ია აბულაშვილი
(20.01.2021)


ოშკის, ხახულის და იშხანის შემდეგ, ოთხთა სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ეკლესიებს შორის სიდიდით მეოთხე ეკლესიაა და სახელიც აქედან მოდის. ისტორიული წყაროების მიხედვით მონასტერი 961-965 წლებში დავით კურაპალატს აუგია. მისივე ძალისხმევით კი 987-1001 წლებში მონასტერი გადაუკეთებიათ.

ლეგენდის თანახმად, ოთხთა ეკლესია, უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. ტაძრის მშენებლობისას ფული შემოაკლდა, რის გამოც თმა შეუკვეცავს და გაუყიდია. ასე დაუსრულებია ტაძრის მშენებლობა. თამარის ხელის ანაბეჭდი შემორჩენილია ტაძარში.

ოთხთა სამონატსრო კომპლექსიდან დღემდე შემორჩენილია მხოლოდ მთავარი ტაძარი, დასავლეთის კარიბჭე, სატრაპეზო, სამარხი, კაპელა და მცირე სალოცავი. ოთხთა მახარობის მთავარი ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის ფასადებზე შემორჩენილია წარწერები.

ერთ-ერთ წარწერაზე ასომთავრულით ამოკვეთილია დავით კურაპალატი; ტაძარი მოხატული იყო ფრესკებით. ტაძრის ერთ-ერთ კედელზე გამოსახული იყო უნიკალური ფრესკა, ქალის პორტრეტი, რომელსაც მარცხენა ხელში ოთხთა ეკლესიის ზუსტი მოდელი უკავია. ეს ფრესკა უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს 1917 წელს ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დროს.

ოთხთა სამონასტრო კომპლექსი იმ დროისი ერთ-ერთი დიდი საგანმანათლებლო ცენტრიც იყო, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები. მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის გიორგი მთაწმინდელი თავის თხზულებაში "ცხოვრება იოვანესი და ეფთიმესი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე