"თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია"
ქეთო გოგოხია
(26.09.2022)

მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართელოს დაახლოებით 5-7 წელი საკმარისია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დღეს არსებულ დონეს დაუახლოვდეს. გარდა ამისა, 10-11 წელი დაგვჭირდება, რომ საქართველოს მშპ აბსოლუტურ მაჩვენებლებში  ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის  - ბულგარეთის - მშპ-ს გაუთანაბრდეს. მართალია, სიღარიბის პრობლემას ქვეყანა საბოლოოდ ვერ გადაწყვეტს, მაგრამ კეთილდღეობის თანდათან მიღწევა გარანტირებულია.

ქართველი ეკონომისტების გათვლით, 2027-29 წლებისთის ჩვენ გვექნება საშუალო ევროპული ის მაჩვენებელი, რომელიც ადრე ასე შორეული ჩანდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმი, რომ 5-7 წელიწადში საქართველოში სიღარიბე არ იქნება, აშკარად გადაჭარბებულია, თუმცა კეთილდღეობისა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტებში პოზიტიური ცვლილება სავსებით რეალურია. 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება, თუკი მაღალ ეკონომიკურ ზრდას მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში შევინარჩუნებთ. ასეთი განცხადებით იგი  პრემიერის გაეროში გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წამყვან ხუთ ეკონომიკაში შვეიცარიასთან ერთად შედის.

,,ეკონომიკის ზრდის შესახებ შენ ვერავის მოატყუებ, ვერც საკუთარ მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ყველაფერი აისახება ციფრებში და იცით, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება. სტატისტიკური მაჩვენებლებით ჩვენი ეკონომიკა იზრდება. დღეს გვაქვს ის რეალობა, როდესაც არის სიღარიბე, თუმცა თუ მომავალი 6-7 წელი ასეთივე ზრდა გვექნება მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ბუნებრივია, თუკი შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პარალელურად ლარის კურსიც გამყარდება და საქართველოს დერეფანს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, ქვეყანას დადებითი შედეგის მიღწევა არ გაუჭირდება. ვითარება საგრძნობლად იცვლება. ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ცხოვრების დონის მიხედვით 20-25 წელი გვაშორებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ახლა კი ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი ყველა პირობას იძლევა, კეთილდღეობის ინდექსში სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასაწევად ჩვენ დაგვჭირდება არა უმეტეს 7 წელიწადი, ანუ 2029 წლისთვის ბულგარეთის 2021 წლის დონეზე გავალთ.

,,ეკონომიკური განვითარების დონით არც ევროპა არის ერთგვაროვანი. მოსახლეობის 1 სულზე წარმოებული ეროვნული პროდუქტით ყველაზე წინ წასული  ქვეყანაა ლუქსემბურგი, ამ თვალსაზრისით ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლია. ევროკავშირის საშუალო დონეზე რომ გავიდეთ იმ ტემპით, რაც იყო  2018-2021 წლებში, დაახლოებით 20-22 წელიწადი გვაშორებს. თუმცა ბულგარეთის დასაწევად ჩვენ დაგვჭირდება არა უმეტეს 7 წელიწადი, ანუ 2029 წლისთვის ბულგარეთის 2021 წლის დონეზე გავალთ. მაგრამ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ის გულხელდაკრეფილი იქნება და დაგველოდება.

ცხადია, ბულგარეთის განვითარების დონეც გაიზრდება და მას რომ დავეწიოთ, საჭიროა იქნება არსებული ჩამორჩენის დაძლევა. დაახლოებით 10-11 წელი დაგვჭირდება, რომ ჩვენი აბსოლუტური მშპ და ევროკავშირის სუსტი რგოლის მშპ ერთმანეთს გაუთანაბრდეს“, - აღნიშნა არჩვაძემ და დასძინა, რომ რაც მაღალი იქნება ზრდის ტემპი, მით უფრო სწრაფად მოხერხდება სიღარიბის დაძლევა, თუმცა ამ პრობლემის საბოლოო მოგვარება წარმოუდგენელია.

,,სიღარიბე არის აშშ-ში, ამ ქვეყნის ღარიბთა რაოდენობა რიცხოვრებით დაახლოებით იგივეა, რამდენიც მთელი ესპანეთის მოსახლეობის, ანუ დაახლოებით 40 მილიონზე მეტია. ამერიკის ღარიბის მოსახლეობის რაოდენობა 12-15%-მდე მერყეობს სხვადასხვა პერიოდში.

რაც შეეხება საქართველოს, ცხადია, ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობის 1 სულზე ეროვნული პროდუქტის მატების მაჩვენებელი გავზარდოთ, ხაზს ვუსვამ - აბსოლუტური რიცხვი არ ჩამორჩებოდეს ან მეტი იყოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ბულგარეთის მშპ 1 სულზე წლის განმავლობაში თუ მატულობს, ვთქვათ, 300 დოლარით, ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოს მშპ-მაც მოსახლეობის 1 სულზე მოიმატოს არანაკლებ 400 დოლარით, რომ ეს ჩამორჩენა იქნეს დაძლეული“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძეც, რომელიც ვარაუდობს, რომ დაახლოებით 2027 წლისთვის გვექნება საშუალო ევროპული მაჩვენებელი, როგმელიც დღესაა. ექსპორტის მკვეთრი ზრდა, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, იძლევა იმედს, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა ასევე გარანტირებულად მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

,,შარშანაც მაღალი ზრდა გვქონდა და წელსაც ყველა შეფარდებით, აშკარაა, რომ ძალიან მთამბეჭდავი მაჩვენებელი გვექნება. შემიძლია გითხრათ კიდეც, დაახლოებით 9-9,5%-ზე გავალთ, რაც კარგი შედეგია საქართველოსთვის. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით კი, უფრო მეტი ზრდა გვექნება, ვიდრე შარშან იყო. აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებელი ამის მყარ საფუძველს გვაძლევს. მნიშვნელოვანია, თუ როგორია 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ. სწორედ  ამ კუთხით უნდა შევხედოთ და შევედაროთ ევროპის ქვეყნებს, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ამ ორი მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს ნამდვილად ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება მომავალ წლებში - 2027 წლამდე პერიოდში, თავისუფლად შეგვიძლია გავიდეთ ისეთ მაჩვენებელზე, როგორიც დღეს ბულგარეთსა და რუმინეთშია - დაახლეობით 12 500 დოლარი მშპ 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებრივია, არც ევროპული ქვეყნები გაჩერდებიან ერთ ადგილზე, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 2027 წლისთვის გვექნება ის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც დღეს ევროპაშია“, - განაცხადა ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, 2022 წელს თიბისი კაპიტალი მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.6%-ით გაიზრდება. ორგანიზაციის საბაზისო პროგნოზით, ექსპორტის წლიური ზრდა 28% იქნება, ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს 5%-ით გადააჭარბებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზრდება, ხოლო ფულადი გზავნილები წლიურად - 23%-ით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ია, უშუალოდ ივლისში ზრდის მაჩვენებელი კი 9.7% იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე