რეზონანსი
(25.05.2024)

ძალიან ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ისმოდა ცალკეული კრიტიკა საქართველოს მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ეს კრიტიკა იყო უსაფუძვლო და შესაბამისად, გადაწყვეტილებები იხრებოდა სამართლიანობის მხარეს, ამით ჩვენ იმ უსამართლო დამოკიდებულებას და ცალკეულ გადაწყვეტილებებს ჩვენს ხალხთან ერთად ვამარცხებდით ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს: „უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზას, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავაზიანოთ ეროვნული გრძნობები, გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია.“

„ბოლო ასეთი იყო არამხოლოდ როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, არამედ სააკაშვილის საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც იღებდნენ ერთ მხარეს რეზოლუციებს, მაგრამ მეორე მხარეს იყო მისი საპირისპირო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციასთან ერთად გააცამტვერა ევროკავშირის მიერ მანამდე მიღებული რეზოლუციები. ახლაც ასეთი სიტუაციაა, მაგრამ სიმართლე არ იკარგება მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის ღირსებისათვის. ჩვენ ასე გავაგრძელებთ რასაკვირველია და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ დაჩაგროს საქართველო. საქართველოს ვერავინ დაჩაგრავს, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი და თავისუფალი ხალხი, ჩვენ ძლიერად გვაქვს გათავისებული ჩვენი ღირსების შეგრძნება და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ის ფასეულობები, რითიც ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ და რითიც ევროპა მოდის ჩვენკენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე