წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებით ინფლაციის დონე საქართველოში დაახლოებით 1-1,5%-ის ფარგლებში დაიწევს, ხოლო მედიკამენტების ხარჯს ოჯახებისთვის თვეში 15-დან 30 ლარის ფარგლებში შეამცირებს. ეს პირველ ეტაპზე შესამჩნევი სარგებელია, რაც შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ცვლილებამ ქვეყანას და მოსახლეობას მოუტანოს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, ანალოგიური პრაქტიკა მოქმედებს განვითარებად ქვეყნებში, რაც ქართველმა კანონმდებლებმა გაითვალისწინეს. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ არ იქნება გამართლებული, თუკი ზედა ზღვრის მექანიზმი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.
რეფორმის მთავარი მიზანია, მაღალი ფასების წნეხი შეუმსუბუქოს მოსახლეობას, ხოლო სტატისკურ მონაცემებში ეს სარგებელი შეიძლება ინფლაციის შემცირებით აისახოს.სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნესს-რეზონანსთან“ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა.
,,რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ისეთი პოზიციაა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მოქალაქეებისთვის. მედიკამენტებზე მოთხოვნა, საპენსიო ასაკის ზრდასთან ერთად, მატულობს და ამ ხარჯის წილი პენსიონერების შემოსავლებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდულ ჯგუფებში, ამიტომ ინფლაციაზე მოსალოდნელი სხვაობის სიდიდე უნდა განისაზღვროს არა საშუალო, არამედ მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებითაც.
ვინაიდან ცვლილება შეეხება მხოლოდ ნაწილს, არა ყველა მედიკამენტს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფასების საერთო შემცირება 20-25%-ის ფარგლებში გვექნება. ამასთან, მედიკამენტური წამლების წილი სამომხმარებლო ბიუჯეტში არის დაახლოებით 5%-მდე, შესაბამისად, 1-1,5 %-ით მაინც შეამცირებს ინფლაციის მაჩვენებელს“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება ოჯახებისთვის შეღავათს, სტატისტიკოსის თქმით, მედიკამენეტების მომხმარებლებს ხარჯი თვეში, საშუალოდ, 12-15 ლარით შეუმცირდებათ, პენსიონერებისთვის კი გაცილებით მეტად, დაახლოებით 25-30 ლარის ფარგლებში.
,,სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების სუბსიდირება დაახლოებით 12-15 ლარით შეამცირებს ოჯახის ხარჯს 1 შინამეურნეობისთვის, რაც სოლიდური მაჩვენებელია. პენსიონერებისთვის ეს მაჩვენებელი სულ ცოტა, უნდა გავაორმაგოთ, 25-30 ლარის ფარგლებში საშუალოდ. როგორც ცნობილია, რეფერენტულ წესს მედიკამენტების 40% დაექვემდებარება. თუმცა ორიენტაცია უნდა ავიღოთ შემოსავლების ზრდაზე, ნებისმიერი სამომხმარებლო საქონელი, მათ შორის მედიკამენტების დიდი ნაწილი იწარმოება ქვეყნის გარეთ და დიდწილად გლობალურ ფასებზე ვართ დამოკიდებული.
მონდომების და სურვილის მიუხედავად, არ შგვეძლება ფასები შევამციროთ, მაგრამ მთავარი უნდა იყოს შემოსავლების ისეთი ზრდა, რომლითაც შევძლებთ გაცილებით მეტის შეძენას - მედიკამენტებიდან დაწყებული და სხვა სახის დოვლათით დამთავრებული. ცხადია, რომ შეღავათი დიდია მოსახლეობისთვის და ამასთან, ინფლაციის დათრგუნვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა“, - დასძინა არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
მედიცინის სფეროს სპეციალისტები კი, პროგრამის სარგებელთან ერთად, იმ რისკებზეც საუბრობენ, რომ რეფერენტული წამლების შემოღებას უკავშირდება. პროფესორი კახა ჯაყელი არ გამორიცხავს, ეფექტი ერთჯერადი აღმოჩნდეს, რასაც იგი ბაზარზე არსებული მონოპილიითა და გლობალური ტენდენციებით ხსნის.
,,საქართველომ გაითვალისწინა განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკა, ანუ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების გამოცდილება, რაც ფასების კლებას შეუწყობს ხელს. დაფიქრდებიან წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ძალიან ძვირად ყიდიან წამალს. ხალხისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.
მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, საქმეს ვერც ამან უშველოს. ჯერ ერთი, გლობალური ტენდენცია წამლების გაძვირებისკენ მიდის. ამასთან, აუცილებელი გახდება ექიმთან მისვლა, რაც ხარჯს გაზრდის, მართალია, ონლაინ კონსულტაციებითაც შესაძლებელია წამლები გამოიწეროს, მაგრამ რა ხარისხის სერვისსაც სთავაზობენ კლინიკები მომხმარებლებს, ეს კიდევ სხვა საკითხია. ბევრი მოვლენა იქნება გადასახედი, ახალი გაიდლაინი უნდა შეიქმნას ჯანდაცვის პოლიტიკაში, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს“, - აღნიშნა ჯაყელმა და დასძინა, რომ რეფორმის ეფექტი შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს, თუკი ცვლილება ერთჯერადი იქნება, ამიტომ სისტემური ცვლილება უნდა გატარდეს.
,,დიდი პრობლემაა კონკურენციაც, არაერთხელ გვითქვამს, რომ წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები რეგიონებში მონოპოლისტურ ნიშნებს ავლენენ, რაც გარკვეულ რეაგირებას მოითხოვს. ბაზარზე არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის რეფორმას და შესაბამისად, სარგებელს ამცირებს, რაც შეიძლება ქვეყანამ და მოსახლეობამ მიიღოს. ჯერჯერობით მოკლევადიანი ღონისძიებაა, ასე ვფიქრობ“, - უთხრა კახა ჯაყელმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე