საბანკო სექტორს უკვე ყოველღიურად მოუწოდებენ გაფიცვისკენ. საპროტესტო აქციებში მონაწილე მხარე კარგად აანალიზებს ბანკების გაფიცვა რა შედეგს გამოიწვევს, მაგრამ მოწოდებები მაინც კეთდება. ეს კი მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის ისეთ რყევას, რამაც შესაძლოა, ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს.
გაზაფხულის აქციების მსგავსად პოლიტიკაში ჩარევისკენ სხვადასხვა სფეროს ახლაც მოუწოდებენ და ამჯერად განსაკუთრებული აქცენტი საბანკო სექტორზე კეთდება. ასეთ განცხადება გააკეთა, მაგალითად, გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტია და წესით, კარგად უნდა ესმოდეს, საბანკო სექტრის გაჩერება რას გამოიწვევს, მაგრამ გაფიცვისკენ მოწოდებას მაინც არ ეშვება.
„საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო, დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი: გაიფიცეთ - ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. გაიფიცეთ - ამით ეხმარებით აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს. გაიფიცეთ - გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას“, - დაწერა გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში.
მის ამ განცხადებას სპეციალისტები და ეკონომისტები უპასუხისმგებლოს უწოდებენ. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ქადაგიძის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
"მეგობრებო, ყველაფერი გამიგია და წარმომედგინა, მაგრამ კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაფიცვის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება! არ შემეძლო არ მეპასუხა, რადგან ასეთ ქმედებას, თუნდაც მხოლოდ მოწოდებას ექნება გამოუსწორებელი, დამღუპველი შედეგები ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი რამ, ისევე როგორც საავადმყოფოების, სახანძრო, სამაშველო სამსახურების გაფიცვის მოწოდება, არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და თავშიც არავის მოსვლია და იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვებს და მინიშნებებს:
1) განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივაცია, მათ შორის პირადი მოტივაცია, რომელიც, მის შემთხვევაში, აღმოჩნდა უპირატესი ქვეყნის და ხალხის საერთო ინტერესებთან და სტაბილურობასთან შედარებით! ეს არის ქვეყნის გაწირვისკენ მოწოდება, შეგნებულად! ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, არა აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა, ზუსტად ესმის ამას რაც მოყვება!
2) ეკონომიკური და ეთიკური გადმოსახედიდან, როგორც მინიმუმ, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, რომელიც გაანულებს წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის ძალისხმევას შეექმნა ძლიერი და სტაბილური ფინანსური სისტემა, რაც გვაქვს.
3) ასეთი მოწოდებები, რომლის მატერიალიზების შემთხვევაში ჩამოიშლება ფინანსური სისტემა და ეკონომიკა არის (არა) ჩვეულებრივი მავნებლობა! თუნდაც მხოლოდ მოწოდება ბანკების გაფიცვისკენ უკვე ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ ნდობას და მის მდგრადობას.
4) ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ბანკები იმართებიან ძალიან მაღალკვალიფიციური და მაღალი ეთიკის მატარებელი ხელმძღვანელების მიერ და მათ ეს „მოწოდებები“ სასაცილოდ არ ყოფნით (ნუ, სატირალი კი არის ნამდვილად)”, - დაწერა სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძემ
ქადაგიძის მოწოდების გაზიარების შედეგი იქნება ძალიან მძიმე. ამას მოჰყვება ეკონომიკის ჩამოშლა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, ინფლაცია და ვალუტის დევალვაცია, საზოგადოების პანიკა, ნდობის დაკარგვა, საოპერაცია "ლოკდაუნი”, ინვესტორების ქვეყნიდან წასვლა და ა.შ.
საბანკო სფეროს ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ბანკების გაჩერება იქნება ყველაზე რადიკალური, რაც მთელ ქვეყანას დაეტყობა.
"ბანკების გაფიცვა ძალიან დრამატული მოვლენაა, რაც გამოიწვევს ტრანზაქციების შეჩერებას და საერთოდ, ეკონომიკის გაჩერებას. აქ მხედველობაში მაქვს კომერციული ბანკები და ასეთი შეჩერებით, უპურველეს ყოვლისა, ყველა მეწარმე დაზარალდება და ბუნებრივია, ეს თავის ასახვას ჰპოვებს შემდგომ მათ განვითარებაზე.
ის ძირითადი ღერძი, რომლითაც დღეს ეკონომიკა საზრდოობს, ეს არის კომერციული ბანკები და აქედან გამომდინარე, მათი გაჩერება იქნება, ალბათ, ყველაზე რადიკალური და დრამატული, თუმცა არა მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს.
საკუთარ თავს ნუ დავაზარალებთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის მოწოდება ეკონომიკის პარალიზებისა. პარალიზება შეიძლება ტრანსპორტის მუშაკების გაფიცვითაც, მაგრამ საქმე ისაა, რომ კომერციული ბანკების გაჩერება აბსოლუტურად მთელ საქართველოს დაეტყობა. აქამდე საქმე უბრალოდ არ მივა”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.
ქადაგიძის მოწოდებას უპასუხისმგებლოს უწოდებს კიდევ ერთი ეკონომისტი გიორგი კაპანაძე და მიიჩნევს, რომ ეს განცხადება მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის ისეთ რყევებს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს.
„ვის, თუ არა მას, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის მდგრადობა ქვეყანაში და რამდენად სენსიტიურად მოქმედებს გაფიცვები თუ სხვა უარყოფითი ფაქტორები ამ სექტორზე. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ განვითარებული და მდგრადი საფინანსო სექტორი მთელ რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, იგი მძიმე რყევებსაც გაუძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსგავსი მოწოდებები დაუშვებელია და ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატია-ანთიპატიისა უნდა მოერიდოს განცხადებებს, რომელიც მხოლოდ საფინანსო სექტორისთვის პრობლემების შექმნას და ქვეყნის უკუსვლას ისახავს მიზნად”, - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან” გიორგი კაპანაძემ.
აფბა-ს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსგავს გაფიცვებს ადგილი არ ექნება და საბანკო სექტორში დასაქმებული ადამიანები, კარგად გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას რაც მათ აკისრიათ ქვეყნის მდგრადობისა და განვითარების მიმართ.
"მოდით განვიხილოთ ყველაზე უარყოფითი სცენარიც და ის, თუ რა სურს რეალურად ქადაგიძეს. რამდენადაც მე ვხვდები, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და მზადაა ყველაფრის, თუნდაც საფინანსო სექტორის ჩამოშლის, ქვეყნის უკუსვლისა და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნის ფასად მიაღწიოს მას. საფინანსო სექტორის ჩამოშლა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეკონომიკური ვარდნა - არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას დააზარალებს, არამედ თუკი პოლიტიკური ცვლილება მოხდა, რაც ქადაგიძეს სურს, მომდევნო ხელისუფლებებსაც მოუწევთ შექმნილი პრობლემების გამოსწორება, თანაც დიდი ხნის განმავლობაში.
საქართველომ ეს გზა წლების წინ უკვე გაიარა, ამიტომაც მიმაჩნია მსგავსი განცხადებები უპასუხისმგებლობად და იმისიც მჯერა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიიცის მქონე და დღეს აქციაზე მდგომი ადამიანების უდიდესი ნაწილის სურვილი ქვეყნის წინსვლაა და არა მისი საფინანსო სექტორის ჩამოშლა და ეკონომიკური უკუსვლა.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდოს ისეთ განცხადებებს, რომელმაც შესაძლოა, არა მხოლოდ ახლანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც კი მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას”, - დასძინა გიორგი კაპანაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე