ტუროპერატორების ერთი ნაწილი პრობლემებზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ირგვლივ ვერანაირ ნეგატივს ვერ ამჩნევს
გვანცა წულაია
(22.05.2024)

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სექტორს ,,გამჭვირვალობის კანონზე“ მეტად, აქციები და არასტაბილურობა აზარალებს, ამიტომ, როგორც ირკვევა, ვიზიტორებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, თუმცა რეალურად სულაც არ არის ისეთი სურათი, როგორც ზოგიერთი ტუროპერატორი ან სასტუმროს მეპატრონე  ხატავს. მოლოდინი სახარბიელო არ არის, მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

"უცხოური გავლენის გამჭირავლობის შესახებ” კანონის გამო უარყოფითი მოლოდინი ტურიზმზე უკვე აისახა. ვიზიტორების მხრიდან ჯავშნები უქმდება, თუმცა ინდუსტრიაში ზაფხულის სეზონის ჩავარდნას არ ელიან. მეტიც, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნეგატიური მოლოდინი დროებითია და ცხელ თვეებს არავითარი პრობლემა არ ელის პოლიტიკური ვითარების გამო.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამტკიცებს, რომ ჯავშნების 20-25% უკვე გაუქმებულია.

„რაში გვჭირდება ეს კანონი? განა რა მოგება აქვს ქვეყნისთვის, რომ ამხელა რყევა გამოიწვია? ხელისუფლებას ჰგონია, რომ გარეთ ყველაფერი კარგად არის. 2 დღის წინ გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით. ადამიანები, ვინც ჩვენ მიმართულებას კურირებენ, სირაქლემას პოზაში არიან, ვითომ არაფერი ხდება და პირიქით წინ მივდივართ", - განაცხადა ალავერდაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან”.

სასტუმროების წარმომადგენელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათთან უცხოელი ვიზიტორების მხრიდან ჯავშნები უქმდება. როგორც სასტუმრო "სტეფ ინნის” დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა თქვა, მაისში 59%-იანი გაუქმება დაფიქსირდა.

"იმედია, მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მთავრობა გაითვალისწინებს, როგორც ხალხის, ისე ბიზნესის ხმას, რადგან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ისედაც არ ვიცით, მოკლევადიან პერიოდში რა რეაგირება უნდა გვქონდეს, მოვემზადოთ სეზონისთვის და დავიმატოთ თანამშრომლები, თუ უნდა შევამციროთ დასაქმებულების რაოდენობა ან ხელფასების დაკლების ხარჯზე შევინარჩუნოთ პოზიციები. ცალკე პრობლემა არის ის, რომ ქვეყნაში სამუშაო ძალა აღარ არის დარჩენილი.

იმდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია რა მოხდება საშუალოვადიან პერიოდში, რომ ახლა არც ბიზნესის გაფართოებაზე, არც დამატებითი სახსრების მოძიებაზე, საუბარი შეჩერებულია. უშუალოდ ჩვენ მაისში ჯავშნების 59% გაგვიუქმდა. ეს მაშინ, როდესაც საშუალოდ 22-დან 24-პროცენტამდე მერყეობს სხვა თვეებში. მაღალი მაჩვენებელი გვქონდა ზამთრის პერიოდში და 61% შეადგინა, მაგრამ იქ იყო დიდთოვლობით გამოწვეული ფაქტორი. გზა იკეტებოდა, ამის მოლოდინი ისედაც არსებობდა და გათვლაც შესაძლებელი იყო. 

ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან, ეს გამოსველები რამდენად საფრთის შემცველია. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უცხოეთში დასასვენებლად დადის და ქართველებიც თუ ნახავენ, რომ გაუგებარი პროცესი ვითარდება იმ ქვეყანაში, სადაც გამგზავრება სურთ, იქ დასვენების სტიმული საერთოდ აღარ ექნებათ”, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა "ქალების ნარატივში”.

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის გავლენა შეაფასეს ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმაც და როგორც პროფესორმა მარინა მეტრეველმა განაცხადა, ნესმიერის სახის არასტაბილური გარემო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას პრობლემას უქმნის.

"ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას იქონიებს ტურიზმის ინდუსტრიაზე. ქვეყანაში ნაკლები ტურისტი შემოვა, შესაბამისად, მათგან შემოსული თანხაც შემცირდება. ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა იწვევს ტურისტების შემოსვლის შემცირებას და სწორედ ეს ხდება ახლა ამ მიმართულებით.

არასტაბილურობა ნიშნავს ნებისმიერ სიტუაციას, შეიძლება ეს იყოს ომი, რევოლუცია, უბრალოდ გამოსვლები და პოლიტიკური რყევები”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა მეტრეველმა.

თუმცა არსებობს სრულიად სხვაგვარი მოსაზრება და დადასტურებული ინფორმაციაც. სასტუმრო "მერკურის”, "სვისსოტელის” და "იბის სთაილის” დირექტორი მაკა ცხომელიძე ამბობს, რომ მასთან ჯავშნები არ გაუქმებულა და თან კარგ სეზონსაც პროგნოზირებს.

„სასტუმრო "მერკურს” ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. რაც შეეხება "სვისსოტელ თბილისს” აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა ახალი შეკვეთები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ.

თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, სასტუმრო "მერკურში” ჯავშნები გაზრდილია 20-22%-ით, მოლოდინი გვაქვს, რომ 25-30%-ით გაიზრდება ზაფხულში. ჩვენ კარგ სეზონს ველოდებით“, - განაცხადა მაკა ცხომელიძემ.

2024 წლის საფხულის სეზონისთვის დატვირთვის პრობლემას ვერ ხედავს ვერც "ქორთიარდ მარიოტ ბათუმის” მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი მაია წერეთელი. ისიც ადასტურებს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, ჯავშნების, მეტი რაოდენობაა.

„ბათუმის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, წელს მოლოდინი ბევრად უკეთესია, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან გასულ წელს ამ დროისთვის არ იყო იმდენი დადასტურებული ჯავშანი, რაც ახლა გვაქვს.

ქუთაისის აეროპორტში საკმაოდ ბევრი ავიარესი დაემატა და ცხადია, ეს მოიყვანს მეტ სტუმარს. რამდენადაც ვიცი საუდის არაბეთი ამატებს პირდაპირ ფრენებს. ასევე, ჩინეთთან საზღვარი თუ გაიხსნა მოსალოდნელია იქიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოვა. ვფიქრობ, ამ ზაფხულს დატვირთვა პრობლემა არ უნდა იყოს“, - აღნიშნა წერეთელმა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციები მთელი ევროპის მასშტაბითაა და საქართველოში არსებული ვითარება ჯავშნებზე არ იმოქმედებს.

„ასეთი ტიპის არეულობები, ევროპის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაშია. ჩვენ თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა რაღაც გააპროტესტონ, არა მგონია, ვინმემ თავისი მოგზაურობა გადადოს ამ აქციების გამო. იმედი მაქვს, ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცხადია, რაღაც პატარა ტურბულენტობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული, რომ ჯავშნებზე და სეზონზე იმოქმედოს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, წელს იმაზე უკეთესი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე შარშან გვქონდა“, - დასძინა წერეთელმა.

შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულ სიტუაციაზე ისაუბრა კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამაც და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ავიარეისების დამატებამ და აღდგენამ.

"ჩვენ რომელ ქვეყნებზეც ვმუშაობთ, მაგალითად, ისრაელიდან ძალიან მოიმატა ჩამომსვლელებმა. იქ მიმდინარე მოვლენების გამო ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა, ამიტომ ისრაელიდან არის ძალიან დიდი მატება.

რეისები მაინც დატვირთული იყო იმ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი კომპანია მუშაობს.

რაც შეეხება მიმდინარე ტურისტული სეზონის მოლოდინს, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე რამდენად დაბალანსდება მოთხოვნა-მიწოდება. ახლა ივლის-აგვისტოს ფასები საქართველოს სასტუმროებში არნახულად მომატებულია და იმ შემთხვევაში თუ ეს არ დაკორექტირდება, ჩვენი ბაზრებიდან შეიძლება შემცირება აღინიშნოს.

სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, დადებითი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო საკმაოდ მოთხოვნადია იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს", - განაცხადა შენგელიამ.

კარგ სეზონს პროგნოზირებს სამთავრობო უწყებაც. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ნეგატიური მოლოდინის შექმნის მცდელობები სრულიად მოკლებულია საფუძველს.

„მინდა მივმართო თითოეულ ოპონენტს, რომელიც დღეს ცდილობს ემოციური ზემოქმედება მოახდინოს მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ნებისმიერი დეზინფორმაცია, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას ნეგატიური მოლოდინი ტურიზმის ინდუსტრიაში, პირველ რიგში აზარალებს ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე აზარალებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით წარმატებულია და პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ აღნიშნული სექტორიდან მიიღო 800 მილიონ დოლარზე მეტი, რაც რეკორდული შემოსავალია ერთი კვარტლის ჭრილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე