"ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან აპრილ-მაისამდე კაშხალი ვერ შეივსება"
გვანცა წულაია
(11.12.2024)

„ენგურჰესმა" მუშაობა შეაჩერა. წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო, ობიექტი სრულად გაჩერდა. ეს აფხაზეთისთვის დიდი პრობლემაა, დანარჩენლი საქართველოსთვის კი - არა, რადგან ენგურიდან გამომუშავებული დენის უდიდესი ნაწილი სწორედ ოკუპირებულ რეგიონს მიჰქონდა.

ზამთარი ახლა დაიწყო და სეპარატისტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. „ენგურჰესის" გაჩერების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია ვეღარ მიეწოდება. 

„ენგურჰესმა, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე", - განუცხადეს სააგენტო „ტასს" „ჩერნომორენერგოში" და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.

„ენგურჰესის" გათიშვამდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ასეთი ვითარება აფხაზეთში ნოემბრის შემდეგ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს „ენგურჰესის" გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ჰყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია. 

ფაქტია, რომ ენგურის გაჩერებამ აფხაზეთს პრობლემა უკვე შეუქმნა და ეს დანარჩენი საქართველოსათვის ნაკლებად იქნება თავის ტკივილი. 

სწორედ ამაზე ისაუბრა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ და განაცხადა, რომ ენგური დღე-ღამეში 2-2.5 მილიონი კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მოკლებაც საქართველოს მოხმარებისათვის სერიოზული დარტყმა არ იქნება.

„დეკემბერში ენეგურის გამომუშავება ძალიან დაბალია. ფაქტიურად, ჰესი მუშაობდა მხოლოდ და მხოლოდ ჩამონადენზე. რაღაც ნიშნულის ქვევით სადგურის მუშაობა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, სანამ წყლის მოცულობა არ გაიზრდება, გაჩერებულია. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ენგური დანარჩენ საქართველოში, აფხაზეთი არ მაქვს მხედველობაში, დიდ და სერიოზულ როლს არ თამაშობს, რადგან დღე-ღამეში, როდესაც საშუალო შემონადენი იყო, 2-2.5 მილიონი კვტ/სთ გამომუშავდებოდა. სანამ ენგურჰესი მუშაობდა, აფხაზეთის ენერგიის მოხმარების 75% ისედაც რუსეთის ხარჯზე იგარებოდა და მხოლოდ 25% იყო ენგურის. ასე რომ, ენგურჰესის გაჩერება უფრო სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ოკუპირებ აფხაზეთს, ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, რადგან 2-2.5 მილიონი კვტ/სთ არ არის დიდი მაჩვენებელი, რომლის მოკლება პრობლემას შეუქმნის დანარჩენ საქართველოს. თანაც, რასაც ენგური გამოიმუშავდებდა, მთლიანად მაინც ოკუპირებულ აფხაზეთში მიდოდა", - განუცხადა „რეზონანსს" გია არაბიძემ და კითხვაზე - საქართველოს მოუწევს თუ არა ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა და თბოსადგურების მაქსუმალური დატვირთვა - ენერგეტიკოსმა უპასუხა:

„საქართველოში თბოსადგურები ისედაც მაქსიმალურად მუშაობენ და იმპორტიც მაქსიმალურია. დღე-ღამეში 2-2.5 მილიონი კვ/სთ, რომელიც ენგური გამოიმუშავებდა, არ არის საქართველოს მოხმარებისათვის სერიოზული დარტყმა", - დასძინა „რეზონანსთან" არაბიძემ. 

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყარო ენგურისა და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს.

კიდევ ერთი ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ენგურჰესის გაჩერების გამო, საქართველოს დენის იმპორტის გაზრდა მოუწევს. 

„ენგურის გაჩერება სერიოზული პრობლემაა და განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის. მათ დენის წყარო რუსეთიდან აქვს, მაგრამ საქართველოც აწვდიდა ელექტროენერგიას. ჰესის გაჩერება თუ წყლის დონის გამოა, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან აპრილ-მაისამდე კაშხალი ვერ შეივსება. ამიტომ უკუპირებული აფხაზეთი იძულებული იქნება დამატებითი წყაროები გამოძებნოს რუსეთის მხრიდან. არ ვიცი რას აპირებენ და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმპორტის გაზრდა მოუწევს ქვეყანას, რადგან ყველაზე დიდი სადგური მაინც ენგურია, ამიტომ იძულებული ვიქნებით, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა გავზარდოთ, ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში", - განუცხადა „რეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე