ია აბულაშვილი
(28.10.2020)


აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მდებარეობს თეთრწყაროში, მანგლისიდან მოშორებით, ისტორიულად სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე ბზისწყლის ხეობაში, სოფელ გორნახში, ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლია და მე-11 საუკუნით თარიღდება; ეკლესიის მინაშენი კი მე-12 საუკუნით თარიღდება.

ეკლესია დარბაზული სტილისაა და ნაგებია ალგეთის რუხი ქვით. ტაძარის შესასვლელში დატანებულია უძველესი ქართული წარწერები. ერთი წარწერა მოგვითხრობს ბაკურ თორელის მიერ ტაძრისთვის სოფლის შეწირვის ამბავს: " სახელითა ღმრთისაითა მე ვარაზბაკურ შევსწირე მიწაი თანარული აძიკურსა ეკლესიას სალოცავად სულისა ჩვენისა, ვინ შეუცვალოს ანუ ლოცვისაგან კიდე რასაც ენუკევდეს, კრულ იყოს ღმრთისა დაუსაბამოისა პირთა ამინ". ეს წარწერა პირველად წაუკითხავს ექვთიმე თაყაიშვილს.

მეორე წარწერა, რომელიც უნიკალურ ბარელიეფზე არის დატანებული მე-12 საუკუნით თარიღდება. ბარელიეფი ბაზალტისაა და მასზე გამოსახულია ოთხი ფეხზე მდგომი დიდებული, ისტორიული პირნი. ასომთავრული წარწერა მათ სახელებს გვამცნობს "ვარაზ ბაკური, ბეშქენი, შოთა და გამრეკელი და მონა მათი იჩქით". პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ბარელიეფზე გამოსახული უნდა იყოს შოთა რუსთაველი.

ტაძრის ეზოში განთავსებულია ამავე პერიოდის სამაროვანი, რომელზედაც გამოსახულია მშვილდი, ისრები, კაპარჭი, ხმლის რამდენიმე სახეობა, ფარები, შუბები, ოროლი, ხელცული, ნაჯახი, კომბალი და კავი. ამ სამაროვანს საქართველოში ანალოგი არ აქვს და მიანიშნებს, რომ ეს იყო ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საძმო სასაფლაო.

ძალზედ საინტერესოა ეკლესიის მოხატულობა, რომელიც ლილვისებრ მოტივებში არის გადაწყვეტილი. აბსიდის წინ კი დევს ქვის კანკელის სვეტი მცენარეული მოტივებით. ტაძარი განათებულია თითო თაღოვანი სარკმელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე