თამარ ვეფხვაძე
(11.12.2024)

გეოლოგიის დარგი საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალ ფუნქციურია, მოიცავს 25-მდე ძირითად მიმართულებას, მათ შორის: პალეონტოლოგიას, პეტროგრაფიას, მინერალოგიას, ჰიდროგეოლოგიას, საინჟინრო-გეოლოგიას, დინამიკურ გეოლოგიას, ნავთობისა და გაზის  გეოლოგიას და თავის მხრივ გააჩნია 60-მდე ქვე-მიმართულება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი მყარი და თხევადი სასარგებლო წიაღისეულის აღმოჩენებთან და სხვასთან.

სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იანი წლებში გეოლოგიის მიმართულებით სამუშაოები, პრაქტიკულად, შეჩერდა. გაუქმდა ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ მიმართულებით უზრუნველყოფდა მუშაობას. შეწყდა მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი და გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება. მხოლოდ მცირე მასშტაბებით მიმდინარეობდა კვლევები გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით, რამაც დარგი მნიშვნელოვნად დაწია უკან. აღნიშნული მიმართულებებით კვლევების ეტაპობრივად განახლება 2014 წლიდან დაიწყო.

დღეს ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიის დარგი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ეს არის სტიქიურ-გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა. რაც შეეხება სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიებას,  ახალი საბადოების შეფასებას და მარაგების გამოთვლას, კვლევები დღესაც მიმდინარეობს,

ცნობილია, რომ საქართველო ბუნებრივი საფრთხეების და მათ შორის გეოლოგიური საფრთხეების ჩასახვა-გააქტიურების თვალსაზრისით ურთულესი რეგიონია მსოფლიოში, რასაც ემატება კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული ახალი მაპროვოცირებელი ფაქტორები, ამიტომ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე.

2014 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიური რუკების შედგენის მიზნით მონაცემთა ბაზის განახლება დაიწყეს. თავდაპირველად თბილისის და მისი მიმდებარე ტერიტორიების, შემდეგ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, თუშეთის და სამცხე-ჯავახეთის რუკები მომზადდა. გასულ წელს სამუშაოები დასრულდა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში. წელს კი იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი, ვანი და ბაღდათი), სამეგრელოს (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) და გურიის (ლანჩხუთი) მხარეებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.

 გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკები, ასევე, მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა. 2014-2023 წლებში მომზადდა კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გურიის ნაწილების სახელმწიფო გეოლოგიური რუკები.

გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით.

დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცულ არქივში შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე