"ეს იმიტომ, რომ ყოველი შემდეგი მისვლა უკვე ფასიანია და მძღოლებისგან მეტი თანხის მიღებას შეეცდებიან"
ქეთო გოგოხია
(14.02.2023)

ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ადმინისტრირება გამკაცრდა, თუმცა ავტომფლობელები მაინც პასიურობენ. შემოწმებული მანქანების რაოდენობა მცირდება. განმეორებით ინსპექტირებაზე გადასახადის დაწესება მდგომარეობას, სავარაუდოდ, გაართულებს, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, პირველ ეტაპზევე მანქანების ნაწილი სპეციალურად დახარვეზდეს, რომ მეტი თანხა აიღონ მძღოლებისგან. ასეთი რისკი რეალურად არსებობს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯამურად 1 028 674 ავტომობილმა გაიარა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

2021 წელს ტექინსპექტირების ცენტრებს 1 051 045 ავტომფლობელმა მიმართა.

„აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველადი ინსპექტირებისას 504 806 ავტომობილი აღმოჩნდა ვარგისი, ხოლო უვარგისი - 278 482 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება კი 3 604 ავტომობილს აეკრძალა.

განმეორებითი ტექინსპექტირება შეცვლის თუ არა მდგომარეობას, პროგნოზისგან თავს იკავებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, რომელიც ,,რეზონანსთან" ამბობს, რომ ტენდენცია დაახლოებით 2 თვეში გამოიკვეთება.

,,სულ რაღაც 2 კვირაა, რაც დაიწყო ფასიანი განმეორებითი ინსპექტირება და ჯერ ადრეა მონაცემების შეჯამებაა, რაღაც ანალიზი შეიძლება გაკეთდეს ალბათ 2 თვეში. სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო, განსაკუთრებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის მხრივ, კერძო ავტომობილებზე რომ არაფერი ვთქვა. 

ჩვენი კვლევით ავტობუსების და მიკროავტობუსების მხოლოდ 15% ცხადდება ტექინსპექტირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მგზავრების გადაყვანა დიდი ალბათობით ხდება ტექნიკურად გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კანონის აღსრულება არის მთავარი გამოწვევა. ამ თვალსაზრისით, რეფორმა საფრთხის წინაშე დგას", - აღნიშნა მესხიშვილმა.

ფაქტია, რომ ტექნიკური ინსპექტირების მხრივ პრობლემა რეალურად ვერ გვარდება. მძღოლების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, განმეორებითი ტექნიკური შემოწმების გავლასაც ვერ შეძლებს. ასეთი კი დაახლოებით 20%-ია, რომლებიც შემოწმებისთვის  მზად არ არიან.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საკმაოდ დიდია ავტომობილების რიცხვი, რომლებსაც განმეორებითი ტექდათვალიერება უწევთ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლები შემოწმებას არ გადიან. ,,საქართველოს ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის" თავმჯდომარის ვაჟა იორდანაშვილის თქმით,  ტექინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალებების 30% ხარვეზდება, თუმცა შეიძლება ვითარება გამოსწორდეს და განმეორებითი ტექინსპექტირებით ტენდენცია დადებითისკენ შეიცვალოს.

„სახარბიელო მოცემულობა ნამდვილად არ გვაქვს, ქვეყანაში 1 მლნ 500 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების დაახლოებით 30%  დახარვეზდა. ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემაა, თუმცა განმეორებითი ტექდათვალიერება სიტუაციას ცოტათი მაინც შეცვლის, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან მძღოლები უფრო მეტი გულისყურით მოეკიდებიან, რომ პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილი ელემენტარულ პარამეტრებზე არ დახარვეზდეს“, - აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა ,,რეზონანსთან".

სპეციალისტების ნაწილი არ მალავს უკმაყოფილებას და აცხადებს, რომ განმეორებით შემოწმებაზე გადასახადის დაწესებით დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან მოსახლეობისთვის ეს ზედმეტი ხარჯია, რაც ბევრ მძღოლს შეუქმნის პრობლემას. ავტოსატრანსპორტო სფეროს სპეციალისტის, ინჟინერ ნოდარ რამიშვილის აზრით, განმეორებით ტექდათვალიერებაზე მისული მძღოლების მინიმუმ 20% შემოწმებას ვერ გაივლის.

,,არაპოპულისტური ნაბიჯი გადაიდგა, თამამად შემიძლია თქმა, რომ ხალხის ,,ძარცვას" ემსახურება. ბევრს შეექმნება პრობლემა, გადასახადის თავის არიდებას შეეცდებიან, თან ბევრი გაუმართავი ავტომობილია და ამჯობინებენ, ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე მისი ტექნიკური გამართვისთვის გასწიონ ხარჯი.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პირველ ეტაპზევე მანქანების ნაწილი სპეციალურად დახარვეზდეს, მძღოლებისგან მეტი თანხის მიღებას შეეცდებიან. გამოსწორების ნაცვლად, საქმე გააფუჭეს. ჩემი აზრით, განმეორებითი შემოწმებისას მანქანების 20% მოთხოვნილ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს", - უთხრა ,,რეზონანსს" რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვლამდე განმეორებითი ტექდათვალიერება უფასო იყო. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე