ია აბულაშვილი
(21.10.2020)


ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის, შორეთის სამონასტრო კომპლექსის, რომელიც ასპინძაში, სოფელ ოთის მახლობლად მდებარეობს, მთავარი ეკლესია მე-6-მე-7 საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის ნაშთებზე აუგიათ. სამონასტრო კომპლექსში შედის სამრეკლო, სკრიპტორიუმი და კედელში ნაკვეთი სენაკები.

„მტკვარს აღმოსავლეთიდან ერთვის ასპინძის ხევი, გამოსდის კოდიანის ანუ ჯავახეთის მთას. ამავე ხევზედ ოთას, არს კლდესა შინა გამოკვეთილი ქვაბანი დიდ- დინი სახიზნოდ. ასპინძისხევის სათავეზედ მთის ძირში, არს მონასტერი უგუნბათო, შუენიერს ადგილს, დიდშენი, სრულად სოფიის კენჭით ნაგები", - ასე აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი სამცხე- საათაბაგოს „საჩინო ადგილების" აღწერაში შორეთის მონასტერს.

შორეთის მონასტერი, რომელიც საუფლისწულო მონასტრად ითვლებოდა, გადმოცემის თანხმად, ეკუთვნოდათ ხოსროვან მეფისწულთა შთამომავალთ. მათი საგვარეულო სახელი იყო ვარაზ ბაკური, რომლებიც კოდიანიდან წალკამდე მამულებს ფლობდნენ. ლეგენდის თანხმად, თამარ მეფეს შოთა რუსთაველისთვის კოდიანის მებატონის ქალი შეურთავს ცოლად.

1849 წელს ფრანგმა არქეოლოგმა მარი ბროსემ მოინახულა შორეთის სამონასტრო კომპლექსი. ძეგლის სანახავად ის სანადირო ბილიკით ასულა მუხლამდე თოვლში. „იატაკი სრული მინაქრის, მწვანე ჩინური ნაგები, აღსავლის კარს შუა მარმარილოს ძელები და ოთხი ყრუ კედელი სრულ მუზაიტის კენჭით ჩაწყობილი ხატები", - ასე აღწერს მარი ბროსე შორეთის ეკლესიას, რომელიც მას იმ დროს დახვდა.

შორეთის ეკლესიის მშვენება იყო კედლის მოზაიკა, რომელიც იშვიათობა იყო ქართულ ხუროთმოძღვრებაში. მოზაიკით მორთული იყო მხოლოდ გელათის, მარტვილისა და წრომის ეკლესიები. შორეთის ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა მართლაც იშვიათობა იყო და ის იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება მონასტრის უნიკალურ ხატებს, მე-12- მე-14 საუკუნეების ანდერძებში მოხსენიებულია შორეთის მაცხოვრის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები. სკრიპტორიუმში ინახებოდა ბექა არტანუჯელის ცოლის, ნათანიხოსის მიერ შორეთისთვის შეწირული მინიატურებითა და ჭედურობით შემკული ოთხთავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე