თეონა ვეშაგური
(03.08.2021)


ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის პროცესის განზრახ შეფერხების შესახებ საუბრობენ საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ვაქცინაციას ეწინაარმდეგება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეჭვი აქვთ, რომ ამან ე.წ. ანტივაქსერთა მხრიდან უკვე კამპანიის სახე მიიღო - როდესაც ადამიანები აცრაზე რეგისტრირდებიან, თუმცა ასაცრელად აღარ მიდიან,

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კონკრეტული ციფრებიც დაასახელა.

„დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8%-ს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა.

„მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო.

„ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი - რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, „სინოფარმზე" და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე".

„დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე", ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე" - 17 791, „სინოფარმზე" - 79 523, „სინოვაკზე" - 73 749", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა აჩენს ეჭვს ადგილების ხელოვნურად დაკავების შესახებ, რათა სხვა მსურველმა ვერ მოახერხოს დარეგისტრირება ვაქცინის მისაღებად.

„ვთქვათ, „სინოფარმის" გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი" უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა. კი, ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე" რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება", - განაცხადა პაატა იმნაძემ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევებიდ დიდი რაოდენობა მხოლოდ შიშით ვერ აიხსნება.

„ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა", - განაცხადა იმნაძემ.

მის ეჭვს ასევე ამყარებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებები, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცეის ჩაშლისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქში" ასეთ რამეს წერს:

„მოკლედ, არც ისე ცოტა ვართ ეგრეთ წოდებული „ანტივაქსერები". მეტიც, უმრავლესობა ჩვენ ვართ. თუ გვინდა, რომ ბავშვები და სტუდენტები გადავარჩინოთ, დავჯავშნოთ ეს 500 000 დოზა ვაქცინა. გაუქმება შესაძლებელია დანიშნულ დღეს, შემდეგ ისევ ჯავშანი. დრო უნდა მოვიგოთ ხალხის ინფორმირებისთვის. სხვა გზა არაა.

„ამ განცხადებისთვის თუ „დამხვრეტენ", ესე იგი რასაც ეს დღეებია ვაცხადებ, 100%-ით მართალია." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ვითარებას ეპიდემიოლოგები კრიტიკულად აფასებენ და მსგავს ქმედებებს კრიმინალურსაც კი უწოდებენ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

„ჩვენ ვართ მცირე ერი და შესაძლოა ფატალური შედეგების წინაშე დავდგეთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ვაქცინა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა მოქალაქეების დასაცავადაც.

„აღარ არის მსგავს სისულელეებზე ფიქრის დრო. მოსახლეობამ ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს რომელ ვაქცოინაზე გააკეთოს არჩევანი.

„რაც შეეხება იმ ანტივაქსერულ განცხადებებს, რომლებიც პირადად მეც შემხვედრია სოციალურ ქსელში, ეს არის სრული აფსურდი. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოიმოქმედო. შესაძლოა შენ არ გინდა აცრა და ნუ აიცრები, მაგრამ სხვებს რომ გინდა თავს მოახვიო შენი აზრი და დაარწმუნო იმის სისწორეში, რაც არასწორია, ეს არის დანაშაული", - ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი აზრით, ადგილის დაჯავშნის შემდეგ აცრაზე არგამოცხადების შემთხვევებში კონკრეტული მოქალაქეების მოტივის დადგენა რთული არ უნდა იყოს.

„როდესაც ვაქცინაზე მოქალაქე რეგისტრირდება, ფიქსირდება მისი მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომერიც. როდესაც ჯავშნის გაუქმებებას მასიური სახე აქვს, ამის მიზეზის დადგენა მარტივია.

„ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები ამ საკითხით და თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდა, დამნაშავეებმა პასუხი აგონ. შესაძლოა არ გინდა აცრა და არავინ გაძალებს, მაგრამ სხვას რომ ხელს უშლი რეგისტრაციაში, ეს უკვე კრიმინალია", - ამბობს ხმალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე