"ჯერჯერობით შიდა ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით"
ქეთო გოგოხია
(26.01.2023)

ძვირფასი ლითონის ბაზარზე მოცემულობა შეიცვალა. განსაკუთრებით ოქრო, ვერცხლი და პლატინა ძვირდება, პალადიუმის ღირებულება ჯერჯერობით სტაბილურად ერთსა და იმავე მაჩვენებელზეა ან ცოტათი იაფდება. საფასო ცვლილებას სპეციალისტები მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ, თუმცა ფინანსისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ და აცხადებენ, რომ ოქროს გაძვირება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო პროცესს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, 1 უნცია ვერცხლის ფასი 24 დოლარს გადასცდა, ხოლო ოქროს ღირებულება 2000 დოლარს უახლოვდება. ამ ეტაპზე მისი ღირებულება 1940 დოლარს შეადგენს. პალადიუმის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე იყო. ახლა 1730 დოლარი ღირს. ამავე დროს პლატინას ფასიც გაიზარდა, რომელიც ბოლო წლებში ჩავარდნილი იყო, ახლა 1050 დოლარია და 1100 დოლარისკენ მიიწევს.

ამდენად, ბოლო დრომდე ძვირფასი კლითონების ფასი იკლებდა, დღესდღეობით კი მაღლა იწევს, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, რომ საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ომია.

,,ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ კი ისე, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. ხშირად ეს არ არის რაიმე ეკონომიკურ პროცესთან მიბმული. თუმცა არსებულ სიტუაციაში ყველა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ომიც და ბაზარზე გამოტანილი ოქროს რაოდენობაც.

პალადიუმზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, აქტიურად ხდება ამ ლითონის როგორც მოპოვება, ასევე მისი აღდგენა საკმაოდ დიდი რაოდენობით მეორადი გადამუშავების შედეგად.  უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება უფრო სტაბილურია. ბოლო პერიოდში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და ანალოგიური მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოში", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნოდარ ფოფორაძემ.

ბოლო დრომდე ოქრო შედარებით იაფი ღირდა, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი რაოდენობით შემოვიდა რუსული ოქრო საქართველოში, რამაც ფასის კლება გამოიწვია.

,,ბოლო 1 ერთი თვეა, რაც ჩვენთან ოქრო ძვირდება. როცა რუსეთიდან შემოტანილმა ოქროს რაოდენობამ მოიმატა, შედარებით გაიაფდა. ახლა კი სიტუაცია უკვე დასტაბილურდა და იცვლება ლონდონის ბირჟაზე  მიმდინარე  ტენდენციების პარალელურად, თუმცა მცირე მერყეობაა. ჯერჯერობით ასეა, შიდა ბაზარზე ფასის მხრივ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები", - დასძინა ფოფორაძემ.

როგორც ანალიტიკოები აცხადებენ, ძვირფასი ლითონების ღირებულების ზრდა გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო ცვლილებას უკავშირდება, ამ შემთხვევაში დოლარის შესუსტებას. ფინანსისტ ნიკა შენგელიას მოსაზრებით, ოქროს გაძვირება მოსალოდნელია სამომავლოდაც, როცა ციფრული ვალუტა მოქმედებაში შევა.

,,ოქროს, ნავთობისა და აქციების ფასები ერთმანეთთან კორელაციურ დამოკიდებულებაშია. თუ დოლარი მყარდება, ნავთობი და ოქრო იაფდება. ახლა დოლარი სუსტდება და ნავთობი და ოქრო ძვირდება. როცა ციფრული ვალუტა დაიწყებს დამკვიდრებას ქვეყნებში, ოქრო იქნება გარდამავალი საფეხური. ვარაუდობენ, რომ სწორედ ოქროში მოახდენენ ანგარიშსწორებას ინვესტორები.  ვიცით, რამდენიმე ქვეყანა აპირებს ციფრული ვალუტის შემოღებას, რაც ოქროს კიდევ უფრო გააძვირებს. ამ  შემთხვევაში ოქროს ფასი 2500 დოლარამდეც შეიძლება ავიდეს.

ერთი თვის წინანდელ მონაცემს თუ დავაკვირდებით, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ოქრო  1633 დოლარი ღირდა, ახლა 1950 დოლარამდეა. 2022 წლის იანვარში ოქროს ფასი 1844 დოლარი იყო, ანუ წლიურ ჭრილში დიდი სხვაობა არ არის. ფაქტობრივად იგი უახლოვდება 2022 წლის მარტის მონაცემს, როცა ფასი 2000 დოლარს აღწევდა. დოლარის გაუფასურება  2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ოქროც ამ პერიოდიდან ძვირდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" ნიკა შენგელიამ და ვერცხლის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებსზეც დასძინა.

,,ვერცხლთან მიმართებით მოთხოვნა მართლაც გაიზარდა. იგი არა მარტო ძვირფას ლითონებში გადის, სტრატეგიული დანიშნულებისაა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის, ჩიპების და მაღალტექნოლოგიური დეტალების დასამზადებლად. 2022 წლის 28 იანვრიდან დაიწყო ვერცხლის გაძვირების პროცესი და საკმაოდ ნახტომისებური ცვლილება განიცადა", - დასძინა ანალიტიკოსმა.

ავსტრალიური კომპანია ABC Bullion-ის აღმასრულებელმა დირექტორის, ჯანი სიმფსონის განცხადებით, ვერცხლის ფასი 2023 წელს შესაძლოა, ათწლიან მაქსიმუმამდე - 1 უნციაზე 30 დოლარამდე გაიზარდოს. მაღალი ინფლაციის წლებში ვერცხლის ფასი, როგორც წესი, ყოველწლიურად, თითქმის, 20%-ით იზრდება. ამდენად, ამ ისტორიის გათვალისწინებით და ასევე, იმის გამო, რომ ვერცხლი ოქროსთან შედარებით იაფი რჩება, უნციაზე მისმა ფასმა შესაძლოა, ამ ნიშნულს მიაღწიოს.

ბოლოს ამ ძვირფასი ლითონის ფასმა 30 დოლარს 2013 წლის თებერვალში გადააჭარბა, ხოლო 1980 წელს, აშშ-ში 13,5%-იანი წლიური ინფლაციის ფონზე, 1 უნცია ვერცხლი 49,45 დოლარი ღირდა. ამაზე მეტად ვერცხლი ისტორიაში არასდროს გაძვირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე