ია აბულაშვილი
(23.07.2021)


კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ჟურანლისტები, აცხადებს, რომ სიტუაცია ჯანსაღი არ არის და ჟურანლისტებსაც და პოლიტიკოსებსაც დიდი დრო დასჭირდებათ პროფესიული ნდობის ხელახლა დასაბრუნებლად. 18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს კი მდარე სანახაობას უწოდებს და ფიქრობს, რომ მსგავსი სცენების გაშუქებას ჟურნალისტები უნდა მოერიდონ.

„ქვეყანაში კულტურის მწავე დეფიციტია, ეს ეხება ყველას, პოზიცია-ოპოზიციიდან დაწყებული დამთავრებლი ჟურნალისტებით, რადგან სახე ვერავინ შევინარჩუნეთ. ის, რაც ბოლო პერიოდში ვნახეთ, პარლამენტის დარბაზში თუ პარლამენტს გარეთ, არის უნიჭოდ დადგმული მდარე სანახაობა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს პერფორმანსთან. პერფორმანსი არის სოციალური დატვირთვის მქონე მხატვრულად გადმოცემული აქტი და აქცია. იმაში, რაც ვნახეთ, სად იყო ხელოვნება ან შემოქმედება? ეს იყო შიშველ, ბრუტალურ ვნებებზე აგებული სანახაობა. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ასეთი „პერფორმანსების" გაშუქებას, როგორიც იყო სამაჩაბლობში შარვლის ჩახდა, ან პარალმენტში ფეხშიშველი დეპუტატის მაგიდაზე ასვლა. ქვეყანა მართლაც ცირკად ხომ არ უნდა აქციო...

ამ „პერფორმანსების" მიზანი თუ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, სანახაობრივი სივრცის შექმნა, მაშინ ეს მეთოდიც გაუმართლებელია და საზოგადოებაც გაუუცხოვდა ასეთ სანახაობრივ სივრცეს. აღარც კი უნდა, რომ შეფასებები გააკეთოს, ისე, როგორც მე არ მინდა შეფასებები ვაკეთო ასეთ არსერიოზულ თემებზე. ანუ შედეგი ვერ დადგა; თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჟურნალისტებსაც და პოლიტიკოსებსაც (პოლიტიკაც ხომ პროფესიაა) დიდი ხანი დასჭირდებათ პროფესიული ნდობის ხელახლა მოსაპოვებლად," - განაცხადა „რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე