რეზონანსი
(07.02.2023)

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) კეთდება.

ჯანმოს განცხადებით, სტიქიური უბედურების მასშტაბებიდან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ჰაერის დაბალი ტემპერატურა.

ბოლო ცნობით, თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა , შეზღუდულია გადაადგილება, რეგიონში უმძიმესი ვითარებაა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე