თეონა ვეშაგური
(30.07.2021)


პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა მეორე დოზით აცრისას, სხვა ტიპის ვაქცინის გამოყენების საშუალება მიეცეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელიან.

როგორც ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს. რეალური ალერგიული რეაქციის შემთხვევაში აუცილებელია მეორე დოზით ვაქცინაცია მოხდეს სხვა პრეპარატით.

„საზოგადოება მიიჩნევს, რომ ნანემსარის უბრალო შესიება უკვე ნიშნავს ალერგიულ რეაქციას, რაც ასე არ არის, ხოლო რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც გამოხატულია რეალური ალერგიული ფონი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებისას, აუცილებლად უნდა მოხდეს ალერგოლოგის ჩარევა და შეიცვალოს ვაქცინის მეორე დოზა სხვა ნებისმიერი პრეპარატით, რომელიც არ იწვევს ალერგიას," - განაცხადა ხმალაძემ.

რას შეეხება საკითხს, თუ ქვეყანაში არსებული რომელი დოზა იწვევს ნაკლებად ალერგიულ რეაქციებს, ინფექციონისტის თქმით, მკვეთრად გამოხატული არ არის. როგორც იგი ამბობს, ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია მთლიანად ადამიანის ორგანიზმზე. ზოგიერთ შემთხვევაში გართულებებს იწვევს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინა, ხოლო პაციენტების მეორე ნაწილის შემთხვევაში, ეს რეაქცია გამოწვეულია ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული პრეპარატით აცრისას.

„ალერგიული რეაქცია არ არის დამოკიდებული მისი დამზადების ტექნოლოგიებზე, ეს პროცესი მთლიანად ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალიზმზეა დამყარებული, თუ ალერგია არსებობს, ეს კონკრეტულ ვაქცინას არ უკავშირდება, ეს პროცესი არის პაციენტის ორგანიზმში უკვე განვითარებული ალერგიულობის ბრალი.

„ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ აცრისას წარმოქმნილი ალერგიული ფონის დროს აუცილებლად მივმართოთ ალერგოლოგს, რათა გაკეთდეს ალერგიულობის ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში ან შევცვალოთ ვაქცინის პრეპარატი ან საერთოდ არ ჩატარდეს აცრა," - ამბობს ინფექციონისტი.

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხმალაძე საფრთხის შემცველად მიიჩნევს, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდის ახალი შტამები შემოვიდეს.

„არსებობ შემთხვევები როდესაც ადამიანს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მოსალოდნელია საზღვრის გადმომკვეთ პირს ჰქონდეს ფალსიფიცირებული ცნობაც, არის ამისი რისკები, თუმცა ნაკლებად შესაძლებელია.

„იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ მოვახერხებთ ყველა ადამიანის შემოწმებას, მაინც რჩება რისკი, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ თავის არიდება მოახერხოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა ქვეყანაში, მეტი შანსია ახალი ინფექციების შემოტანისა.

„ამ პროცესებს ჩვენ უნდა დავახვედროთ ძალიან კარგი იარაღი, ეს არის ვაქცინაცია, თუ იქნება მოსახლეობის უმრავლესობა აცრილი, ამდენი სანერვიულო ახალ შტამებთან და ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით არ გვექნება," - ამბობს ხმალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე