„ფაქტი ჯიუტია, რაც ომი მიმდინარეობს, იბომბება უკრაინის ტერიტორია, მაგრამ არც ერთი გაზსადენი არ დაზიანებულა"
გვანცა წულაია
(15.02.2023)

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს უკრაინის გავლით იღებს, რომლის მოცულობაც „გაზპრომმა“ ახლა უკვე მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზარდა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინა იძულებულია რუსული აირი თავისი ტერიტორიის გავლით ევროპისკენ გაატაროს. ტრანზინტის მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზრდა კი, იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს პრობლემები შეექმნათ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გავლით „გაზპრომის“ ტრანზიტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა. უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი იტყობინება, რომ მან "გაზპრომისგან" ოთხშაბათს 35,8 მლნ კუბური მეტრის ტრანზიტზე მიიღო განაცხადი.

უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა, სოხრანივკას გავლით ტრანზიტისთვის გაზის მიღების გამო, ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა და განმარტა, რომ მას ნოვოპსკოვის საკომპრესორო სადგურზე  ოპერაციული და ტექნოლოგიური კონტროლი არ შეუძლია, რადგან მარშრუტი სოხრანივკას გავლით დღე-ღამეში 30 მილიონ კუბურ მეტრი გაზის ტრანზიტს უზურნველყოფს.

„გაზპრომში“ კი მიაჩნიათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. რუსული კომპანიის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ რუსული გაზი უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის მიეწოდება უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით - 35,3 მილიონი კუბური მეტრი.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ევროპის წნეხის გათვალისწინებით, უკრაინა იძულებულია რუსული გაზი გაატაროს.

„აქ ხომ ევროპის ქვეყნებზეა – უნგრეთზე, ავსტრიაზე და ა.შ. ლაპარაკი. სწორედ ამიტომ უკრაინა იძულებულია, რუსული აირი ტრანზიტის საშუალებით გაატაროს ევროპაში, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან პრობლემა არ შეექმნას. ვფიქრობ, უკრაინა სწორად იქცევა.

35 მლნ გაზის დიდ რაოდენობას არ წარმოადგენეს. დავუშვათ, რომ უკრაინა 35 მლნ კუბურ მეტრ გაზს დღეში ატარებს ტრანზიტის საშუალებით, ეს წლის განმავლობაში დაახლოებით 12 მლრდ-ია. წარმოიდგინეთ, უკრაინის გავლით წლის განმავლობაში 100 მლრდ გადიოდა, ახლა თუ სულ ასეთ რეჟიმში იმუშავეს, 12 მლრდ-ზე მეტის გატარება არ მოხდება. კი ბატონო, ეს რაღაცაზე მეტია, მაგრამ არ არის ის რიცხვი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ევროპის გაზმომარაგებას.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით ბევრი სიახლეა. ფაქტობრივად, ზამთარი გადაგორდა და ის ვერსია, რომ ევროპა გაიყინებოდა, დამთავრდა, რადგან მათ ძალიან სწრაფად მოახერხეს გადაწყობა. შემდგომი ზამთარი გაცილებით უკეთესი იქნება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და თითოეული სახელმწიფო ძალიან სერიოზულად ზრუნავს ამაზე”, - განუცხადა „რეზონანსს” გია არაბიძემ.

თუმცა საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არი.ს ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებით ირკევა, რომ ევროპაში გაზის მარაგების ამჟამინდელი დონე 65,66%-მდე შემცირდა - ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში 20%-ით ნაკლები მაჩვენებელია. თანაც ყველა მსხვილი ანალიტიკური ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მომავალ ზამთრისთვის გაზის დამარაგება და საცავების შევსება უფრო გაძნელდება, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ მოხერხდა.

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ადასტურებს, რადგან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებს პრობლემები აქვთ.

„საერთოდ, ევროპის გაზმომარაგება დამოკიდებული იყო რეთზე. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა აზრი არ შეგვიცვლია იმაზე, რომ ევროპა რუსული გაზის გარეშე ვერ გაძლებდა. იყო ინფორმაციები, რომ ევროპამ რუსული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლა, მაგრამ ჯერჯერობით ამის ტექნიკური საშუალება არ არსებობს, რომ ევროპაში ასე უცებ ჩანაცვლდეს რუსული გაზი. ჩრდილოეთიდან ბუნებრივი აირი ევროპაში მაინც შედის და უმეტეს შემთხვევაში, ქვეყნებს თანხის გადახდა უწევთ რუბლებში.

რაც ომი მიმდინარეობს, იბომბება უკრაინის ტერიტორია, მაგრამ არც ერთი გაზსადენი არ დაზიანებულა, რომელიც ქვეყანაში რაოდენობრივად რვაა. ეს პოლიტიკური სიტუაციაა, დასავლეთი ომობს რუსეთთან, უნდა მისი დასუსტება, მაგრამ ასევე სარგებლობს რუსული სიკეთეებით.

ფაქტი ჯიუტია, ზამთარი უტევს ევროპას, თავისი ციკლონით, ცივი ჰაერის მასებით და შესაბამისად, გაიზარდა გაზის მიწოდებაც. რაც შეეხება მარაგებს, რადგან რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდება გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებს გარკვეული პრობლემები ამ მხრივაც აქვთ”, - განუცხადა „რეზონანსს” შენგელიამ.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება თუ ადრე თეორიულად განიხილებოდა, ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ნაბიჯების გადადმა დაიწყეს, თუმცა ეს არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაწყვეტა მოკლე ვადაში რთულია.

2021 წლის განმავლობაში ევროკავშირში 155 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი რუსეთიდან შევიდა, რაც იმპორტირებული გაზის დაახლოებით 45%-ს შეადგენდა. შარშან ეს მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსული გაზის ჩანაცვლება ვერ ხერხდება, რისი სურვილიც დიდი ხანია არსებობს. დღეს ევროპაში რუსულ გაზზე დამოკიდებულება მაინც არსებობს - ზოგი მასზე მეტად არის დამოკიდებული, ზოგიც - ნაკლებად.

ცნობილია, რომ ენერგეტიკული კრიზისის საპასუხოდ ევროპის ქვეყნების დანახარჯები თითქმის 800 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. აქედან ევროკავშირის ქვეყნებმა ენერგორესურსებზე მზარდი ფასების საპასუხოდ 680 მილიარდი ევრო გამოყვეს.

ხარჯებით ევროკავშირში გერმანია ლიდერობს, რადგან ევროპის ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვენას რუსულ ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება ომამდე 40%-ს აჭარბებდა. ენერგეტიკული კრიზისის საპასუხოდ და მოსახლეობის/წარმოების დასახმარებლად ქვეყანამ 270 მილიარდი ევრო გამოყო. მას იტალია და დიდი ბრიტანეთი მოჰყვებიან. მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობისას ყველაზე მეტი დანახარჯი ლუქსემბურგს, დანიასა და გერმანიას აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე