"ილუზიებში თავად ცხოვრობს, ეს ჭყონიამაც იცოდეს და სხვა ბიზნესმენებმა, რომლებიც არიან გაღორებულები”
გვანცა წულაია
(14.02.2023)

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებელით იზრდება. განვითარების ტემპის გათვალისწინებით, კერძო სექტორი სიმშვიდეს გრძნობს, თუმცა არიან ჩასაფრებულებიც. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ "ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ და მოგვწონს ეს სიტუაცია”. მის ამგვარ შეფასებას უმწვავესი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზრდა. ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშანაც, რა დროსაც მშპ-ს ტემპმა 10.1%-ს მიაღწია. ასეთი სტატისტიკური მაშვენებლების შემდეგ "მაკდონალდს საქართველოს” და "კოკა-კოლას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ეს ეკონომიკური ილუზიაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკა ომის ხარჯზე იზრდება. მოგეხსენებათ, მიგრანტების რიცხვი გაიზარდა... ასევე, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გაექცა კონფლიქტს და სხვა ქვეყნებიდან რიცხავენ ფულს. ამ ყველაფერმა ერთად საქართველოს ეკონომიკის წინსვლას შეუწყო ხელი. ჩვენ ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ და მოგვწონს ეს სიტუაცია.

ეს ზრდა მდგრადი არ შეიძლება იყოს, რადაგან არ შეიძლება ომი დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ბიზნესმენმა გადაცემაში "წერტილი”.

ცნობისთვის, ჭყონიას ქვეყნის მასშტაბით `მაკდონალდსის” 21 რესტორანი აქვს და წელს დამატებით კიდევ 4 ახალი ობიექტის გახსნა აპირებს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი უკვე მომავალ წელს 70 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ჭყონიას შეფასებამ ანალიტიკოსებში აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ილუზიებში თავად ბიზნესმენი ცხოვრობს. ექსპერტი ამირან სალუქვაძე თემურ ჭყონიას განცხადებას პოლიტიკურს უწოდებს.

"პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში რომ გააქვს, არ რცხვენია, არ იმჩნევს და ამ დროს საქართველოს რუსეთთან ვაჭრობას აკრიტიკებს. სარეველასავით არა, მაგრამ მისი ობიექტები ხომ მრავლდება. ეს არ არის ეკონომიკის და მოხმარების გაზრდა?

ბიუჯეტი 10 წლის წინ იყო 12 მლრდ, ახლა არის 24 მლრდ და რატომ სწყინთ ასე ვერ ვხვდები. მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის შეფასებას ყველა ვხედავთ. მათი მხრიდან კარგი პროგნოზები გაკეთდა 2023 და 2024 წლისთვისაც. ეს ხომ არ არის მთავრობის მოგონილი? 

მესმის, რომ ყველა ჩვენთაგანის ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ. მე ვიცი, ვის უჭირს და ვის ულხინს. ეს იოლი საპოპულუსტო თემაა. თავად კი ბიზნესმენია და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, თან ქილიკობს. ეს არის ჩემი შეფასება და კითხვაც მექნება, რის საფუძველზე ანვითარებას ბიზნესს, რატომ იხსნება ახალ-ახალი ობიექტები, თუ მთელი ქვეყანა ასეთ ილუზიებშია? თავის ბიზნესს როგორ აფასებს, რა პროგნოზი აქვს საკუთარი ბიზნესის განვითარების? ალბათ, მინიმუმ 3-4 წლიანი პროგნოზი უნდა ჰქონდეს და უარყოფითი მოლოდინი აქვს, თუ პოზიტიური?

სტაჟიანი ბიზნესმენია და ყველა ხელისუფლეაბაში თავს კარგად გრძნობდა. არ აწუხებს ეს ხელისუფლება, არ ატერორებს, წილებს არ ართმევს, ჯურღმულებში არ იბარებენ და რატომაა ასეთი დაბოღმილი. საქმიანად გააკრიტიკოს ხელისუფლება, რაში არ ეთანხმება, რა გაკეთდებოდა უკეთესად. ეს არის კვალიფიციური, პროფესიონალური და საქმიანი კრიტიკა და არა ღვარძლი და ზიზღი.

მისი ეს კომენტარი აბსოლუტურად, 100%-ით პოლიტიკურია. განცახდებაში 1%-იც არ არის ის, რაც ეკონომიკას უკავშირდება, ბიზნესს და რეალურ შეფასებას”, - განუცხადა "რეზონანსს” ამირან სალუქვაძემ.

ამ პოზიციას აბსოლუტურად იზიარებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და აცხადებს, რომ ბიზნესმენის განცხადება წმიდა წყლის პოპულიზმია.

"პოპულისტურია ის განცხადება, რომელსაც თემურ ჭყონია და მთელი რიგი ე.წ. საბჭოთა ბიზნესმენები აკეთებენ. ეკონომიკურ ილუზიებში თავად ცხოვრობს. ბოლო ორი წელია 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ამ წელსაც განმეორდება, თუ მეტი არ იქნა. ეკონომიკური ილუზია ზუსტად ის არის, როდესაც არსებობს ცალკეული ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც არიან გაღორებულები და ზემაღალი ფასებით აღატაკებენ მოსახლეობას”, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსთან”.

იგი ჭყონიას კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბიზნესმენი ამბობს, რომ "პრემიერის ეს სიტყვები ("პირველადი მოხმარების სურსათს მაღალი მარჟებით ყიდიან და ბიზნესი მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდეს") როდესაც მოვისმინე, ყურს არ ესიამოვნა, რადგან ფასებში როდესაც ერევა სახელმწიფო, ეს საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგოა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მსყიდველუნარიანი არაა მოქალაქე, მაინც უნდა მივიღოთ ისეთი ფასი, რომ მოსახლეობას აუცილებელი საგნების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს”.

გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ როდესაც მონოპოლიის გამო, კონკურენცია შეზღუდულია, მაშინ, სახელმწიფო ვალდებულია გახსნას ბაზარი.

"სახელმწიფოს ამოცანა არის ის, რომ ხელი შეუწყოს ბაზარზე თავისუფალ კონურენციას და ჩვენ ვნახეთ, მთელ რიგ მედიკამენტებზე, მათ შორის ძალიან მნიშვნელოან ქრონიკულ წამლებზე, ფასის მკვეთრი შემცირება. ადრე როგორი ფასით იყიდებოდა და ეს არის ზუსტად მევახშეობა და სპეკულაცია. სახელმწიფო ყველგან ერევა, როდესაც ბაზარზე ფასების დამახინჯებაა. სახელმწიფოს ამოცანა არ არის ფასები დადგენა. ღირებულებას ადგენს ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების, მაგრამ როდესაც მოთხოვნა-მიწოდების მრუდი არის დამახინჯებული და როდესაც ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია იმის გამო, რომ გაკრვეული მონოპოლიები არიან, მაშინ, სახელმწიფო ვალდებულია გახსნას ბაზარი. ეს ჭყონიამაც იცოდეს და სხვა ბიზნესმენებმა, რომლებიც არიან გაღორებულები”, - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონმისტთა მეორე ნაწილი ბიზნესმენის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს. მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ერთის მხრივ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მეორე კუთხით, სოციალურად დაუცველთა ფენის ოდენობა და ემიგრაცია გაიზარდა.

"ერთი მხრივ ვამაყობთ, რომ ორი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ სოციალურად დაუცველთა ოდენობა და ემიგრაციაც გაიზარდა. თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ხალხი რატომ ვერ გრძნობს? სოციალურ გამოკითხვებში, პირველად, საქართველოს ისტორიაში, ფასები ზრდა დასახალდა, სიღარიბე და უმუშევრობა კი მეორე ადგილზეა.

შარშან პროგნოზირებული იყო 5%-იანი ზრდა. არავის არ ჰქონდა დაგეგმილი, რომ რუსეთის მოქალაქეები აქ ჩამოვიდნენ და გაზრდნენ მოთხოვნას. მათმა შემოსვლამ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. უკვე წელს და მომავალ წელსაც შემცირდება მაჩვენებელი, თუ კონფლიქტი არ გაგრძელდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე