თეონა ვეშაგური
(04.08.2021)


ხელისუფლების წარმომადგენლები ვანდალიზმის მომრავლებულ ინციდენტებზე საუბრობენ - თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ვანდალიზმის ჩამდენი პირები, ხშირად მოზარდები არიან. მსგავს ძალადობრივ ქმედებებზე ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რაც ხდება, უკვე ქაოსია, მოსახლეობაში გაუფასურებულია ზნეობრივი ღირებულებები.

„ქალაქში დაფიქსირებულია ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ის რასაც ვაკეთებთ, მაგალითად ახალ სკვერებს, პარკებს და სხვადასხვა ინფრასრუქტურულ პროექტებს, ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობისთვის კეთდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ ფაქტებს ვხვდებით და საკმაოდ მრავლად.

"როგორც იცით 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დაზიანებულია. ძეგლს სათვალე მოპარეს. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ.

"რთულია ეს ყველაფერი შეაფასო და კიდევ უფრო რთულია იმ ყველაფრის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმს მოზარდები სჩადიან, მათ აგრესიულ ქცევას - ვანდალიზმს კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ.

"ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობისთვის, ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს, რათა შემდგომ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობამ გამოიყენოს", - განაცხადა კალაძემ.

ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა თვლის, რომ: „ ყველაფერი რაც ახლა ხდება, გამოწვეულია პიროვნებათა შორის საკუთარი თავის მნიშვნელობის დაკარგვით, მათ შორის მოზარდებშიც ეს არის დესტრუქციული ქცევის საფუძველი, ისევე, როგორც, ღირებულებების გაუფასურება, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში ტრიალებს.

„მოსახლეობა ცხოვრობს გაუფასურებული ღირებულებებით. ბოროტებას სიკეთე დაერქვა, სიკეთე კი მარცხდება. ავს, ავი აღარ ქვია და კარგს კარგი. ყველაზე სამწუხარო ფაქტს კი ის წარმოადგენს, რომ კანონი უძლური გახდა" - განაცხადა ჩაჩუამ

ფსიქოლოგმა ყურადღება პრობლემის გადაჭრის გზებზეც გაამახვილა. „სიტუაციის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან გონს მოსვლა და ცხოვრების წესის შეცვლა. თუ საზოგადოებრივი ცხოვრება არა არის შესაბამისი იმ ფასეულობებთან, რითაც ადამიანი ღებულობს საკუთარ თავს, მხოლოდ აღზრდის მეთოდიები უძლური იქნება. სკოლის პროგრამები, ოჯახში აღზრდის მეთოდი, ეს ყველაფერი არის მხოლოდ ღონისზიებები.

„ჭაობში ბაქტერიებია, ბაქტერიებით სავსე გარემოში კი სუფთა ვერაფერი განვითარდება. პრობლემის გადაჭრის გზა ჯერ საზოგადოების მენტალობის შეცვლაა უკეთესობისკენ, რათა საღად მოაზროვნე თაობების აღზრდა იყოს შესაძლებელი.

„პრობლემას წარმოადგენს მასმედიაც, რომელიც ამ საკითხში პირველ ადგილზე შეიძლება დავაყენოთ - ყველანაირი უარყოფითის ტირაჟირებით.

"წახალისებულია აგრესია, ბილწსიტყვაობა სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები, ყალბი ამბების საშუალებებით. შეიძლება, რომ არ არსებობდეს კანონი ცილისწამებაზე ჟურნალისტის მხრიდან?

"ეს დანაშულია თავად იმ მოზარდების მიმართ, რომლებიც თვალს ადევნებენ ამ ყველაფერს და ექცევიან ზეგავლენის ქვეშ. გარკვეული ჩარჩო ყველას სჭირდება, ბიოლოგიური სამყაროს კანონია ეს და მითუმეტეს ადამიანებისათვის.

„თუ ზნეობრივი ნორმა წაიშალა, მაშინ კანონი უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ რა ხდება? დავარღვიე კანონი და რომელიმე პარტიას წარმოვადგენ, იქმნება აჟიოტაჟი, რომ ეს პარტია იჩაგრება ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ქაოსი, ეს აღარ არის საზოგადოება, ეს უკვე ჭაობია" - ამბობს ფსიქოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე