საპროტესტო აქციებში ჩართულმა ახალგარზდებმა პოლიტიკური მოძრაობა შექმნეს. ხალხი, ვინც შვიდი თვეა რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში დგას, პოლიტ პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნას ითხოვს, ამბობს, რომ საკმარისი მხოლოდ აქციები არაა. მიიჩნევენ, რომ საჭიროა პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახე შემოვიდეს.
პოლიტიკურ მოძრაობას "ახალგაზრდული ძალა" ჰქვია. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა.
დღეს დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა "ახალგაზრდული ძალა", რომელიც არის სრულად დაკომპლექტებული ახალგაზრდებით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და მეტი ახალი სახე, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტად აკლია სწორედ ახალგაზრდები და ახალი სახეები ქართულ პოლიტიკას, ცხადია, სუფთა ხელებით, იმიტომ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დავუმტკიცოთ ის, რომ პოლიტიკა, სინამდვილეში, სულაც არ არის ბინძური საქმე, რომ პოლიტიკას ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, - ამბობს "ახალგაზრდული ძალის" დამფუძნებელი თედო ზოიძე.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხვალიდან რეგიონებში გასვლას და ხალხთან საუბრებს გეგმავენ.
მოსახლეობა განიცდის კომუნიკაციის დანაკლისს, განსაკუთრებით რეგიონებში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ აჭარიდან ჩვენს შევედრებს. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობამ განიცადა კომუნიკაციის დანაკლისი, ინფორმაციის გავრცელების დანაკლისი, ამან გამოიღო ასეთი შედეგი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ვაგრძნობინოთ ყველას, რომ ისინი საჭირო არიან ამ ბრძოლაში, ეს არ არის მხოლოდ თბილისის ბრძოლა. მეტსაც ვიტყვი, რეგიონებს უფრო მეტი ძალა აქვს ამ ყველაფერში და ჩვენ გვინდა, რომ ამას ხაზი გავუსვათ, - ამბობს მოძრაობის წევრი ანიტა ლაზიშვილი.
ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოოდ, მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე