ია აბულაშვილი
(02.12.2020)


ნაკურალეშის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ლეჩხუმში, სოფელ ნაკურალეშში მდებარეობს, მე-12 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია ნაშენია ყორე-ქვით და დარბაზული ნაგებობაა. ეს ეკლესია იმითაა გამორჩეული, რომ ეკლესიის კედლები შიგნითაც და გარეთაც მოხატულია. ფასადზე გამოსახულია "საიდუმლო სერობა".

ჩვენამდე მოაღწია ეკლესიის მხატვრობამ, რომელიც მე-17 საუკუნეშია შესრულებული და ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ნიმუშია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით.

დაბლა, ზიარების სცენაა გამოსახული; ზემოთ "ხარება" "შობა", "ნათლისღება", "მირქმა" "ფერისცვალება" "იერუსალიმში შესვლა", "ჯვარცმა" და "ამაღლება". ეკლესიის ხის ორფრთიანი დიდი კარი, რომელიც ლამაზად არის მოჩუქურთმებული, დღეს ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

ნაკუშერალის ეკლესიის მშვენებაა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ლეჩხუმში ექსპედიციის დროს უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს.

"ვერცხლის ხატი წმინდის გიორგისა, რომელზედაც გამოსახულია წმინდა გიორგი ცხენზე ამხედრებული. შუბით განუგმირავს ვეშაპი, რომელსაც საბელით მიათრევს მეფის ასული. აშია მოჩუქურთმებულია ბადის მსგავსად.

შუა ტანი ხატისა შემკობილია ბალახ-ყვავილებით. ირგვლივ უსხედს 29 ქვა, მათ შორის 13 ფირუზებია. ოთხი ძოწეული. ზემოთ მხედრულად აწერია "წმინდა გიორგი ხონისა"- ასე აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი ლეჩხუმის ნაკურალეშის ეკლესიის მფარველის წმინდა გიორგის ხატს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე