რეზონანსი
(15.06.2024)

სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ღირსების ორდენზე წარდგენილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, საწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის სიიდან ნაწილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა, არის თუ არა ეს შერჩევითი მისი მხრიდან?".

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშანა, ცუდია, როდესაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოლარიზაციის გაზრდას ცდილობს.

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ერთადერთი რამით არის დაკავებული, რაც შეიძლება გააძლიეროს, გააღრმაოს პოლარიზაცია და საზოგადოების დანაწილება ყველა მიმართულებით. მას სურს დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში. სურს, სხვადასხვაგვარად მიუდგეს იმ ადამიანებს, რომელთაც ერთიანად ეკუთვნით მადლობა და მადლიერება ხელისუფლებისა და ზოგადად, ქართველი ხალხის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასე ზრდის პოლარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე