სამინისტრო ყველა მიმართულებით მკაცრ კონტროლს დააწესებს, რომ საბოტაჟს ადგილი არ ჰქონდეს
თიკა სიბოშვილი
(16.01.2023)

ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული დასახელების წამლების მაღალ ფასად რეალიზაცია აიკრძალება და აფთიაქები წამლებზე ფასებს თავისი სურვილით ვეღარ დააწესებენ. ეს ეხება 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს, ხოლო მომავალში შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. დადგენილება ძალაში 2023 წლიდან შევიდა და ზედა ზღვრული ფასით მედიკამენტების რეალიზაცია აფთიაქებისთვის, სავალდებულო 15 თებერვლიდან იქნება.

მთავრობამ მედიკამენტების გაიაფების მომდევნო ტალღა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა. თურქული, იაფი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ სახელმწიფომ წამლების გაიაფება ე.წ. რეფერენტული ფასის შემოღებით გადაწყვიტა. შედეგად კი, წამლის ღირებულება 40%-ით უნდა გაიაფდეს, რაც მოსახლეობაზე განსაკუთრებით დადებითად აისახება.

კანონი ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა ეს ჯერ მოსახლეობას არ უგრძვნია. როგორც, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ, ხოლო თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

მინისტრმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან, ყველა კომპანია - იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე - ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.

„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არა მხოლოდ რეფერენტული ფასებისათვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ახალი რეფორმის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ინიციატივა ყველაზე მეტად მოქალაქეებზე აისახება.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, მედიკამენტების ის, რაოდენობა, რაც ახლა რეფერენტული ფასით განისაზღვრა, საერთო ბაზრის 50%-ია და თანაც მომავალში შესაძლოა, რეფერენტული წამლების რაოდენობა გაიზარდოს, რაც კიდევ უფრო პოზიტიურ ეფექტს მოიტანს.

მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა სექტორში გამოწვევები ჯერჯერობით კიდევ რჩება. სასიამოვნო სიახლის მიუხედავად, არსებოს ეჭვი ახალი ინიციატივა მედიკამენტების დეფიციტს ხომ არ შექმნის ბაზარზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, მედიკამენტების დეფიციტის საშიშროება არ არის, ხოლო საბოტაჟის შემთხვევაში სათანადო გეგმა არსებობს.

“დავადგინეთ ორი ფასი: ცალკე დადგენილი ორიგინალი მწარმოებლებისთვის, ცალკე გენერიკული მედიკამენტებისთვის. ამ ორი ფასის პირობებში ბიზნეს ოპერირების გაგრძელების ინტერესი ექნება, რადგან ზუსტად იგივე მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მუშაობენ. აქედან გამომდინარე, წამლებზე დეფიციტის საშიშროება არ არის და თუ მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა იქნება, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს. არ ვგულისხმობ მთლიანად სექტორს, ანუ საბოტაჟი გულისხმობს კონკრეტული კომპანიების შესაძლო ქმედებას. ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა მზად ვართ და შესაბამისი რეაგირება გვექნება”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საბოტაჟის მცდელობას ადგილი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საწყის ეტაპზეც ჰქონდა, როცა ბიზნესი შესაბამისი ოდენობის მედიკამენტების იმპორტს არ ახორციელდებდა, ხოლო აღნიშნული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდეს მედიკამენტების ბაზარი.

“ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს იმ კუთხით, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად არ მოხდეს ან ხელოვნურად შეიქმნას დეფიციტი. პირდაპირ წერია კანონში, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება შესაძლებელია და საკმაოდ მაღალ ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

ცუდი გამოცდილება გვქონდა თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, ავაწყვეთ მექანიზმი და ძალიან სამწუხარო იქნება თუ დაგვჭირდა მისი გამოყენება. აქედანვე ვაცხადებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ”, - დასძინა აზარაშვილმა.

უკვე, ძალაში შესულ სიახლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს სასიკეთო პროგრამა მედიკამენტების ღირებულებას, საშუალოდ, 40%-ით შემცირებს.

"მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოსახლეობისთვის მედიკამენების ღირებულება მუდმივად პრობლემური იყო. დღევანდელი სიტუაცია კი ნამდვილად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დარგში მოლენები პოზიტიურად მიმდინარეობს და მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ ცვლილებებს.

როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, ახლა მათთვის მთავარია მიცემული დრო გამოიყენონ და პოზიციებს გადახედონ.

„დაწესებულ რეფერენტულ ფასებში, ამ ეტაპზე შესულია 40 მოლეკულა და ეს ჯამში დაახლოებით 1300 მედიკამენტამდეა. შესაბამისად, სახელმწიფომ დააწესა ზღვრული ფასი, როგორც სადისტრიბუციო ნაწილზე, ასევე საცალო გაყიდვებში.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ პერიოდი, რაც ამ ტაპზე გვაქვს მოცემული, ამ დროში მოხდეს ფასების გადამოწმება თავად კომპანიების, დისტრიბუტორ-იმპორტიორების მხრიდან. ეს არის პერიოდი იმისათვის, რომ გასაჩივრდეს კონკრეტული პოზიციები თუ ისინი არ ჯდება ამ რეფერენტულ ზღვარში. გამოდის, რომ ახლა გვაქვს ანალიზის პერიოდი, სამუშაო დაგეგმარებისთვის და იმისათვის, რომ 15 თებერვლამდე დროში მოესწროს ყველაფერი“, - აღნიშნა კოკიაშვილმა და დასძინა, რომ იმის გარდა, რაც სამინისტრომ გაახმოვანა, დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

„ამ ეტაპზე, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა,  დამატებითი დეტალები არ გვაქვს. ძალიან რთულია, ეს არის ახალი რეფორმა და აბსოლუტურად ახალი მოცემულობა ბაზრისთვის. ამ ეტაპზე ჯერ წარმატებით უნდა დაინერგოს, რაც ახლა არის დაანონსებული, გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები და ანალიზი იმისათვის, რომ თუ გადაწყვეტს სახელმწიფო ამ სიის გაფართოებას, შემდგომი ეტაპები, ყველა რისკის, სტატისტიკური მონაცემების და ანალიზის საფუძველზე განხორციელდეს,“ - დასძინა კოკიაშვილმა.

მედიკამენტებზე ზედა ზღვრული ფასის დაწესება არის გზა, რაც მოქალაქეთა დანახარჯის მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს, თუმცა ასევე მნიშნვნელოვანია, რომ ამან ხარიხსზე უარყოფითად არ იმოქმედოს. აღნიშნულ ინიციატივას ექსპერტი ირაკლი სასანიაც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სიახლე მისასალმებელია, რაც ყველაზე კარგად მოსახლეობაზე აისახება.

„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არის ძალიან კარგი და საჭირო ინიციატივა, რაც რა თქმა უნდა დიდი შვება იქნება მოსახლეობისთვის. საჭიროა დაკვირვება რაღაც პერიოდი, მაგალითად, პირველი ორი თვე გვიჩვენებს თუ როგორ რეაგირებს ბიზნესი ახალ მოცემულობაზე და რამდენად ახლოს არის ფასები მათი ოპერირების საშუალებებთან და ა.შ. ისე კი, ნამდვილად მნიშვნელოვანი და სოციალურად ძალიან სერიოზული ნაბიჯია“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ირაკლი სასანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე