"სანქციებს საერთოდ არ მიერთებია, თუნდაც თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი, მაგრამ რატომღაც, საქართველოსგან ითხოვენ რაღაცას”
გვანცა წულაია
(26.01.2023)

სანქციების გვერდის ავლის საკითხი კვლავ გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს, საკითხი მაინც ინტენსიურად განიხილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ყველა ასეთი ბრალდება დაუდასტურებელია.

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშ არაერთი რუსული კომპანია და მოქალაქე მოჰყვა. მას შემდეგ საქართველოს მისამართით არაარგუმენტირებული ბრალდებები არაერთხელ გახმოვანდა და ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე საკითხი ისევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებებს მტკიცებულებით ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამყარებენ, მაინც მუდმივად საუბრობენ, რომ საქართველოს სანქციებს გვერდს უვლის. ქვეყნის მთავრობის და პარლამენტი წევრების მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების სახით, არაერთი ყოფილა, მაგრამ საქართველესკენ ხელს მაინც იშვერენ, რაც ეჭვებს ბადებს.

ბრალდებები რომ სრულიად უსაფუძვლოა, ამაზე ხელისუფლების მხრიდან განაცხადი არაეთხელ გაკეთდა. მეტიც, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება. აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები.

გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მთავრობასთან ერთად, სპეციალისტებიც ამბობენ, რომ საქართველოს სანქციებისთვის გვერდი არ აუქცევია. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი არაერთხელ წამოწიეს, მაგრამ არც ერთხელ არ დასაბუთებულა.

"ეს საკითხი, სხვადასხვა ცნობილი ფაქტორების გამო, არის გააქტიურებული. როდესაც ასე დაჟინებით ხდება რაღაც მოთხოვნების წაყენება, ეს მაინც უკავშირდება საომარ პროცესებში მონაწილების საკითხს, რაც დაუშვებლად მიმაჩნია და ამ თვალსაზრისით მთავრობის მშვიდობიანობის პოლიტიკას სრულიდ მხარს ვუჭერ. ოდნავ რაიმე ფორმით, საომარ პროცესებში რომ ვიყოთ ჩართული, უმძიმეს მდგომარეობა ვიქნებოდით და საერთოდ როგორი ფორმით ვიარსებებდით? უკრაინის ამხელა ეკონომიკა რა მდგომარეობაშია და ჩვენი როგორი იქნებოდა. ამ დროს კი დღეს ორნიშნა ზრდა გვაქვს, ვსაუბრობთ ინვესტიციებისა და მშპ-ს ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე და მთელ რიგ დადებით გარემოებებზე

სანქციების საკითხი არაერთხელ წამოწეულა, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდანაც, მაგრამ არც ერთხელ არ დადასტურებულა, რომ ბრალდებები რეალურია. არაფერი მინახავს დასაბუთებული. როდესაც საკითხი დგება, რომ საქართველომ უკრაინას თუნდაც ერთი ტყვია გაუგზავნოს, ეს ხომ უკვე მონაწილეობაა? ამ შემთხვევაში, ერთი და 10 ათასი ერთი და იგივეა. როდესაც ასეთი მოთხოვნები მოდის, ეს ისევ იმ წრეზე სვლას ნიშნავს, რაც სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

სხვადასხვა მიზეზი აქვს იმასაც, მაინც და მაინც რატომ იშვერენ საქართველოსკენ ხელს. აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ზუსტად იმას აკეთებს, რაც საერთაშორისო სტანდარტებით და ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული.

"საქართველო ყველა საერთაშორისო სტანდარტით დაზღვეულია, რომ ტერიტორიაზე არ გაიაროს სანქცირებულმა ტვირთებმა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ის არის საერთაშორისო სტანდარტი. "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი მასალა, რომ თურმე ამერიკული ელექტრონიკაც კი ხვდება რუსეთში. შვეიცარული ელექტროტექნიკაც არის რუსეთში, ასევე ევროკავშირში დამზადებული სხვა პროდუქცია. ეს ელექტრონიკა სწორედ რუსული იარაღის წარმოებაში გამოიყენება. არც თუ ისე

დიდი ხნის წინ იყო ინფორმაცია, რომ ირანული დრონების შიგთავსის 82% არის ამერიკული. ეს საერთაშორისო სკანდალია. ირანიც ხომ სანქცირებული ქვეყანაა. 

ძალიან კარგია, რომ საქართველო მიერთებულია ამ საერთაშორისო სტანდარტებს. ვერავინ წამოუყენებს ფაქტობრივ ბრალდებას, რადგან საქართველო აკეთებს ზუსტად იმას, რაც არის საერთაშორისო სტანდარტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული. აქ პრობლემა სხვა რამეა. აქეთ შეედავე, იქით შეგრჩებაო. დაახლოებით ამ რეჟიმში გვიწევს თავის მართლება, რომ ჩვენ არ ვართ რამეში დამნაშავე.

"ევრონიუსმა" დადო ილინოისის უნივერსიტეტის კვლევა, თუ როგორ აგრძელებს თავის საქმიანობას 550 ამერიკული, დასავლეთ ევროპული, თუ იაპონური ფირმა რუსეთში. ეს სანქციებიც ხომ ხვრელებით არის სავსე. ეს ხვრელებიც ხომ ლეგალურია. მაგალითად, "სვიფტიდან" ბანკების გათიშვა არ შეეხო ყველა რუსულ ბანკს", - განაცხადა ლადო პაპავამ გდაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე” და დასძინა, რომ სანქციებს ყველა ქვეყანა არ მიერთებია, თუნდაც თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი, მაგრამ "რატომღაც, საქართველოსგან ითხოვენ რაღაცას”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე