ელზა პაპოშვილი
(23.07.2021)


მკვლელობა ზუგდიდში - ტოლსტოის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.დაჭრილია გარდაცვლილის შვილიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები საღამომდე გაგრძელდა. დაკავებულია 65 წლამდე მამაკაცი და ადგილობრივების ინფორმაციით სასტიკი მკვლელობის მიზეზი ბიზნეს წილების გაყოფა გახდა. 

პოლიციამ დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დილიდან საგამოძიებო მოქმედებები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. როგორც „რეზონანსს“ თვითმხილველები უყვებიან, დანაშაული ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. შუახნის მამაკაცმა იარაღიდან ჯერ 60 წლის კაცს ესროლა, შემდეგ კი მის შვილს. დაჭრილი მამა-შვილი ადგილობრივებმა რესტორანში შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა და მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. შვილი კი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„სროლის ხმა გავიგონეთ. არ ვიცით ზუსტად, რამდენჯერ ისროლეს. გარეთ გამოსულებს კი ასაკოვანი და ახალგაზრდა მამაკაცები დაჭრილები დაგვხვდა. ბიჭი ყვიროდა, მამაა დაჭრილი, მიშველეთო. რომ მივედით, კაცი უკვე უგონოდ იყო და ბიჭი შედარებით მსუბუქად დაჭრილი. ხალხმა ორივე, სანამ სასწრაფო მოვიდა, რესტორანში შეიყვანა. კაცი იქვე დაიღუპა და გადარჩენა ვერ შეძლეს. ბიჭი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ  გადაიყვანა. ამბობენ, რომ მოწილეები ყოფილან და ბიზნესის გამო დაობდნენ. ახლაც შელაპარაკებულან და შუახნის მამაკაცს უსვრია. ჯერ მამა დაუჭრია და მერე შვილი რომ მივარდა, მასაც ესროლა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ბრალდებულმა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.

გამოძიების განცხადებით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ორი ცალი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე