"ინფრასტრუქტურა ძალიან სწრაფად არის განსავითარებელი. არა მარტო რკინიგზა, არამედ ნავთობსადენიც და პორტებიც"
ქეთო გოგოხია
(02.02.2023)

შუა აზიური ნავთობისთვის საქართველოს დერეფანი, ფაქტობრივად, უალტერნატივოა. მხარეებს შორის მოლაპარაკება თითქმის მიღწეულია და ტექნიკურად იწყება პროცესი, რაც საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებას უზრუნველყოფს. რასაკვირველია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობაა, თუმცა ინფრასტრუქტურა საამისოდ ჯერჯერობით არ არის მზად, განსაკუთრებით ბათუმისა და ფოთის პორტები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებულ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებენ.

როგორც ცნობილია, ყაზახური ნავთობის ექსპორტის მიზნით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საკითხებზე საუბრის დროს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ასეტ მაგაუვმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის მიზანია, წელს სატრანსპორტო სიმძლავრე 6,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტისთვის უზრუნველყოს, რაც 2024 წელს 7,5 მილიონ ტონამდე, ხოლო 2025 წლის ბოლომდე 15 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

ერთია, რამდენად სწრაფად შეძლებს ქვეყანა ამ ტვირთების გატარებას და მეორე, როგორ გამოიყენებს შანსს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთისა და ევროპის დაპირისპირების ფონზე ეძლევა საქართველოს და აქამდე არსებულ მოცემულობას რადიკალურად ცვლის. 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ქვეყნის ამ შესაძლებლობას ოპტიმისტურად აფასებს. როგორც მან ,,რეზონანსთან" აღნიშნა, პროცესი ტექნიკურად დაწყებულია სამხრეთ კავკასიური დერეფანი ძალიან მალე ახალი ტვირთების გამტარებელი გახდება, რაზეც ყაზახურ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია.

,,რუსეთისა და ევროპის ურთიერთობა ასე მალე ვერ მოგვარდება. ფაქტობრივად, ევროპას ერთ-ერთ ალტერნატივად რჩება სამხრეთ-კავკასიური დერეფანი, რომელსაც ცოტა ხანში თურქმენეთიც სერიოზულად გამოიყენებს. ყაზახეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნავთობი იქნება თუ გაზი, ჩვენს დერეფანზე გაატარებს, ტექნიკურად უკვე დაიწყო პროცესი", - უთრა ,,რეზონანსს" გია არაბიძემ და დასძინა, რომ უკვე მოლაპარაკებულია, 1,5 მილიონი ტონა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდეს წლის განმავლობაში და ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება.

,,სერიოზული საუბარი მიმდინარეობს, რომ ყაზახეთმა ჩამოიტანოს აზერბაიჯანამდე თავისი ნავთობი, შემდგომ კი რკინიგზის საშუალებით მივიდეს სუფსის ტერმინალამდე. საუბარია ასევე ბათუმის ტერმინალის დატვირთვაზე და იქნებ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებაზეც ვიფიქროთ. დავიწყებთ, 1,5 მილიონით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება და როგორ განვითარდება. გეგმა არის, რომ სამხრეთ დერეფანს მაქსიმალურად გამოიყენებს ყაზახეთი ნავთობის გატარების მიზნით, რაც საქართველოსთვისაც დიდი შესაძლებლობაა, შანსი გვეძლევა და უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა არაბიძემ.

ენერგეტიკოსმა ასევე ისაუბრა შმაფერხებელ გარემოებებზეც და დასძინა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერიოზული სამუშაოები არის ჩასატარებელი.

,,რკინიგზას დასჭირდება კარგი რეკონსტრუქცია, ჯერ არ დამთავრებულა მეორე ლიანდაგის მშენებლობა უღელტეხილზე, ინფრასტრუქტურა სწრაფად არის განსავითარებელი. არა მარტო რკინიგზა, არამედ ბაქო-სუფსის ნავთობსადენსაც უნდა წესრიგში მოყვანა და ბუნებრივია, ბათუმის ტერმინალსაც.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში 1,5 მილიონი ტონის გატარება შეიძლება ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ შემდგომ გატარებას ინფრასტრუქტურის განვითარება დასჭირდება. ბაქო-სუფსა დროებით შეჩერებულია და გარკვეული სამუშაო მიდის, თუმცა რკინიგზაზე ვაგონების შემადგენლობა მოძრაობს, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა საკმარისი არ არის იმ რაოდენობის ნავთობპრპოდუქტების გასატარებლად, რაც მხარეებს აქვთ განსაზღვრული, წინ სერიოზული სამუშაოები გველის", - დასძინა ,,რეზონანსთან" გია არაბიძემ.

გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, რკინიგზის შესაძლებლობა ამ მხრივ დიდია, თუმცა პორტებზე ტვირთების გატარებასთან დაკავშირებიოთ დიდი პრობლემაა. ასე ფიქრობს "ივექს ლოგისტიკის" დირექტორი ლევან თათარაშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმ კომპანიებს შიორის, რომლებიც ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობენ.

თათარაშვილის თქმით, ტვირთბრუნვა ყაზახეთთანნ 1200-1400%-ით არის გაზრდილი, მომატებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა მოთხოვნა  მეტია და ამ მხრივ ნავთობპროდუქტების ბაზრისთის გაცილებით მეტი შესაძლებლობა იკვეთება.

,,დღესდღეობით გადაზიდვებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემაა, ინფრასტრუქტურით დაწყებული, პროფესიონალი კადრით დამთავრებული, რისი სერიოზული დეფიციტიცაა. სავარაუდოდ 2025 წლის ბოლოსთვის სიტუაცია თანდათან დალაგდება. რაც შეეხება ყაზახეთს, ჩვენი კომპანია მასთან ისედაც აქტიურად თანამშრომლობდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მოთხოვნა გაასმაგდა, ჩვეულ რეჟიმში სტაბილურად ვაგრძელებთ ყველა სახის ტვირთის გადაზიდვას, ნებისმიერი სახის ნედლეულზე ექსპორტზეც და იმპორტზეც მოთხოვნა  გაზრდილია.

ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთისა და ბათუმის პორტები ვერ მიიღებენ ტვირთებს, გადავსებულია, მაქსიმალურად არის ათვისებული. მოთხოვნა დიდია, მაგრამ ვერ ვუწევთ შესაბამის  მომსახურებას", - განაცხადა თათარაშვილმა.

გადამზიდავი კომპანიის დირექტორი ფიქრობს, რომ პორტებთან დაკავშირებით სერიოზული სამუშაოებია გასატარებელი, თუმცა ვერ ვხედავს ხელისშემშლელ ფაქტორს, რომ რკინიგზა დაწოლას ვერ გაუძლოს. 

,,ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სფეროა, უკეთესი შეიძლება იყოს სერვისი, მაგრამ ვერ ვხედავ დაბრკოლებას, რომ  რკინიგზა დაწოლას ვერ გაუძლებს, მაგრამ პორტები, როგორც ვახსენე, დიდი პრობლემაა. ფიზიკურად ვერ ანაწილებენ ტვირთნაკადს. ჩვენი კომპანიის მაგალითით, ტვირთბრუნვა ყაზახეთთან 1200-1400%-მდე არის გაზრდილი, მომატებულია ექსპორტიც და იმპორტიც, მაქსიმალურად ვცდილობთ ტვირთბრუნვის გაზრდას, მაგრამ სრულად მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ.

დიდი შანსი გვეძლევა და გამოსაყენებელია. ირანის მიმართ სანქციებით კიდევ ერთი ალტერნატივა დაკარგა აზიურმა მხარემ და საქართველო უალტერნატივო გახდა. სხვა გამოსავალი არ აქვთ, საზღვაო მიმართულებას თუ არ ჩავთვლით. მაქსუიმალურად ცდილობენ კომპანიები ბაზრის ათვისებას და ფეხი უნდა ავუწყოთ", - უთხრა ,,რეზონანსს" ლევან თათარაშვილმა.

ამჟამად ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო გზა კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაა. ამ მილსადენით ტრანსპორტიებული მოცულობიდან ყაზახური ნავთობის წილი 80%-ზე მეტს შეადგენს. მთლიანობაში მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტიებას უზრუნველყოფს.

ყაზახეთში ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის განხილვა 2022 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შესაძლო შეჩერების შესახებ. მიზეზად გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე