"სჯობს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში იყოს და უფრო დაბალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე უცხოეთში წავიდეს და პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს"
გვანცა წულაია
(23.01.2023)

ეკონომიკური პრობლემების გამოსასწორებლად საქართველოდან გადახვეწილ ქართველებს ემიგრაციაში ბევრი დაბრკოლება ეღობებათ. უცხო ქვეყანაში ჩასული ქართველს სამუშაო, ძირითადად, არ ხვდება და დასაქმების ადგილს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ეძებს. შემცირდა ანაზღაურებაც. ამ და სხვა ფაქტორებთან ერთად, ბოლო პერიოდში ემიგრანტებისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება გართულდა. 

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში მაინც მიდიან და ეკონომიკურ პრობლემების მოგვარებას ქართველების ნაწილი სწორედ ამ გზით ცდილობს, თუმცა მათთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრება უკვე დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ამაზე თავადვე საუბრობენ.

„სხვა ქვეყანაში ცხოვრებისას, თავდაპირველად, შეგუების და შეჩვევის მომენტია რთული. არსებობს ასევე ენის ბარიერიც, შენ მათი ენა არ იცი, მათ კი - შენი, ამიტომ რთულია კომუნიკაცია. თავიდან ნოსტალგია და მონატრება იყო. როდესაც საქართველო დავტოვე, ვიფიქრე, რომ საკუთარი ოჯახის, მეგორების და ქვეყნის გარეშე ვერ გავძლებდი, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება, მათ შორის ემიგრანტობასაც. საბოლოოდ ეჩვევი და იღებ იმ რეალობას, რის წინაშეც დგახარ.

ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, რადგან მე გაცვლითი პროგრამით ვარ რუმინეთში, თუმცა ქართველების ნაწილი ევროპაში ისე მიდის, რომ მათ სამსახური არ ხვდებათ. ძირითადად ქალები, რომლებიც ოჯახში მუშაობენ. ჯერ დამსაქმებელთან უწევთ ცხოვრება, რომელიც მართალია, რაღაც დროის შემდეგ მაინც შოულობს მათთვის სამსახურს, მაგრამ სამუშაო ადგილი თანდათან პრობლემაა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ქართველმა ემიგრანტმა თამარ მჭედლიშვილმა. 

როგორც ჩანს, ქართველებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაში ცხოვრებაც უჭირთ. სწორედ აშშ-ში მყოფი ნიკა ქერქაძე იმ ადამიანებს მიმართავს რეკომენდაციით, ვისაც საქართველოს დატოვების სურვილი აქვს. 

„გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ: 1. ის ურთიერთობები რაც მანდ გაქვთ, აქ არ გექნებათ. 2. ჩათვალეთ ხელახლა დაიბადეთ და თავიდან იწყებთ ყველაფრის შეგუებას. უამრავ დაბრკოლებას შეხვდებით როგორიცაა: ენის ბარიერი, გარემო, ურთიერთობაც კი რთულია, თუ საერთო ინტერესი არ გაქვთ და მენტალიტეტიც სულ სხვაა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ როგორ საუბრობენ, ცოტა უცნაურიც შეიძლება მოგეჩვენოთ. 3. ისე მოგენატრებათ მშობლიური ქვეყანა, რომ მონატრება მოგკლავთ. დამიჯერეთ. 4. ბალანსი სწავლასა და მუშაობას შორის არის ურთულესი და სტრესული“, - წერს ნიკა წერქაძე სოცილურ ქსელში.

ემიგრანტობის პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი ქართველი, ამერიკაში მცხოვრები საემიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი მარიტა მაზანიშვილი.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შემოდის ამერიკაში. მიზეზები ფინანსები და პოლიტიკური არასტაბილურობაა. რაც შეეხება იმას, რა დაბრკოლებებს აწყდებიან აქ ჩამოსვლის შემდეგ. ეს არის საიმიგრაციო საბუთები, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რომელთაც ინფორმაცია არ აქვთ და შემდეგ მდგომარეობა რთულდება. აქ არის ძალიან ბევრი ბიუროკრატია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე შემოდის, აქვს უფლება მოითხოვოს თავშესაფარი.

ხალხის დიდი ოდენობის შემოსვლასთან ერთად, დაბრკოლებები შეიქმნა საცხოვრებელთან და სამუშაოებთან დაკავშირებით. აშშ-ში მყოფი ქართველები ვცდილობთ ჩვენს თანამოქალაქეებს ყველანაირად, მათ შორის ფინანსურადაც დავეხმაროთ. ასევე ვეხმარებით სამსახურის და ბინის მოძებნაში. საზოგადოებას ვურჩევ, სანამ ემიგრაციაში წასვლას გადაწყვეტენ, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიონ იმ ქვეყანაზე, სადაც მიემგზავრებიან”,- თქვა მან მარიტა მაზანიშვილმა.

ქართველების ნაწილმა სხვა ქვეყანაში წასვლამდე მსგავსი პრობლემების შესახებ იციან, თუმცა ისინი ქვეყანას მაინც ტოვებენ, რადგან ფინანსური მხარე გაიმჯობესონ.

მაგალითად, 2022 წლის იანვარ-დეკემბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 7 963-მა მოქალაქემ მოითხოვა (პირველადი განაცხადი), რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 116%-ით მეტია. 2021 წლის 12 თვეში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 3 685-მა მოქალაქემ დაწერა. მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი.

მძიმე ფიზიკური სამუშაო, კანონმდებლობაში გაურკვევლობა, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდემლობა - ეს ემიგრანტული პრობლემების ჩამონათვალია, რომელსაც ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ასახელებს.

„როდესაც ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში სიდუხჭირის და ეკონომიკური პრობლემების გამო მიდიან, ძირითადად, საქმდებიან მძიმე ფიზიკურ სამუშაოებზე და მათ, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს წვდომა მაგალითად, ჯანდაცვაზე. მათ არ მიუწვდებათ ისეთ ბენეფიტებზე ხელი, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ქართველები მიდიან. ასევე, ვერ ერკვევიან იმ კანონმდებლობაში, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან. მოკლებულები არიან იურიდიულ მომსახურებას და ხშირ შემთხვევაში არიან გაცილებით რთულ მდგომარებაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს პრობლემებს.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ქართველები ქვეყნიდან წასვლას მტკივნეულად აღიქვამენ. ნოსტალგია აქვთ, თანაც ბევრ მათგანს აქ ოჯახის წევრები ჰყავს დატოვებული და რთულია მათგან შორს ყოფნა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზვიად ტომარაძემ და დასძინა, რომ არა ფინანსური პრობლემები, ქართველები ემიგრანტებად არ იქცეოდნენ,

„სხვის ნაცვლად საუბარი მარტივია, მაგრამ ქართველებს შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ალბათ, საქართველოში დარჩებოდნენ. თითქმის ყველას ვალები აქვთ, ზოგი ბინის გარეშეც კი არის დარჩა და ქირით ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ, იძულებულები გახდნენ, რომ ემიგრაციაში წასულიყვნენ და საკუთარი მდგომარეობა გამოეწორებიათ. ალბათ, წასვლა არავის ეხალისება, მაგრამ როდესაც ადამიანს სხვა გზა არ რჩება, მიდის ემიგრაციაში“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ტომარაძემ.

პანდემიის წლებში საქართველოს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა, თუმცა შემდეგ ქვეყნიდან ბევრი გავიდა. ემიგრაციაში ახალგაზრდებიც მიდიან, რომლებიც სწავლასთან ერთად, სამუშაოს ითავსებენ. რადგან ემიგრანტობას სხვადასხვა სახის პრობლემების სდევს თან, სოციალოგი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სჯობს, ადამიანი საკუთარ ქვეყანაში იყოს და უფრო დაბალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე უცხოეთში წავიდეს და სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

„ევროპასთან დაკავშირებით თუ ვისაუბრებთ, ეს არის მათი და ჩვენი შრომის კულტურის შესაბამისობა. საქართველოდან ისე ჩანს, რომ ყველაფერი კარგია, თუ ადამიანი იქ შრომობს, მას ბევრი შემოსავალიც აქვს. ქართული შრომის კულტურა და წარმოდგენა სამსახურის შესახებ, დიდად განსხვავდება ევროპელის შეხედულებისაგან. უმუშევრობა ევროპაშიც არის და როდესაც მათ ემიგრანტების სახით ზედმეტი მუშახელი ემატებათ, მიმღებლობა საკმაოდ მძიმეა.

თუ საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანი ფსიქოლოგიურად მომხადებული ჩავა, ეცოდინება მათი შრომის კულტურა და ასევე, როგორ მიიღებს იქაურ მოსახლეობა, მაშინ მას ბევრად უფრო გაუმარტივდება სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ დღეისათვის ასეთ რამ პრაქტიკულად არ ხდება და ადამიანი მიდის სრულიად მოუმზადებელი. ის წყდება ოჯახს და არ იცის რა ელოდება ემიგრაციაში. ადამიანი პირისპირ ხვდება იმ პრობლემებს და მისი გადაჭრა თავად უწევს, ყველანაირი დახმარების გარეშე.

სჯობს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში იყოს და უფრო დაბალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე უცხოეთში წავიდეს და პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. შეიძლება აქ დასაქმებული იყოს მშენებლად ან ინჟინრად, წავიდეს უცხოეთში და იმუშავოს, როგორც მუშამ, ასეთ შემთხვევაში ხომ მისი კვალიფიკაცია ეცემა? როდესაც ემიგრანტები გამოუვალ სიტუაციაში არიან ყველანაირ სამუშაოს თანხმდებიან. პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანი სადღაც მუშაობს, არამედ პრობლემაა ის, რომ მისი კვალიფიკაცია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, არაფრად ივარგებს“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ პაატა აროშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე