თეონა ვეშაგური
(30.07.2021)


 პანდემიას დავამარცხებთ, თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, და ეს ტემპი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორი ამირან გამყრელიძე.

„თუ ჩვენ თითო თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ, ანუ 3 თვეში 3 მილიონს, პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ. შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 000 აცრა ყოველ თვეში. მესამე, შედარებით მოკრძალებული სამიზნე გახლავთ 600 000 აცრა, 3 თვის განმავლობაში. მომდევნო სამი თვე ეპიდემიის დასამარცხებლად კრიტიკულია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა დასრულების შემდეგ.

„ყველას გთხოვთ, დღეს არის საშუალება ქვეყანაში აცრების ინტენსიურად ჩატარებისა, მუშაობს 161 დაწესებულება 380 ამცრელი ბრიგადით, გუშინ ღამით დაემატა 26 ამცრელი ბრიგადა. დღეს ქვეყანაში ორ მილიონამდე სხვადასხვა ვაქცინა დევს, ჩვენი თხოვნაა, რაც შეიძლება ინტენსიურად მივაკითხოთ ამცრელ ბრიგადებს," - განაცხადა გამყრელიძემ.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

„თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან ერენემის ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის ფაიზერზე შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან ასტრაზენეკა. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ ასტრაზენეკა ან ფაიზერი," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება - ანაფილაქსიური შოკი. მან ასევე დააზუსტა, რომ ალერგიულ ჩვენებად არ განიხილება მომატებული ტემპერატურა ან სხვა რეაქციები. ასევე გამონაკლისად ითვლება ასტრაზენეკას შემთხვევაში თრომბოემბოლიური გართულებაც, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა:

„ჩვენთან საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება ასტრაზენეკას პირველ დოზაზე, რა თქმა უნდა, აქაც ვერ მოხდება იგივე ვაქცინის დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური გართულება არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე სულ 2-3 შემთხვევაა, რომელზეც საბოლოო დასკვნას ჩვენ დოკუმენტურად გავაფორმებთ და პაციენტებს და მათ მკურნალ ექიმებს გადავუგზავნით," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რაც შეხება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას, მან აღნიშნა, რომ რეგიონებში უკვე დაიწყო სოფლის ამბულატორიებში ვაქცინაცია. მომდევნო კვირიდან კი ისევ დაემატება 8-9 ამბულატორია. ხოლო ფაიზერის ვაქცინით ამბულატორიებში ვაქცინაცია დაიწება მომდევნო კვირებში.

როგორც თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მომდევნო კვირიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდნენ ვირტუალურ კაბინეტებში, ადგილზე დარეგისტრირდნენ და იქვე აირჩიონ ვაქცინის ტიპიც.

„აღმოჩნდა, რომ ვაქცინებზე რეგისტრაციის სისტემა გარკვეულწილად ადმინისტრაციული ბარიერია მოქალაქეებისთვის. მათ ურჩევნიათ მივიდნენ პირდაპირ და ცოცხალ რიგში ჩადგნენ ვაქცინაზე. ამისი შესაძლებლობა კი, უკვე ყველა დაწესებულებას ექნება მომდევნო კვირიდან. გააქტიურდება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იქვე დარეგისტრირდნენ. ეს ეხება ყველა ვაქცინას. აქამდე ეს შესაძლებლობა იყო სინოფარმსა და სინოვაკზე, ახლა კი ეს გავრცელდება ნებისმიერ ვაქცინაზე.

რაც შეეხება დიდ სამედიცინო დაწესებულებებთან დადგმულ კარვებს, ეს გახლავთ მოსაცდელი, რომელსაც უამინდობის დროს გამოვიყენებთ. შიგნით კონდინცირების სისტემაც მოეწყობა იმისათვის, რომ სიცხეშიც კომფორტული იყოს იქ მოცდა," - აცხადებს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ ბინაზე ვაქცინაცია მხოლოდ მწოლიარე პაციენტებისთვის ხორციელდება. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ასეთი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ტარდება სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით.

მისი განცხადებით, იმ მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი მომსახურეობის მიღება სურთ, უნდა დარეკონ 15 22-ზე.

„ბინაზე აცრა მობილური ჯგუფების საშუალებით არის მხოლოდ ბინას მიჯაჭული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, არიან მწოლიარე და მათი გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ხერხდება. ამ მოქალაქეებისგან ჩვენ ვიღებთ დიდი ხანია 15 22-ზე შეტყობინებებს ვაქცინაციის ბინაზე ჩატარებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პერიოდში ტარდება ვაქცინაცია სინოფარმითა და სინოვაკით, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინაზეც გავრცელდეს.

„მობილური ჯგუფი მიდის ბინაზე სასწრაფო გადაუდებელ დახმარების სამსახურთან ერთად, ბინაზე ტარდება ვაქცინაცია, იქ, რა თქმა უნდა, დაკვირვების პერიოდიც არის გათვალისწინებული. აჭარაც გააქტიურებს ამ სერვისს მოკლე ხანში და ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა რეგიონებშიც," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე