რეზონანსი
(17.03.2023)

როგორც ვიცით, 2020-2021 წლებში ამერიკული ეკონომიკის მხარდაჭერისათვის ფსს (ფედერალურმა სარეზერვო სისტემა) საპროცენტო განაკვეთი 0%-მდე დაწია. ამან კრედიტები და სხვა ფინანსური ვალდებულებები ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი გახადა, რამაც ფსს-ს  საშუალება მისცა, ბალანსი ობლიგაციებითა და სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით, 9 მილიარდი დოლარით შეევსო. მარტივად, რომ ვთქვათ რეგულატორმა ტრილიონი დოლარი „დაბეჭდა“ მოსახლეობისა და ბიზნენისათვის დასარიგებლად, რასაც შედეგად მოჰყვა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა, საფონდო ბაზრების ზრდა და საბოლოოდ, ინფლაციაზეც  იქონია გავლენა.

პარალელურად დაბალრისკიანმა ფასიანმა ქაღალდებმა, როგორიცაა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები, დაკარგა შემოსავლიანობის განაკვეთი და შესაბამისად, მათზე მოთხოვნა შემცირდა. წესით, როდესაც ფსს დაბლა სწევს საპროცენტო განაკვეთს, ობლიგაციების შემოსავლიანობა იკლებს და როდესაც პირიქითაა - მაღლა სწევს განაკვეთს - შემოსავლიანობა იზრდება. შესაბამისად, ინვესტორები არ რისკავენ თანხები ჩადონ სხვა მაღალრისკიან აქციებში, კრიპტოვალუტაში ან სხვა აქტივებში.

რაც შეეხება Silicon Valley Bank-ს, როდესაც „მარტივი ფულის“ ნაკადის შემოდინების შესაძლებლობები გაუჩნდა, რისკების შემცირების მიზნით ნაწილი თანხებით სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინა. პრობლემა ისაა, რომ 1%-იანი შემოსავლიანობით შეძენილი ობლგაციების ფასი საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან ერთად გაიაფდა. თუ საგნობრივად ვისაუბრებთ, 10 დღის წინ ბანკს, რომ გაესტუმრებინა დეპოზიტები, გაყიდა 21 მილიარდის ობლიგაცია 1,8 მილიარდიანი წაგებით. ამისთის ბანკმა დამატებით გამოუშვა 2,3 მლრდ დოლარის აქციები და ამან გამოიწვია გარკვეული პანიკა ბანკის კლიენტებს შორის.

შედეგად შეიძლება ითქვას,რომ  ფსს მოქმედებები გამო, ბანკმა ობლიგაციებზე იზარალა 9% მაშინ, როდესაც ისინი შეძენილი იყო ერთადერთი მიზნით, დაეცვათ კლიენტების სახსრები ფინანსური რისკებისაგან. დღეის მონაცემებით, აღნიშნული ბანკი ფლობს გრძელვადიან აშშ სახაზინო ობლიგაციებს, რომლის მოცულობა 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დღეს, როდესაც ინტერნეტ ბანკინგი საშუალებას გაძლევთ გაანაღდოთ დეპოზიტები ბანკის ოფისებში მისვლის გარეშე, ობლიგაციების გაყიდვისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გამოცხადების შემდეგ, უკვე 9 მარტს, კლიენტებისაგან SVB-ს დაუგროვდა 42 მილიარდი დოლარის მთლიანი გატანის მოთხოვნა, ხოლო 10 მარტს ბანკის ყველა ოპერაცია დაბლოკა ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციამ (FDIC).

როგორც წესი, ლიკვიდობის კრიზისი სისტემურ ხასიათს ატარებს, თუნდაც დეპოზიტების გატანის მკვეთრი მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვერ ახერხებს დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს განცხადებები, მეორეც ფინანსური ინსტიტუტების ორმხრივი ვალის დატვირთვა იწვევს დომინოს ეფექტს.

ამერიკულ ბანკებს ამჟამად აქვთ 652 მილიარდი დოლარის არარეალიზებული აქტივების ზარალი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ზარალი მხოლოდ 3 მილიარდი დოლარი იყო  სულ რაღაც ერთი წლის წინ.

პრობლემის მასშტაბის ფონზე, ვფიქრობთ, რომ  ფედერალური ბანკის განცხადება საბანკო სექტორის მხარდასაჭერად 25 მილიარდი დოლარის დამატებით ფონდის შესახებ არასაკმარისია. შეგახსენებთ,რომ 2022 წლის ბოლოს მხოლოდ SVB ბანკი  ემსახურებოდა 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დეპოზიტებს, საიდანაც 85% FDIC მხრიდან  არ იყო დაზღვეული. გადაუდებელი ზომები თუ არ მიიღება, SVB-ის ბევრი კლიენტი, უბრალოდ, გაკოტრდება და სხვა ბანკებსაც ლიკვიდურობის ნაკლებობა შეექმნებათ.

რადგანაც ფსს-ის ქმედებებმა საბანკო სექტორში კრიზისი გამოიწვია,  ადრინდელი განცხადებების მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთების უფრო სერიოზული ზრდის აუცილებლობის შესახებ, ვფიქრობთ, რომ 22 მარტს იგი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დოლარის პოზიციები სხვა ვალუტებთან მიმართებაში დაცემას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე