რეზონანსი
(25.05.2024)

როდესაც ვენეციის კომისიასთან გვქონდა ონლაინ კომუნიკაცია, მათ მიერ არ იყო ნახსენები, რომ ჯერემი მაკბრაიდი რაიმე ფორმით იყო ჩართული აღნიშნული დასკვნის მომზადებაში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ჯერემი მაკბრაიდის მიერ გამჭვირვალობის კანონზე მომზადებულ დასკვნაზე.

„ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ ამ ანგარიშის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ოფიციალურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგმა რა გადაწყვეტილება გამოიტანა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ ორი დღის წინ გაიგო. შესაბამისად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და სუბიექტურობისკენ მიმანიშნებელი ფაქტორი ჩნდება, როდესაც ასეთი ადამიანი ჩართულია, ისეთი მნიშვნელოვანი შეფასების პროცესში, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ უფრო ნათელი ხდება, თუ რატომ იყო ეს დასკვნა ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე