მხოლოდ 1-2 სახლის რესტავრაცია არ გამოვა, არამედ უბნებად, ბლოკებად უნდა გაკეთდეს, ბიზნესის დაინტერესება იოლი არ იქნება
გვანცა წულაია
(25.01.2023)

თბილისის ისტორიულ ადგილებში მდებარე ავარიულ შენობა-ნაგებობებს ჩანაცვლდება ან რესტავრაცია ჩაუტარდება. შესაბამისი პროექტის მომზადება დედაქალაქის მერმა საკუთარ გუნდს უკვე დაავალა, რომლის განხორციელებაც ბიზნესის ჩართვით მოხდება. კონკრეტულად რას შესთავაზებენ ბიზნესს ეს უცნობია, თუმცა მერია კერძო სექტორის დაინტერესებას აპირებს, რადგან რესტავრაცია იმდენად დიდ ხარჯებს მოითხოვს, რომ ამას ვერც თავად ბინის მესაკუთრები და ვერც მერია გაწვდება.

ავაიული შენობა-ნაგებობები დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში მრავლადაა. მაგალითად, სოლოლაკში, მარჯანიშვილზე, ავლაბარში, ჩუღურეთში, მთლიანად ძველი თბილისში და ა.შ. სწორედ ამ და სხვა ისტორიულ ადგილებში მდებარე შენობების ძველი სახის დაბრუნებას ეცდება თბილისის მერია, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები რთულად საწარმოებელია.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის.

„ძალიან ბევრი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ და მოგვმართავენ ჩვენ. ცხადია, მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული სახლის განახლება-რეაბილიტაციას ვერ შეძლებს. ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართვით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების განხორციელება - ამ სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტაცია.

მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არის კერძო საკუთრება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება. ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კალაძემ.

საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ინვესტორისთვის, რომელიც ავარიულ შენობის ჩანაცვლებაში ან რეაბილიტაციაში ფულს ჩადებს, სანაცლოდ სხვა რამეს შესთავაზებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიულ უბნებში არის მკაცრად რეგლამენტირებული პარამეტრები და არ შეიძლება ერთი სართულის დამატებაც კი, პრაქტიკულად, მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს ინვესტორს და ბინის მფლობელს შორის. ისტორიულ უბნებში კოეფიციენტი ვერ მოიმატებს, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს კომბინაციურად, რომ კონკრეტულ ინვესტორს სხვა უბანში გაუზარდო პარამეტრი, იმის სანაცვლოდ, რომ ისტორიულ უბანში მოახდინოს კონკრეტული სახლის გამოსყიდვა და განახორციელოს მისი ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია. შესაძლოა, იყოს სხვა ვარიანტიც, რომელზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ბიზნესის დაინტერესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან საკითხზე კომუნიკაცია და მათთან შეთანხმება, რადგან შენობები კერძო პირებს ეკუთვნით. როგორც ურბანისტი მერაბ სალუქვაძე აცხადებს, უპირველესი მოთხოვნა და საზრუნავი არის ის, რომ შენარჩუნდეს იუსტორიული ნაწილი, რადგან ეს არის თბილისის დიდი ფასეულობა და ღირებულება. 

"თბილისი ისტორიული ქალაქია და სწორედ ეს არის ჩვენი ღირებულება. ამ ისტორიულ ადგილებში ზოგ შენობას რეკონსტრუქცია სჭირდება, ზოგს განახლება, ზოგს ძალიან ფრთხილი მიდგომა. ჩვენ კი არა, ბევრი ევროპული ქალაქი ვერ აგვარებს ამ პრობლემას. უცხოეთში, როდესაც ასეთ უბანში მოქმედებს ინვესტორი, მას რაღაც შეღავათებს უკეთებენ, მათ შორის საგადასახადო მიმართულებით. შეღავათი შესაძლებელია გაკეთდეს სხვა ტერიტორიის გადაცემით და ა.შ. სხვადასხვა მიდგომებია. უპირველესი მოთხოვნა და საზრუნავი არის ის, რომ შენარჩუნდეს ისტორიული ნაწილი, რადგან ეს გახლავთ ჩვენი ქალაქის დიდი ფასეულობა და ღირებულება. 

გერმანელები, ფრანგები, ჰოლანდიელები მიდიან გარკვეულ შეღავათებზე, რადგან დაიცვან ქალაქის ისტორიული ნაწილი და ინვესტორიც სხვა შეთავაზებებით დააინტერესონ, რომ არ გააფუჭონ ისტორიული არეალები.

სოლოლაკი, რუსთაველი, ძველი თბილისი - რეგულირების ზონა მიდის თითქმის დინამოს სტადიონამდე. აღმაშენებლის გამზირი მთლიანად და ა.შ”, - განუცხადა "რეზონანსს” მერაბ ბოლქვაძემ.

კერძო სექტორის გააქტიურების გარეშე საკითხი მართლაც ვერ მოგვარდება. არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ბიზნესი მაშინ დაინტერესდება, როდესაც ექნება მოგება.

"თბილისს ბევრგან უჭირს, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს ძველ ქალაქში. ერთი მხრივ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი არ არის ვალდებული, რომ კერძო ბინები შეუკეთოს მესაკურეებს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, საკუთარი ავტომობილი რომ შეგიკეთოთ მუნიციპალიტეტმა, მაგრამ აქ არის მეორე განზომილება. მრავალი ამ სახლთაგანი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც ეკუთვნის საერთოდ საზოგადოებას და აქ არის მოსაძებნი ბალანსი. ძალიან ძვირადღირებული სამუშაოებია ჩასატარებელი საძირკვლების გამაგრების თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებითაც და, რა თქმა უნდა, კომფორტის მოწყობა ბინების მესაკუთრეებისთვის.

პირველი ნაბიჯი უნდა იყოს აღრიცხვანობა. მხოლოდ 1-2 სახლის რესტავრაცია არ გამოვა, არამედ უბნებად, ბლოკებად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი საზოგადოების განსჯისა და განხილვის საგანი უნდა გახდეს.

იყო რამდენიმე წინადადება, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ბინის მონაცვლეობით, გამოსყიდვით, თუ სხვა გზით. ბიზნესი მაშინ დაინტერესდება, როდესაც დიდი მოგება ექნება. გააჩნია რა იქნება მათთვის სანაცვლოდ შეთავაზებული. მაგალიად, შეიძლება მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთები მიეცეს შეღავათიანად”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო ვარდოსანიძემ.

დედაქალაქის მასშტაბით ისტორიულ არეალებში ავარიული შენობების ჩანაცვლებაში გამოცდილი კომპანიის აღმასულებელი დირექტორი ამბობს, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც განსაკუთრებით ისტორიულ უბნებში კიდევ უფრო მეტად გართულებულია. ეს კიაფერხებს დროში პროცესების განხორციელებას.

"ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რადგან მათი მხრიდან ხშირია არარელევანტური მოთხოვნები. ვეღარ შევდივართ ახალ ობიექტებზე და პრობლემაც მოუგვარებელი რჩება. ამ ნაწილში თუ მერია შუამავლის როლს იკისრებს, ძალიან კარგი იქნება", - განუცხადა "ბიზნეს მედიას”, "აპარტ დეველოპმენტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თათა დგებუაძემ და დასძინა, რომ თავად ისტორიულ უბნებში შენობების ჩანაცვლებაში კომერციულ ინტერესს არა საცხოვრებელ ბინებში, არამედ კომერციულ ფართებსა და სხვა მომსახურებების შესრულებაში ხედავენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "კა-2" კოეფიციენტთან მიმართებით ცვლილებები იქნება, ეს დეველოპერების ინტერესს მსგავსი პროექტების მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე