საქართველოში საწვავის საცალო ფასს ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება
გვანცა წულაია
(18.01.2023)

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ძვირდება. ერთი ბარელი "ბრენტის” ღირებულება 88 დოლარზე ავიდა, ამერიკული "ლაითი” 82 დოლარამდე გაძვირდა, რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი "ურალსის” ფასიც თითქმის 3%-ითაა გაზრდილი და 57 დოლარს შეადგენს. ირკვევა, რომ მოკლე პერიოდში მიღებულ ფასთა ცვლილებას საქართველოზე ასახვა არ ექნება.

მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ღირებულების მატება პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან და აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან. 

როგორც ირკვევა, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა. ინფლაციის შენელება ფედერალურ რეზერვებს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და საწვავზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას.

გარდა ამისა, სიძვირის მიზეზია რუსეთის ფაქტორიც. რუსეთი თებერვლიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს აკრძალავს იმ ქვეყნებში, სადაც ნავთობზე ფასის 60-დოლარიანი ლიმიტია დაწესებული. ეს კი ბაზარზე არასტაბილურობის განცდას იწვევს.

საერთაშორისო კვლვეებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ნავთობის ღირებულება 85-100 დოლარის შუალედში იტრიალებს.

"როდესაც ყველა ამბობდა, რომ ნავთობის ფასი დაეცემოდა, მე ვთქვი, რომ შავი ოქროს საშუალო ღირებულება 85-100 დოლარს შორის იქნებოდა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ რუსეთთან ზედა ზღვარი დააწესეს, მაგრამ "ოპეკი პლუსის" ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება, დღეში მილიონი ბარელით, ანუ უნდათ, რომ შეინარჩუნონ მაღალი ფასი. არ მუშაობს ის სანქციები, რომელიც ევროპამ დაადო რუსეთს.

მომავალში ნავთობის ფასი დიდად არ გაიზრდება, იქნება ამ შუალდეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან, საქართველოში, ჯერჯერობით, საწვავი ვერ გაიაფდება, თუ ისევ არ იქნება რუსეთიდან იაფი ნავთობპროდუქტები შემოტანილი”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ საქართველოში დიზელზე მაღალი ფასის შენარჩუნებას ცდილობენ.

"კარტელს, "სოკარის” მეთაურობით, გადაწყვეტილი აქვს, როგორც კი აზერბაიჯანის ქარხანა ამუშავდება (ახლა გადაიარაღება მოხდა) და შემოვა ევრო 5-ის საწვავი, დიზელზე შეინარჩუნოს მაღალი ფასი”, - დასძინა შენგელიამ.

მართალია, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე, რუსული ნავთობიც ძვირდება, მაგრამ ერთწლიან ჭრილში "ურალსის” ღირებულება 35%-ითაა შემცირებული. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ერთი ბარელი "ურალსის” ფასი 57 დოლარს შეადგენს. გასული წლის მარტში მისი ფასი 110 დოლარს აღწევდა, თუკი სწორედ ამ პიკურ პერიოდს შევადარებთ, მაშინ, რუსული ნავთობი ბირჟაზე 49%-ითაა გაუფასურებული.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე "ბრენტისა" და "ურალსის" ფასები, პრაქტიკულად, იდენტური იყო. 24 თებერვლის შემდეგ კი, მათ ფასებს შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა "ურალსის" შესყიდვა შეწყვიტეს, რუსეთს კი საკუთარი ნავთობის აზიური სახელმწიფოებისთვის შეთავაზება მოუწია, თანაც დიდი ფასდაკლებით.

საქართველოში კი ბენზინის და დიზელის ძირითადი რაოდენობა რუსეთიდან შემოდის. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყანაში ნავთობპროდუქტები იაფდება და სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, 2022 წლის 11 თვეში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდულ ნიშნულზე იყო და ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1 219 842 ტონა პროდუქტიდან, ნახევარი - 583 322 ტონა - რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რამაც საქართველოში საწვავი გააიაფა. ამ პროცესს თან დაერთო ლარის კურსის გამყარება, რამაც სიიაფეს უფრო შეუწყო ხელი.

ნავთობის გაძვირების მიზეზებზე საუბრობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და აცხადებს, რომ 4-5-დოლარიანი სიძვირე საქათველოზე გავლენას ვერ მოახდენს.

"მსოფლიოში ნავთობის გაიაფება ორი მთავარი ფაქტორით აიხსნება. პირველი – ჩინეთის ეკონომიკის გახსნაა, რომელიც პრინციპში, კარგა ხნით ადრე იყო დაანონსებული. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა პანდემიურ დისკუსიაზე გააკეთა განცხადება. მან დეტალურად ისაუბრა ჩინეთის მთავრობის ნაბიჯებზე, ინვესტორების მოზიდვის და ეკონომიკის გამოცოცხლების მიმართულებით. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, ტრეიდერებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რამაც ნავთობი გააძვირა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ თებერვლიდან ძალაში შევა რუსეთის ფედერაციის განკარგულება, რომელიც მიხედვითაც, "დიდი შევიდეულის” ქვეყნებს, რომლებმაც ზედა ზღავრი დააწესეს ნავთობის ფასზე, მიწოდება შეეზღუდებათ. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მოახლოების გამო ბირჟებზე რყევა დაიწყო.

ნავთობზე 4-5-დოლარიანი გაძვირება არ არის ის მოცემულობა, რომელსაც შეუძლია გადაწონოს მთელი რიგი პარამეტრები, რომლებიც საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფების საშუალებას იძლევა. მსოფლიოში ფასის ასეთ მერყეობას დადებითი ტენდენციის უარყოფითისკენ შებრუნება არ შეუძლია”, - განუცხადა ბაირახტარმა "რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე