ია აბულაშვილი
(06.11.2020)


სხალთის მონასტერი, რომელიც ხულოში, სოფელ ყინჩაურში, მდინარე ხიხანის ხეობაში მდებარეობს, მე-12 საუკუნის ძეგლია და იგი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ხუროთმოძღვრების სხვა იშვიათ ძეგლებს შორის. ტაძრის მოხატულობა კი რომლის ფრაგმენტები დღესაც შერჩენილია საკურთხეველში, კამარაზე და დასალეთ კედელზე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშია. სამონასტრო კომპლექსში შედის დიდი ეკლესია, რომელიც დარბაზული ტიპისაა, მცირე ეკლესია, მარანი და სამარხები. მარანში დღემდე დაცულია ძველი საწნახელი და მიწაში ჩაფლული უზარმაზარი ქვევრები.

სხალთის მონასტერი თამარ მეფეს აუგია. ლეგენდის თანხმად, საბრძოლველად მიმავალ ქართულ ლაშქარს, რომელსაც წინ თამარ მეფე მიუძღოდა სხალთაში შეუსვენია. ამ დროს კოკისპირული წვიმა წამოსულა და ლაშქარს თავი უზარმაზარი მსხლის ხის ქვეშ შეუფარებია. ხე ისეთი ბუმბერაზი ყოფილა, რომ მისი ტოტების ქვეშ მთელი ლაშაქრი დაეტია. ამის შემხედვარე თამარ მეფეს უთქვამს, გამარჯვებული რომ დავბრუნდები აქ ეკლესიას ავაშენებო.

თამარი ბრძოლის ველიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მალევე გააგზავნა ხუროთმოძღვრები სხალთაში ტაძრის ასაშენებლად, მაგრამ ის დიდი მსხლის ხე ვერა და ვერ მოჭრეს, რამდენი ცული ჩაასვეს იმდენჯერ გამრთელდა. ეს სასწაული რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ღამე მოჭრიდნენ, დილას გამრთელებული ხე ხვდებოდათ. მაშინ ტაძრის ოსტატი ბრძენთან მივიდა და რჩევა სთხოვა. ბრძენს უთქვამს, ხის მოჭრას რომ დაასრულებთ, ცულები შიგ დატოვეთ და მეორე დღეს ადვილად წააქცევთო. მართლაც ასე მოიქცნენ, მოჭრისას ხემ ისეთი ექო გამოსცა, რომ მთელი მიდამო შეძრა. მაშინ უთქვამთ, ტაძარი მეხთა ტეხას საუკუნეები გაუძლებსო. ხალხში შემორჩენილია ასევე თქმულება, რომ როცა საქართველოს ურდოები შემოესივნენ, თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე