მსხვილ პროექტებში ევროკავშირის მონაწილეობა მიზერულია, მას მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ქვეყნის ბიუჯეტი აფინანსებს
ქეთო გოგოხია
(13.02.2025)

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მასშტაბური პროექტის მიღმა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები დგანან და ნაწილიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ევროკავშირიდან გრანტების შეჩერების შემთხვევაშიც კი, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულებრივ განხორციელდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათი შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ცრუ ნარატივს ემსახურება და საფუძველს მოკლებულია.

ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა უცნაური განცხადება გააკეთა - ევროდეპუტატები ითხოვენ შეჩერდეს ყველა პროექტი, განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„გარდა იმისა, რომ 121 მილიონი დოლარის დახმარება შეჩერდა, რომელიც მთავრობას უნდა მიეღო, ევროდეპუტატები ითხოვენ შეჩერდეს ყველა პროექტი. განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კაბელებს და ა.შ. საქართველოს აქვს გეოგრაფიული მდებარეობა და სურვილი იყოს დამაკავშირებელი ხაზი ევროპასა და აზიას შორის. იცით რომ, გზები რომელიც შენდება, არის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, რადგან საქართველო დამაკავშირებელი რგოლია. ითხოვენ ამის გადახედვას და ყველა პროექტის გაჩერებას.

გარკვევით წერია, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიულობაზე დამყარებული. თუ საქართველო დემოკრატიული არ არის, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და მოსახლეობას უმოწყალოდ სცემს, იჭერს და რეპრესიულ პოლიტიკას ეწევა, მაშინ ჩვენ მათთან პარტნიორობაც არ გვინდაო“, - განაცხადა გუგულაშვილმა  გადაცემაში „360 გრადუსი“.

ასეთ უცნაური განცხადების საპირისპიროდ ეკონომისტებს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ამისთვის დაფინანსებას მიიღებენ იმავე წყაროებიდან, როგორც ამ ტიპის პროექტებისთვის არის დამახასიათებელი. მით უმეტეს, რომ ეს არის საგარეო ვალი და პროექტების განხორციელებაში ფულს სახელმწიფოს არავინ ჩუქნის.

ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ გავრცელებული ინფორმაცია პროექტების მოსალოდნელი შეჩერებისთან თაობაზე სიცრუედ შეაფასა.

,,ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ასეთი განცხადებები. გამოდის, რომ ევროკავშირი, რომელიც არ ეთანხმება მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს, იყენებს იმ ბერკეტებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის? როცა საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაზე, ჯერ უნდა ვთქვათ, როგორ ფინანსდება ეს მიმართულება. არავინ იფიქროს, რომ თითქოს ესაა უფასო ფული, პირიქით, ვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს. ამ ვალშიც კი ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების წილი მინიმალურია, ძირითადად მსოფლიო ბანკის დაა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებაზე გადავერთეთ ბოლო პერიოდში. მეორე მხარეა ქვეყნის ბიუჯეტი, საიდანაც პროექტები ფინანსდება. არავინ არაფერს გვჩუქნის, თანხა ხელისუფლების გადასახდელია“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას და მისი მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა.

,,ყველა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა, ძალიან მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს. ეკონომიკური ზრდით და სხვა ინდიკატორის მიხედვით,  საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. მათ შორის, მმართველობის ხარისხთან დაკავშირებითაც ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა. ამიტომ როცა საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ეს არ არის სიმართლე. საქართველოს აქვს არა უკუსვლა, არამედ პროგრესი.

ქვეყანას დიდი წარმატება აქვს კორუფციასთან ბრძოლიც კუთხითაც, რაც პირდაპირ დემოკრატიის ხარისხთან კავშირშია. ამდენად, რა ინფორმაციაც გავრცელდა, აცდენილია რეალობას და წმინდა პოლიტიკური დაკვეთის ნიშნებს შეიცავს.  არავითარი საფრთხე არ ემუქრება პროექტებს და ჩვეულებრივ გაგრძელდება“, - დასძინა ცუცქირიძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალოგიური შეხედულებისაა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, მოცემულ მომენტში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით პრობლემა არ იკვეთება.

,,პირველ რიგში, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ პროექტები გაჩერდეს, რადგან ქვეყნის განვითარებასთან და ეკონომიკურ ზრდასთან არის მიბმული. არ მგონია, ევროკავშირის ინტერესებშიც შედიოდეს ხელის შეშლა, თანაც მსგავს პროექტებში მათი წილი ძალიან მცირეა. ეს, ძირითადად, ისეთი ფინანსური ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებაა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. ამ ფულს ჩვენ სესხის სახით ვიღებთ. 

ესეც რომ არ იყოს, გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა თუნდაც იქიდან გამომდინარეც, რომ რაიმე მსგავსი საფრთხისშემცველი დოკუმენტები ამ დროისთვის არ არის შედგენილი, პრობლემა არც ჩანაწერებში და რეზოლუციებში ჩანს. სად ჩანს, რომ მათ რამე საფრთხე ემუქრება? არც კი უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი“, - განუცხადა "რეზონანსს" აკადემიკოსმა.

სილაგაძის თქმით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული მშენებლობების ტემპი ოდნავ შენელებულია, რაც უფრო სეზონური ფაქტორია და რაიმე განსაკუთრებული არაფერი ხდება.

,,ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა გაწეული  საგზაო კომუნიკაციების განვითარების, მშენებლობის, მოვლა-შენახვის კუთხით. ყოველწლიურად მზარდია ბიუჯეტი. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ბოლო დროს ტემპი შენელდა, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონური ფაქტორითაა განპირობებული. გაზაფხული ახლოვდება და საჭირო სამუშაოები უფრო დაჩქარდება“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

ამდენად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 7,9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება მაშინ. წელს მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე