ია აბულაშვილი
(18.01.2021)


ნათლისღება, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს, წყლის კურთხევის მსახურება, დიდი აიაზმა ტარდება. ამ დღეს ღვთის გაცხადებასაც უწოდებენ, რადგან სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება, ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ციდან კი ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ". ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდენს, მაცხოვრის ნათლისღებისას. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდი რიტუალი ტარდებოდა, ეს იყო განბანვის და "უძრახი წყლის" რიტუალი.

მორწმუნეები მდინარის პირას იკრიბებოდნენ, მღვდლის მიერ ხდებოდა მდინარის კურთხევა, შემდეგ წყალში ჩადიოდნენ და ნათლისღების ტროპარს ლოცულობდნენ. "უძრახი წყლის" ტრადიცია კი ასეთი იყო.

ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი სახლიდან ისე უნდა გასულიყო რომ არავისთვის ხმა არ გაეცა. წყაროზე პირს დაიბანდა და გაიწმინდებოდა. დოქს წყლით აავსებდა და უჩუმრად ისევ სახლში ბრუნდებოდა. წყალს ბარაქისა და ბოროტი ძალისგან დასაცავად სახლსა და ეზოში მოასხავდა.

აჭარაში, ნათლისღების დღეს ნათლული ნათლიას მამალს მიართმევდა. ქართლში, ამ დღეს მთელი სოფელი მდინარესთან მიდიოდა, მიჰყავდათ საქონელი, მიჰქონდათ სამუშაო იარაღები და წმინდ წყალში ასველებდნენ.

კახეთში ახალ წელს, ოჯახის დიასახლისი კვერებს ბასილებს დააცხობდა, გულზე ჯვარს გამოუსახავდა, მერე ფქვლიან გოდორში ჩააგდებდა, ბარაქისთვის. ნათლისღების დღეს დილით ოჯახის უფროსი "უძრახ წყალს" აიღებდა, და ამ ფქვილიან გოდორს წყალში დაასველებდა და ასე აკურთხებდა.

რაჭაში, ნათლისღებას ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან კვერს, ღორის სალოცველს. ლეჩხუმში კი საახალწლოდ დაკლული ღორის თავი ნათლისღებამდე სხვენზე უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული.

თბილისში ნათლისღებას განსაკუთრბულად აღნიშნავდნენ. მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მტკვრისკენ მიუძღვებოდა, სადაც უკვე მოწყობილი იყო ბაქანი, რომელსაც "იორდანეს" უწოდებდნენ. მღვდელი მდინარეში ჯვარს ჩაუშვებდა და წყალს აკურთხებდა. ამის შემდეგ ნაკურთხი წყლი ხალხს სახლში მიჰქონდა. ამ რიტუალში მონაწილეობდა მთელი ქალაქი და ქალაქში მდგარი ჯარის ნაწილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე