მინიმუმ ნოემბრამდე ფქვილსა და ხორბალზე ფასი შემცირდება
გვანცა წულაია
(22.09.2022)

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დადებითი ტენდენცია ხორბლის მიმართულებითაც გამოიკვეთა, რაც, პირველ რიგში, უკრაინული დერეფნის ამუშავებას უკავშირდება. ამის პარალელურად რეკორდულად მაღალი მოსავალია რუსეთში. მართალია, ქვეყანაში საბაჟო გადასახადი ისევ მოქმედებს, თუმცა ძალიან შემცირებულია, რაც დღეის მდგომარეობით 45 დოლარს შეადგენს. ამ გარემოებებმა საქართველოში ხორბლის შემოატანა განაახლა და დაახლოებით ორი თვეა ქვეყანა მარცვლეულს რუსეთიდან ისევ ყიდულობს.

მიმდინარე ეტაპზე, რუსეთში მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების შესანახი ელევატორების დეფიციტია, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა წელს რეკორდულ მოსავალს ელიან. როგორც რუსეთის ფერმერთა მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პლოტნიკოვი ამბობს, მარცვლეულით უკვე ყველა საწყობი გადავსებულია და იმის გამო, რომ მოსავალი ჭარბია, მარცვლეული ღია ფართობებზე ინახება. ამას ისიც ერთვის, რომ მიმდინარეობს მზესუმზირის აღება, რომლის შესანახი ადგილიც, პლოტნიკოვის თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია.

„უნდა დაჩქარდეს ახალი საცავებისა და ელევატორების მშენებლობა. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ტექნიკის ლიზინგის მექანიზმი გამოვიყენოთ,“ - განაცხადა პლოტნიკოვმა. ის ერთ-ერთ გამოსავლად ექსპორტის გაზრდას მიიჩნევს. პლოტნიკოვი ამბობს, რომ კარგი მოსავლის ფონზე მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა, 55-60 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

„ჩვენი ქვეყანა მზად არის დიდი ექსპორტისთვის, თუმცა არსებობს ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ამას ხელს უშლის,“ - დასძინა დეპუტატმა, რომელიც მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად საექსპორტო გადასახადს მიიჩნევს და მის გაუქმებას ითხოვს.

19 სექტემბრისთვის რუსეთში 97,3 მლნ ტონა საბუნკერო წონის ხორბალი არის აღებული, რაც გასული წლის ანალოგიური თარიღის მაჩვენებელზე 35,3%-ით მეტია.

რუსეთში რეკორდულად მაღალი მოსავალი და შემცირებული საბაჟო გადასახადი, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყნიდან უფრო მეტი ხორბალი შემოვიტანოთ, თუმცა საბაჟო გადასახადი, რომელიც გაძვირების პირობებში იმპორტზე ხელის შემშლელი ფაქტორია, მიბმულია მსოფლიო ბაზრის ტენდენციასთან.

არსებულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და ხაზს უსვამს, რომ სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე ასეთი ვითარება იქნება და შემცირებული ფასები შენარჩუნდება.

`უკრაინის ხორბლის დერეფანი მუშაობს და რუსეთში არის ჭარბი მოსავალი. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ხორბლი იაფდება, თუმცა უკრაინული ხორბლის დერეფნის მუშაობის პირველი ეტაპი სრულდება ნოემბრის დასაწყისში, მერე თითქოს უნდა გაგრძელდეს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. ამიტომ შეიძლება გარკვეული რისკი გაჩნდეს იმის გამო, რომ რუსეთის მხარემ ამ დერეფნის მუშაობა დაბლოკოს და ასეთ შემთხვევში, სხვა მოცემულობა გვექნება. მანამდე კი, რუსეთში რეკორდული მოსავლის პირობებში და იმის გამო, რომ ქვეყანას იმ რაოდენობით ხორბალი ვეღარ გააქვს, რაც ჰქონდათ დაგეგმილი, ფასები სულ უფრო ეცემა. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე ასე იქნება და ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

გაიაფდა ფქვილის ფასიც, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული. პლუს ხორბლის საექსპორტო ბაჟი რუსეთიდან შემცირებულია. ჯერ კიდევ 2 თვის წინ იყო 1 ტონაზე 100 დოლარზე მეტი და ახლა არის 45 დოლარი. ამ გარემოებამ ამუშავების საშუალება მისცა საშუალო და მცირე წისქვილკომბინანტებს. ქვეყანაში თუ უფრო მეტი ხორბალი შემოვა, ამუშავებაზე დიდი წისქვილკომბინანტებიც იფიქრებენ.

რუსეთში რეკორდულად მაღალი მოსავალი და შემცირებული საბაჟო გადასახადი, რა თქმა უნდა, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთიდან უფრო მეტი ხორბალი შემოვიტანოთ, მაგრამ ეს არის გადასახადი, რომელიც მიბმულია ძალიან ბევრ ფაქტორთან და პირველ რიგში, მსოფლიო ბაზრების ტენდენციასთან.

ბაჟის დაწევამ გარკვეულწილად იმოქმედა და ქვეყანაში ხორბალი შემოვიდა. მაგალითად, წინა თვეში 30 ათასი ტონა მარცვალი მივიღეთ. ახლაც აქტიურობაა, თუმცა რა იქნება მომავალში, პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარეძალიან ძნელი გასათვლელია”, - განაცხადა ლევან სილაგავამ `რეზონანსთან” და დასძინა, რომ მთავრობასთან ფქვილის იმპორტზე გარკვეული დამაბალანსებელი გადასახადის შემოღების შეთავაზება არსებობს.

`ჩვენ მოსაზრება და შეთავაზება გვქონდა მთავრობასთან, რომ რუსეთის გადაწყვეტილებებზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, მათ შორის საექსპორტო ბაჟზე, გარკვეული დამაბალანსებელი გადასახი შემოსულიყო ფქვილის იმპორტზე. ეს გრძელვადიანად წისქვილებს (მათ შორის დიდებს) მუშაობის და დაგეგმვის საშუალებას მისცემდა, რაც ძალიან დადებითი ეფექტის მომტანი იქნებოდა, მათ შორის ფასის, პურის და სასურსათო მარაგის მხრივ. 

ამ მექანიზმის შემოღებაზე მთავრობაში მუშაობა მიდის. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, ფასები დაწეულია და მარაგი უნდა დაგროვდეს. იმპორტული ფქვილისა და ადგილზე გადამუშავებული ხორბლის შედეგად მიღებული ფქვილის ფასი უკვე დაახლოებულია ერთმანეთთან, ამიტომ ახლა შესაძლებელია მარაგის დაგროვება, რომელიც ზამთარს კარგად გადაგვატანინებდა”, - დასძინა `რეზონანსთან” სილაგავამ. 

აღსაღნიშნავია, რომ გუშინ რამდენიმე სახეობის პური გაიაფდა. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა, 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე ფასს 10 თეთრით შეამცირა. ამავე ოდენობით გააიაფებს პურს ქარხანა „თემქა პურიც“.

„შარშანდელთან შედარებით ძალიან განსხვავებული ვითარებაა. თუ გასულ წელს 1 ტონა ხორბლის ღირებულება 500 დოლარი იყო, წელს 240-270 დოლარი ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, წელს განსხვავებულია ფქვილის ფასიც. ასეთ დროს წარმოიშვება ხოლმე კითხვა - რატომ არ დაიკლო პურის ფასმა? ყველაფერს დრო სჭირდება. რამდენიმე მწარმოებელმა უკვე გააკეთა გადაანგარიშება და მაქვს ინფორმაცია, რომ 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე აკლებს 10 თეთრს. გარდა ამისა, „თემქა პურის“ ხელმძღვანელმაც განაცხადა, რომ 10 თეთრს ისინიც ჩამოაკლებენ. რაიონებში პურის ფასი უკვე შემცირებულია.

ახალ წლამდე ფასების მატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო დასტაბილურდება ბაზარი. ალბათ, სხვა მწარმოებლებიც მიბაძავენ „იფქლი დიღომსა“ და „თემქა პურს“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ `ბიზნეს მედიასთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე