1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1,85-1,90 ლარის ფარგლებშია, ამიტომ მალე ავტოგასამართ სადგურებზე ფასი კიდევ უფრო დაიკლებს
ქეთო გოგოხია
(30.01.2023)

ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასს გეზი კლებისკენ უჭირავს და ამის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე ფასების მხრივ მიმდინარე ცვლილებაა, განსაკუთრებით კი რუსული ნავთობპროდუქტების გაიაფება. ტენდენცია, ძირითადად, შეიმჩნევა მცირე და საშუალო არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ფასი უკვე 2 ლარს უახლოვდება და კიდევ შეიძლება შემცირდეს.

საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 2 ლარზე დაბლაა. კერძოდ, ამ ეტაპზე 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1,85-1,90 ლარის ფარგლებშია. შესაბამისად, მალე საცალო ქსელშიც ფასი კიდევ უფრო დაიკლებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორი, კომპანია ,,სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ფიქრობს, რომ ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და საცალო გაყიდვებში 1 ლიტრი საწვავის ღირებულება თავისუფლად ჩამოსცდება 2 ლარს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გაუგებარია, რატომ არ მიმართავენ ზომებს ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც საწვავის შეძენა და თვითღირებულების ხარჯი  მკვეთრად გაუიაფდათ.

,,დღესდღეობით მნიშვნელოვნად შემცირებულია საწვავის ფასი საქართველოში, რაც განპირობებულია გლობალური ფაქტორით. ამას ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია ბოლო პერიოდში. საცალო გაყიდვებში ფასი 2,10 -2,20 ლარამდე შემცირდა. საბითუმო ბაზარზე კი 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1,85-1,90 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ცხადია, ტენდენცია, ძირითადად, არაბრენდირებული ბინზინგასამართი სადგურებისთვის არის დამახასიათებელი. ბრენდირებულ სეგმენტში სხვა მოცემულობაა, მათ სხვა პოლიტიკა აქვთ, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია. მსხვილი ავტოგასამართი სადგურების ქსელებისთვისაც საწვავის  თვითღირებულება იმდენივეა, როგორიც არაბრებნდირებულებისთვის. თუკი ვინმე ამბობს, რომ მიზეზი ნაშთებია, ეს ვერ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი.

დღესდღეობით საქართველოში საწვავი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის საკმაოდ დაბალი ღირებულებით. ბაზარზე არსებული სიტუაციაც, საფასო პოლიტიკაც სწორედ ამით არის განპირობებული", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ, რომლის ვარაუდითაც, ტენდენცია მომდევნო კვირეების განმავლობაშიც არ შეიცვლება, ვიდრე ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე  არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება.

საწვავის გაიაფების ფაქტს ადასტურებს და იმპორტიორთა პოზიციას იზიარებს ,,გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი. ის ადასტურებს, რომ ფასები მკვეთრად მცირდება, თუმცა  ვერ აკონკრეტებს რა იქნება მომავალში და სანამდე შეიძლება გაიაფების ტენდენცია გაგრძელდეს.

,,ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ღირებულება  მცირდება, რაც სხვადასხვა დონეზე დიდ და პატარა ქსელებშიც ჰპოუვებს ასახვას. ცვლილება, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ნავთობის ფასი შემცირებულია, ანუ იკლებს საბირჟო ღირებულება, რასაც ეროვნული ვალუტის ფაქტორიც ემატება. ყველა ვხედავთ, რომ კურსი მნიშვნელოვნად არის გამყარებული. ორივე პროცესი (საწვავის  გაიაფება და ლარის გამყარება) პარალელურ რეჟიმში ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

ვადასტურებ, რომ ფასების კლება მიმდინარეობს, ძირითადად, არაბრენდირებულ, მცირე და საშუალო  ბენზინგასამაერთ სადგურებზე, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზეც და ასე გაგრძელდება ახლო პერიოდის განმავლობაშიც. ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდგომ. კონკრეტულად რამდენი თეთრით შეიძლება კიდევ შემცირდეს ფასი, ამის პროგნოზირებას ვერ მოვახდენ. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, ფასები იქნება სტაბილური, ამას წინ არაფერი უდგას და საწვავის გაძვირება გამორიცხულია", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მეზობელი ქვეყნიდან შემოაქვს საქართველოს საწვავი და ამ ფაქტორის გამო, თითქმის 10 თვეა იაფდება ბენზინიც და დიზელიც.

2022 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზე იყო. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით, ანუ 0,1%-ით მეტი აღმოჩნდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 542,9 ათასი ტონა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე