი პირისპირ საქმის გარჩევა გადაწყვიტეს. სადგურის მოედანზე შეხვდნენ და ყველაფერი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და პოლიციაც მალევე მოჰყვა“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი.

იაშვილში კი აცხადებენ, რომ სამივე არასრუწლოვნის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება. 

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის მიერ სამი არასრულწლოვანია შემოყვანილი, 15, 15 და 13 წლის ბიჭები, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების საფუძველზეა მიღებული. ამ ეტაპზე ჭრილობები შეფასდა როგორც ზედაპირული და ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებენ. პირველადი დახმარება გაწეიათ გადაუდებელ დეპარტამენტში და შემდგომი მონიტორინგის და კვლევის მიზნით, დაკვირვებას გააგრძელებენ სტაციონარში,“ - აცხადებს საავადმყოფოს წარმომადგენელი.

შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ის 14 წლის მოზარდი აღმოჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე