ია აბულაშვილი
(25.01.2021)


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო გარდაიცვალა 338 წელს კახეთში.

გადმოცემის თანახმად, ქართლის მეფე მირიანმა წმინდანის დაკრძალვა მცხეთში სვეტიცხოვლის წინ განიზრახა, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ ასწია ის მცირე საკაცე, რომელზედაც წმინდა ნინო აღესრულა, ამიტომ დაკრძალეს ბოდბეში.

იმ ადგილას კი მეფე მირიანმა ეკლესიის აგება ბრძანა. სამეფო სალაროს დიდი ნაწილი მირიანმა წმინდა ნინოს საფლავს შესწირა, რადგან ამ ადგილს დიდება არ მოჰკლებოდა. კახეთის ეპისკოპოსს კი სთხოვა, ამ დღეს დღესასწაული დაეწესებინა.

წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის, როგორც ქართული ისე უძველსი ხანის უცხოური წყაროები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია რომაელი ისტორიკოსის გელასი კესარიელის თხზულება, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია.

მე-5 საუკუნეში შეიქმნა გელასი კაზიკელის ნაშრომი, სადაც მოთხრობილია წმინდა ნინოს საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს ამბავი რომაელ ისტორიკოსს შეუტყვია ქართლის უფლისწულ ბაკურისგან, რომელიც იმ ხანად აღმოსავლეთ რომის იმპერიის დემასკოსი ყოფილა.

წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე წერდნენ სოკრატე სქოლასტიკოსი და ერემია სოზომენი თავის ნაშრომებში, სადაც მოთხრობილია იბერიის დედოფლის ნანას განკურნების შესახებ. წმინდანის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის არაბული, სირიული და კოპტური წყაროები. კოპტურ წყაროებში წმინდა ნინო "თეოგნოსტას" სახელით არის ცნობილი, რომელიც ქართულად "ღვთის მცოდნეს" ნიშნავს.

პირველი ქართული ხელნაწერი "წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ" გადაიწერა სინას მთაზე მე-10 საუკუნეში. მე-11 საუკუნეში კი შატბერდის მონასტერში, რომელიც შატბერდის კრებულით არის ცნობილი. წმინდა ნინოს ცხოვრებაზე წერდნენ ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები, მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველი, მე-12 საუკუნეში არსენ ბერი თავიანთ თხზულებებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე