რეზონანსი
(07.02.2023)

პარლამენტის დატოვება, რომელიც მთავარი ინსტიტუციაა 12 პუნქტის შესასრულებლად, საერთოდ ირაციონალური მგონია და პირიქით, აზიანებს ჩვენს ევროპულ გზას , - ამის შესახებ პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, განცხადებები იმაზე, რომ დატოვეთ მანდატები, გადადის ირაციონალურ საუბრებში, რადგან რომ ეკითხები „მეორე სვლა რა არის, ამის შემდეგ", არავის პასუხი არ აქვს.

„პარტიას, რომელსაც აქვს ასეთი სერიოზული პრობლემა, მათი ლიდერი არის დაპატიმრებული და არაერთხელ ნახა პარტიამ საკუთარი თვალით, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით და ქმედებებით, რომ მანდატის დატოვებას არ მოაქვს არანაირი კონკრეტული შედეგი. მეტიც, პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო და განსაკუთრებით საერთაშორისო ზეწოლა. იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, არ შეიძლება, რომ პარტიამ დატოვოს მთავარი პოლიტიკური ასპარეზი, რასაც ჰქვია პარლამენტი - დატოვოს მანდატები, სტატუსი და იზოლაციაში მოიქციოს თავი და მხოლოდ ქუჩის აქციებით გადაჭრას პრობლემა.

ეს პრობლემა რომ არ იჭრება ამ გზით არაერთხელ ნახა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამიტომ ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ კიდევ იგივე წრეზე მიდიან. ბოიკოტი პოლიტიკური ინსტრუმენტია და შეუძლიათ გამოიყენონ, მაგრამ იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რამდენად შედეგიანია. რაციონალური პროგნოზების გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას საკუთარი ამომრჩევლისთვის. მე არ მომისმენია რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას" ის, რომ არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და რომ გააცდენს საკომიტეტო მოსმენებს. ჯერ ერთი, ამას შეიძლება მოჰყვეს პრობლემა იმიტომ, რომ რეგლამენტის მიხედვით კომიტეტებს ბოიკოტს ვერ უცხადებს პოლიტიკური ძალა. იწვევს პრობლემებს მანდატთან დაკავშირებით.

მე თავს უფლებას ვაძლევ და ვაკრიტიკებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ადრე არ გამიკრიტიკებია იმიტომ რომ სულ მუდამ მანდატის დატოვებაზე საუბარი აზიანებს მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. ნებისმიერ პრობლემაზე საუბარი გადადის იმაზე, ვტოვებთ თუ არა მანდატებს და გადადის ირაციონალურ საუბრებში, დატოვეთ მანდატები და მერე რომ ეკითხები მეორე სვლა რა არის ამის შემდეგ, არავის პასუხი არ აქვს, უბრალოდ ემოციურად გულზე მჯიღი და „დავტოვოთ პარლამენტი"", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე