"ბაზარზე უძრავი ქონება იმდენად ძვირია, რომ მას ქართველი მომხმარებლის ჯიბე ვერ გაწვდება"
ქეთო გოგოხია
(16.01.2023)

უძრავი ქონების ბაზარზე გაძვირების ახალ ტალღას ელიან. ცვლილება რუსეთის მიერ მობილიზაციის შესაძლო გამოცხადებას უკავშირდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რუსეთმა შეიძლება კიდევ ერთი მობილიზაცია გამოაცხადოს, რაც არსებულ ვითარებას რადიკალურად შეცვლის. ამ ეტაპზე ბინებზე როგორც ქირის, ასევე გაყიდვების სეგმენტში მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა ნარჩუნdება. მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა, რაც მარტიდან მოსალოდნელია, მოთხოვნასა და ფასებზეც არსებით გავლენას მოახდენს, რაზეც სექტორის წარმომადგენლები უკვე ალაპარაკდნენ.

მასშტაბურმა ომმა საქართველოში ისედაც მკვეთრად შეცვალა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე. რუსეთის და ბელარუსის ათასობით მოქალაქის შემოსვლამ განსაკუთრებით ბინის ქირის ფასი გაზარდა – გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქირა 210 პროცენტითაა მომატებული. გაძვირებულია გასაყიდი ფასიც.

რაც შეეხება რეალიზაციას, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლება, გასული წლის შემოდგომაზე მობილიზებული 300 000 ადამიანის გარდა, კიდევ 500 ათასი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა "გარდიანთან" ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. რუსეთს დასჭირდება დაახლოებით ორი თვე იმისთვის, რომ მოამზადოს სამხედრო ფორმირებები, ბრძოლის ველზე წარმატება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად იქნება შეიარაღებული რუსული ჯარი.

რუსეთიდან მოქალაქეების ახალი ნაკადის შემოსვლა საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას და ფასსაც საგრძნობლად გაზრდის, რომელიც რეალიზაციის კლების მიუხედავად, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ კომპანია ,,კიბეს“ დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ ისაუბრა.

,,დღესდღეობით ქირაზე შემცირებულია მოთხოვნა, ვინაიდან კლიენტი არ არის, მაგრამ მესამე ტალღა თუ იქნება და მოთხოვნა გაიზრდება, რა თქმა უნდა, ფასებზეც აისახება. ასეთი ტენდენცია მოსალოდნელია, თუკი რუსეთი მობილიზაციას გამოაცხადებს. ვინც უკვე ჩამოვიდა და დაიქირავა ბინები, არ აპირებენ ქვეყნიდან წასვლას, ნაწილი უკვე ფიქრობს უძრავი ქონების შეძენას, დაქირავება აღარ აწყობს.

ამ დროისთვის სიტუაცია შეცვლილია ბაზარზე, კარგი ბინების მარაგი ამოიწურა, რაც პრობლემა ნამდვილად არის. ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არ არის, ბინის ღირებულება არ შემცირებულა, შიძლება ითქვას არაადეკვატური ფასებია.

რამდენიმე სააგენტო, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ამ ეტაპზე ბინებს, ძირითადად, უცხოელებზე ყიდიან, რომელთაც აინტერესებთ ახალი კორპუსები, ორი ან სამოთახიანი ბინები. ადგილობრივ ბაზარზე უძრავი ქონება იმდენად ძვირია, რომ მას ქართველი მომხმარებლის ჯიბე ვერ გაწვდება, უფრო რუსი და ბელარუსი მოქალაქეები აქტიურობენ“, - განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ საფასო ცვლილებასთან დაკავშირებით ბაზარზე გარკვეული მოლოდინი შეინიშნება და სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.

,,ბუმი, როგორც ასეთი, ახლა არ არის, მაგრამ რუსი მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა ამ მოცემულობას რადიკალურად შეცვლის. ეს მოლოდინი ბაზარზე უკვე შეინიშნება და თუკი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, მოთხოვნაც და ფასიც ერთბაშად მოიმატებს. არის შემთხვევები, როცა ცრუ ინფორმაციაც მომენტალურად ცვლის სიტუაციას.

საუბრობენ, რომ მარტიდან მოიმატებს ფასი. არ ვიცი, სადამდე შეიძლება ბინა ძვირდებოდეს, პიკი იყო უკვე და ამაზე მეტად როგორ უნდა გაძვირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია მოსალოდნელია. მფლობელიც და კლიენტიც ლოგიკურად თუ აზროვნებენ, შესაძლებელია მცირე ფასის კლება ქირის სეგმენტში, ამით სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება, მაგრამ კვლავ დიდია რუსეთის ფაქტორის გავლენა, რის გამოც ბაზარზე არასტაბილურობაა“, - განაცხადა ნელი გოგუაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ბინების შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ უძრავი ქონების ასოციაციის იურისტმა ოთარ კაჭკაჭიშვილმაც ისაუბრა, რომლის ინფორმაციით, დედაქალაქში ტენდენცია მარტიდან მოსალოდნელია. ქირით მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ეტაპობრივად ბინების შესყიდვას იწყებენ, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და ფასზეც შესაბამისად აისახება.

„ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად დროებით ჩამოვიდნენ და ბინები იქირავეს, არათუ უკან დაბრუნებას აპირებენ, არამედ მათ გადაწყვიტეს, აქ შეიძინონ ქონება. პარალელურად, გაჩნდა ტენდენცია, როდესაც ერთი მოქალაქე 4-5 ბინას ყიდულობს და თავის მოქალაქეებზე აქირავებს. ეს ტენდენცია გაგრძელდება და რადგან აქტიური პერიოდი გაზაფხულია, ვფიქრობ, ბინებს მარტის დასაწყისში გააძვირებს. პროცენტულად როგორი იქნება ზრდა, ამის თქმა ჯერ ადრეა“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

მაკლერების თქმით, უძრავი ქონების ფასი თუ კიდევ მოიმატებს, შესაძლოა ქართველებმა ვერც კი შეძლონ ბინების შეძენა, რადგან გაზრდილ ხარჯთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებათ.

,,ბინების გაძვირების ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდიდან დაიწყო, მაგრამ ამას რეალიზაციაზე ხელი არ შეუშლია, ხალხი ყიდვას მაინც ახერხებდა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, ღირებულებაც მომენტალურად ავარდა. ამ ეტაპზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, მაგრამ ფასი დაბლა არ იწევს. მყიდველი კი, ძირითადად, ომს გამოქცეული რუსები არიან. თუკი სხვა ვინმე ყიდულობს ბინას, ფულადი გზავნილის მეშვეობით, მაგრამ ბოლო დროს ემიგრანტების მხრიდანაც შემცირდა მოთხოვნა, ხოლო ადგილობრივი მოქალაქეების შემოსავლებით ბინების ყიდვა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

ვარაუდი თუ გამართლდება და ახალი ნაკადი შემოვა რუსეთიდან, ფასებზეც ავტომატურად იმოქმედებს. არასტაბილურობის განცდაა და არ ვიცით, როდემდე გასტანს ასე. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენით მოიმატებს ფასი, მაგრამ ცვლილება მოსალოდნელია. გააჩნია, რა დონეზე გაიზრდება მოთხოვნა და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს პროცესი. მოთხოვნის ზრდა კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს, თუკი ცვლილება იქნება რუსების ხარჯზე და ქართველებს შეეზღუდებათ ბინებზე წვდომა? ეს ნიშნები ბაზარზე აშკარაა“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ მაკლერმა ვასო გამყრელიძემ.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემით,  რომელიც „ინტერპრესნიუსის" მიერ  გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული,  2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით,  4 390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს, 2 701 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 2 366 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, 2021 წელს კი 4 332 უძრავ ნივთზე - 3 739 მოქალაქის საკუთრების უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე