ელზა პაპოშვილი
(17.04.2021)


სასტიკი მკვლლეობა ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში - არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან,  კონფლიქტი დედმამიშვილებს შორის, სავარაუდოდ,  საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო. ძმები გორგილაძეები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, როგორც მეზობლები ამბობენ, მათ დავა სწორედ ამ საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

მეზობლებს ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მკვლელობა უკვე მოხდა. დაჭრილი ძმა სახლში იყო და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ფაქტის თვითმხილველები, სავარაუდოდ, მათი არასრულწლოვანი შვილებიც გახდნენ. ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. 

„ვინც მოკლა, ისაა 51 წლის ძმა, ხოლო გარდაცვლილი 43 წლისაა. სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბავშვები იყვნენ. ძმებს შორის დავა სახლის გამო მოხდა. ორივე მათგანი ამ ბინაში ცოლ-შვილით ცხოვრობენ. 

„ბავშვები ამ დროისათვის ბათუმში არიან გადაყვანილი. საკამოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ, ბიძამ მამა თავლწინ სანადირო თოფით მოუკლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა ადრეც ნასამართლევია და ციხეშიც იჯდა. სხვადასხვა დანაშაულზე ედავებოდნენ. 

„სულ სახლის გამო ჩხუბობდნენ. კი, კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. სანადირო თოფით სახლშივე მოკლა, ეს ვიცით მხოლოდ. მერე სახლდან გაიქცა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. ჩვენც რომ მივედით, უკვე გარდაცვლილი იყო. სამართალდამცველებმა  შიგნით არავინ შეგვიშვეს“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა - 1977 წელს დაბადებული ბ.გ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე