ია აბულაშვილი
(27.07.2021)


მარკეტოლოგი კახაბერ ჯაყელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები პიარ-ტექნოლოგიის კუთხით წლებია სიახლეს ვერ სთავაზობენ ამომრჩეველს. მისი თქმით, ამ არჩევნებზეც იქნება მხოლოდ დაპირებების ბუმი, რომელსაც ასე ადვილად ისვრიან პოლიტიკურ ბაზარზე პოლიტიკოსები. თბილისის მერობის კანდიდატებს კი არქეტიპების კუთხით ასე ახასიათებს: კალაძე - „ხალხოსანი", მელია - „რევოლუციონერი", ელენე ხოშტარია - „მაია წყნეთელი", ოღონდ გაბოროტებული.

თბილისის მერის არჩევნებზე ჯერ-ჯერობთი დასახელებელია ორი კანდიდატი, „ოცნებიდან" მოქმედი მერი კახი კალაძე, ოპოზიციიდან „ნაცმოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. საკრებულოსთვის იბრძოლებს ელენე ხოტარია. „ოცნებაში" სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს; ამომრჩეველთა ხმები კი ასე გადანაწილდება კალაძეს 70%, მელიას 30%.

„კალაძის, მელიას და ხოშტარიას შესადარებლად ალბათ ცნობილი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომლის ავტორიც არის ავსტრიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური არქეტიპები, 2-3 მაინც და პოლიტიკური ლიდერები სწორედ ამ არქეტიპებით ებრძვიან ერთმანეთს პოლიტიკურ ველზე.

არქეტიპული შერჩევის მეთოდოლოგიით კალაძეს აქვს ძალიან საინტერესო არქეტიპი, სამი მაინც. ერთ-ერთი წამყვანი კოზირი მისი არის ხალხოსნობა, იგი უყვარს ხალხს, როგორც ხალხის წიაღიდან გამოსული სპორტსმენი, ფეხბურთის ვარსკვლავი. აქვს ათლეტური აღნაგობა, გამართული და დაუძაბავი საუბარი, მშვენიერი ჩაცმის სტილი, ფეშენი, რომელიც ასე მოსწონთ ქალებს; ქალები კი ძალიან ერთგული ამომრჩევლები არიან. როგორც მითხრეს, ის ძალიან უყვართ მეზობლებს, ძალიან კარგი მეზობელი ყოფილა, მოკლედ კარგი ბიჭია. ეს არქეტიპები კარგი საჩუქარია კალაძისთვის, მაგრამ აქვს უარყოფითი არქეტიპიც, ის არ არის პროფესიონალი მერი და უშვებს შეცდომებს. ამიტომ კალაძემ დადებითი არქეტიპი ისე ეფექტურად უნდა გამოიყენოს, რომ დამალოს უარყოფითი. ასევე კარგად უნდა ითამაშოს ნამდვილი საჯარო პოლიტიკოსის როლი, რასაც აკეთებდა მიშა სააკაშვილი 2003-2004 წლებში - ყველას აკოცოს, ყველას ოჯახში შეუვარდეს, ბებიები ხელში აიყვანოს და ა.შ.

ნიკანორ მელია - მე მას უფრო პარტიის გლადიატორს ვუწოდებდი, დაკნინებით კი მიშას გლადიატორს. ის თავისი შემართებით არის მებრძოლი, მაგრამ გონებრივი ბრძოლის დიდი უნარი არა აქვს. შეიძლება პოლიტიკაში დიდი მომავალი ჰქონდეს, ცოტა ხნით თუ განერიდება ქართულ ფეთქებად პოლიტიკას და პოლიტიკური ლიდერისთვის შესაბამის განათლებას მიიღებს, მერე მუშტების მოქნევაც ნაკლებად დასჭირდება. დღეს კი დიდი ალბათობით, თბილისის მერის სავარძელში რევოლუციონერი ვერ ჩაჯდება.

რაც შეეხება ქალაბტონ ხოშტარიას, მის არქეტიპებს შორის მე ვხედავ მხოლოდ მაია წყნეთელს, ოღონდ გაბორტებულს, რაც არ ჯდება ქართულ რეალობაში. ასე რომ, სიტუაცია ამ არჩევნებში იქნება რთული, რადგან ქალაქს სჭირდება არ მხოლოდ მატერიალური დახმარება, არამედ მორალურიც. ასევე თბილისელები მოითხოვენ არა რევოლუციონერს, არამედ მეურნე კაცს. მეურნე და გამოცდილი ამ სამ კანდიდატს შორის ისევ კალაძეა, ამიტომ არ გაუჭირდება გამარჯვება. კალაძეს აწყობს კიდეც ასეთი სუსტი კონკურენტები," - განაცხადა „რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე