ელზა პაპოშვილი
(27.07.2021)


ბათუმის სასამართლომ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულს, 43 წლის ზაზა დავითაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი მოსამართლემ სრულად გაიზიარა და მას მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯა. 

საქმე 2020 წლის 6 ნოემბერს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ეხება. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსზე უარის თქმის გამო მოკლა. მას განსაკუთრებული სისასტიკით დანით 35-მდე ჭრილობა მიაყენეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ქალის მოკვლა არ უნდოდა, მაგრამ ის მდგომარეობიდან გამოვიდა და საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. 

ბელარუსი ტატიანია ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი მეგობარმა იპოვა. მასთან ორდღიანი რეკვის შემდგ სახლში მისვლა გადაწყვიტა. ბინაში მისულს კარი ღია დახვდა, სახლში კი საზარელი სურათი ნახა. აბაზანაში სრულიად შიშველი დასახიჩრებული მეგობრის ცხედარი იპოვა. ის ქუჩაში გამოიქცა და გამვლელი საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა. მათ უთხრა, რომ მესამე სართულზე ქალის ცხედარი იყო. ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტებს კარგად გასუფთავებული შემთხვევის ადგილი დახვდათ. დამნაშავემ ცხედრის ირგვლივ და ბინაშიც საკუთარი დნმ-ის კვალი წაშალა და ბინა გაწმინდა. ამიტომაც გამომძიებლებს მკვლელის პოვნა გაურთულდათ. 

თუმცა კრიმინალისტებმა  კვალის ძიება ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო კამერებიდან დაიწყეს. ჩანაწერების დაკვირვებისას ნახეს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებულმა კამერამ მკვლელობის დღეს ლაბადამოსხმული მამაკაცი რამდენჯერმე დააფიქსირა, რომელიც იმ კორპუსში შედიოდა, სადაც მოკლული ქალი ცხოვრობდა. მას ხელში გახვეული ნივთი ეჭირა და მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა. სწორედ ამის შემდეგ ზაზა დავითაძეს სახლში მიაკითხეს. მან პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა და ისიც დაადასტურა, რომ დანაშაულის იარაღი დანა ჩაქვში მდინარეში გადააგდო. მისი ინფორმაცია კი იქვე აფთიაქთან დამონტაჟებულმა კამერებმა დაადასტურა. 

მსჯავრდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ის რამდენჯერმე შეხვდა ქალს, 6 ნოემბრის დილას კი მასთან გაუფრთხილებლად მივიდა.

„ტელეფონზე ანგარიში აღარ მქონდა და ვერ დავურეკე, სახლში დამხვდა, მაგრამ არ შემიშვა, წინასწარ უნდა დაგერეკაო,“ - თქვა მან.

ამის შემდეგ, მსჯავრდებული ქალაქში გავიდა და ცოტა ხანში ისევ ქალთან დაბრუნდა.

„ბეტმენთან“ ვიღაცას ვთხოვე, დამარეკინე-მეთქი და დავურეკე ტატიანას. შევუთანხმდი და ისე მივედი... სექსი გვქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომინდა სექსი, მაგრამ მან უარი მითხრა კატეგორიულად, პოლიციას გამოვიძახებ, თავს თუ არ დამანებებო…. მერე სამზარეულოდან დანა ამოიღო და ჩემი დაჭრა სცადა, დამჭრა კიდეც მარჯვენა ხელში, როცა დანის წართმევას ვცდილობდი. მერე მე მოვუქნიე დანა, ის ყვიროდა საშინლად, ბინდი გადამეფარა თვალებზე,“ - ახდენს ჩვენებიდაბ ზაზა დავითაძის ციტირებას „ბათუმელები“. 

ამის შემდეგ მსჯავრდებულმა, ტატიანა ჩინჩიკის ცხედარი აბაზანაში შეათრია, სისხლის კვალი მოწმინდა და წავიდა.

სასამართლოს სხდომას ბრალდებული არ დასწრებია, რადგან ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი დანაშაულის ჩადენის დროს, მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა. დაავადება, რომელიც განკურნებადია, ზაზა დავითაძეს წინასწარი პატიმრობის პერიოდში დაუდასტურდა. ის გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე