რეზონანსი
(06.02.2023)

შემზარავი დანაშაული გორის სოფელ რეხაში წუხელ მოხდა. როგორც ირკვევა, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. მამაკაცი, რომელმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ღვთისო პეტრიაშვილია. მოკლულია მისი მეუღლე - დალი ჯავახაძე და დალის ასაკოვანი დედა.

„დღეს გავიგე, რომ მათ სახლში სამი გარდაცვლილი ნახეს, ამბობენ, რომ ღვთისომ დახოცა ისინი, მერე კი თავი მოუკლავს. ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ღვთისო გორში დადიოდა ხშირად, საკუთარი მანქანით მიდიოდა და მოდიოდა. გორშიც ცხოვრობდა, იქაც აქვს სახლი და აქაც. მგონი, იქ მუშაობდა. წყნარი ოჯახი იყო, ოჯახში მომხდარ კონფლიქტებზე არაფერი მსმენია", - ამბობს ადგილობრივი.

მერის წარმომადგენელი სოფელ რეხაში, კობა ქარელიშვილი ამბობს, რომ ამ ოჯახს პირადად არ იცნობდა:

"რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. მეზობლები ამბობენ, რომ წყნარი კაცი იყო ღვთისო და არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია. პირადად არ ვიცნობდი. გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდნენ ძირითადად, მერე აქაც იყიდეს სახლი. აქ ჩვენი სისტემატური მაცხოვრებლები არ იყვნენ. ალბათ 5-6 წლის ნაყიდი აქვთ ეს სახლი, მერე შემოღობეს ბეტონით აქაურობა. პირადი შეხება არ მქონია ამ ოჯახთან, არც სოციალურად დაუცველები იყვნენ, არც არჩევნების დროს მინახავს ეს კაცი. რომ ვიკითხე, მითხრეს, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყოო. ახლა პოლიცია მუშაობს და მკვლელობის დეტალებს ისინი გაარკვევენ", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ რეხაში.

მერის წარმომადგენელი გორში, კომბინატის დასახლებაში, მირიან კლიმიაშვილი კი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტით შეძრულია:

"დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან, 1980-იან წლებში იქორწინეს. როგორც ვიცი, სამი შვილი ჰყავთ. ჩვენთან ცხოვრობდნენ, მაგრამ ღვთისომ ეს ბინა გაყიდა და სოფელში გადავიდნენ. მისი მეუღლის მშობლების სახლიც აქ, კომბინატის დასახლებაშია. ამ ქალბატონს ჰყავდა მოხუცი დედა და მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი მეორე და, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული. წყნარი ოჯახი იყო, ცუდი არასოდეს გაგვიგია. დალის ახალგაზრდობიდან ვიცნობდი, ერთად ვმუშაობდით, ძალიან კარგი ქალბატონი იყო, წყნარი, მშვიდი. დიდი ხანია არ მინახავს. ღვთისოს შორიდან ვიცნობდი, ვესალმებოდით ერთმანეთს...

ძალიან მძიმე ამბავია. შოკირებულები ვართ და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წარმოუდგენელი ამბავია, ამ ოჯახში ასეთი რამ რატომ უნდა მომხდარიყო?", - ამბობს ბატონი მირიანი.

როგორც ცნობილია, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის მომხდარი. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ყოფილი პოლიციელია და სავარაუდოდ, მას სახლში იარაღი ჰქონდა. რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ოჯახის ორი წევრი და რატომ მოიკლა თავი, ეს ალბათ გამოძიებით გაირკვევა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე