რეზონანსი
(23.07.2021)


ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია, - ამის შესახებ თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მიმართა. მან აღნიშნა ისიც, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა" არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს და მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია.

ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება,", რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე