რეზონანსი
(15.06.2024)

„რამდენად რეალურია სავალუტო რევები დაკავშირებული იყოს არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან ანუ ლარის შეგნებურად გაუფასურებასთან, რაზეც სებ-ის პრეზიდენტი მიანიშნებს?", - ამის შესახებ სოციალუ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, კომერციულ ბანკების მოგების მიღების მიზნით ლარზე სპეკულაცია შეუძლიათ.

რამდენად რეალურია სავალუტო რევები დაკავშირებული იყოს არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან ანუ ლარის შეგნებურად გაუფასურებასთან, რაზეც სებ-ის პრეზიდენტი მიანიშნებს? არაკეთილსინდისიერი ქმედება როგორც წესი დაკავშირებულია სავალუტო სპეკულაციებთან. სავალუტო სპეკულაცია ეწოდება უცხოური ვალუტით წმინდა აქტივების („გრძივი" პოზიცია), ან წმინდა პასივების („მოკლე" პოზიცია) ღია პოზიციების შენარჩუნებას ანუ სპეკულაცია კი ნიშნავს ისეთ სავალუტო ვალდებულებათა საკუთარ თავზე აღებას, რომელთა სამომავლო ღირებულებაც ადგილობრივი ვალუტით განუსაზღვრელია. იგი ემყარება უცხოური ვალუტის სამომავლო ფასის მოლოდინზე აგებულ შეგნებულ გაანგარიშებებს. საბანკო სპეკულაცია გამოირჩევა მაღალი მომხვეჭელობით, რაც ეკონომიკაში ხელს უწყობს ქაოსის გაძლიერებას.

აქედან გამომდინარეა, რომ სპეკულაციები, განსაკუთრებით საბანკო ითვლებიან ეკონომიკური არეულობის გამომწვევ მიზეზადაც კი.

სპეკულიანტად კი ითვლება ყველა ის პირი, რომელიც ხსნის პოზიციას უცხოური ვალუტით, მიუხედავად მისი მოტივისა და სავალუტო კურსის სამომავლოდ მოსალოდნელი ცვლილებისა.

ქართულ ბანკებს, ეს განსაკუთრებით მსხვილ სისტემურ ბანკებს ეხებათ, რომლებიც თავიანთი აქტივების სიდიდით პრაქტიკულად სავალუტო ბირჟასაც წარმოადგენენ, მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებისა კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის მოთხოვნათა მიხედვით, მოგების მაღალი ინტერესისას შეუძლიათ სავალუტო სპეკულაცია როგორც გრძელი პოზიციის გახსნით ანუ აშშ დოლარის დაგროვებით მომავალში ლარის გაუფასურებაზე გათვლით, ასევე მოკლე სავალუტო პოზიციის გახსნითაც მომავალში ლარის გამყარების გათვლით. მაგალითად სავალუტო ვადიანი კონტრაქტების (ფორვარდი, ოპციონი, სვოპი) გაყიდვაზე თამაშითაც.

გარდა ამისა, მაღალი რყევებისას ისედაც იზრდება ჩვენთან ნეგატიური მოლოდინებიდან გამომდინარე მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც ზრდის ლარის გაუფასურების ტრენდს და შესაბამისად აგრძელებს კორექციის პერიოდს. ამიტომაც არის, რომ სპეკულაციისას ბაზრის მოთამაშეები დაინტერესებული არიან სიტუაციის გაუარესებით.

პრობლემა კი იმაშია, რომ ღია პოზიციის ფარგლებში ნაყიდი ან გაყიდული ვალუტიდან რა ნაწილია ბანკის და რა ნაწილია კლიენტების არ ჩანს, შესაბამისად, მსხვილ კომერციულ ბანკს ყოველთვის შეეძლება ღია პოზიიცის ფარგლებში ისე იმოქმედოს, რომ ბაზარზე სერიოზული რყევები გამოიწვიოს.

დღევანდელ მეტად გაზრდილი რისკების პირობებში მიზანშეწონილი იქნებოდა სებ-მა შეცვალოს არსებული მიდგომა და მოითხოვოს ღია პოზიციების ე.წ გაშიფვრა თუ რა ნაწილი მოდის კომ ბანკებზე და რა ნაწილი კომპანიებზე, ასევე სასურველია ღია პოზიციის მოცულობაც მუდმივი მაჩვენებლიდან მცურავ მაჩვენებლამდე შეიცვალოს და დარეგულირდეს ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

გასულ წლებში თუნდაც ჩემს მიერ ჩატარებული კვლებები ადასტურებს რეალობას, როდესაც აჟიოტაჟებისას კომერციული ბანკები კოლოსალურ მოგებაზე გადიოდნენ, არა მხოლოდ დაშვებული ლიმიტის ზღვარზე, არამედ თუნდაც ღია სავალუტიო პოზიციის შეთანხმებულ, ორმხრივ პოზიციებზე თამაშით.

მაგალითად, არც თუ მსხვილი ტრანსაქციით რასაც ბაზარზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია - 50 000 000 დოლარის დაგროვებით, ბანკს შეუძლია არა მარტო დააზღვიოს თავისი კაპიტალი, არამედ აღნიშნული თანხა ვთქვათ 1-თვის განმავლობაში შეინახოს უცხოურ ბანკებში ნოსტრო ანგარიშებზე, სადაც იგი გამოიმუშავებს „პროცენტებს" და ლარები შეიძინოს 1-3 თვის შემდეგ. უკვე შეცვლილი განახლებული სავალუტო კურსით (სარგებლის განაკვეთის სახით მიღებული ნამატი შემოსავლების ჩათვლით). სავალუტო ბაზარზე ამა თუ იმ უცხოური ვალუტით სპეკულაციური მოგების ოდენობა დამოკიდებულია სავალუტო კურსთა მოსალოდნელ ცვლილებაზე. ვთქვათ ნოსტრო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავალი იყოს 1%, აშშ დოლარის შესყიდვის საშუალო კურსი 2.85 ლარი. მაშინ ქართულ ბანკს თავისუფლად შეუძლია მოახდინოს ინვესტირება ევროპულ ან ამერიკულ ბანკებში და 1 თვის შემდეგ ნოსტრო ანგარიშებიდან შემოსულ თანხებთან ერთად გაყიდოს აშშ დოლოარი და დახუროს პოზიცია უკვე თავისთვის სასურველი კურსით დავუშვათ 2.89, მიღებული მოგება კი იქნება 2 500 000 ლარი ან ლარის გამყარების პროგნოზით გახსნას მოკლე სავალუტო პოზიცია იყიდოს სავალუტო ფორვარდები 40 000 000 აშშ დოლარის ღირებულების კურსით 2.89 და შემდეგ ლარის გამყარებისას კურსზე 2.86 დახუროს სავალუტო პოზიციები, ამ შემთხვევაში მიღებული მოგება იქნება 1 200 000 ლარი და ა.შ.", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე